ახალი ამბებისაზოგადოება

ოქსფორდში რუსეთის წინააღმდეგ ქართველების საუკუნოვანი პეტიციის ორიგინალს მიაგნეს

23 მარტი, 2018 • 179262
ოქსფორდში რუსეთის წინააღმდეგ ქართველების საუკუნოვანი პეტიციის ორიგინალს მიაგნეს

ოქსფორდის უნივერსიტეტის მიწვეულმა მკვლევარმა, ბექა კობახიძემ და ოქსფორდის უნივერსიტეტის ბოდლიანის ბიბლიოთეკის ორიენტალური განყოფილების უფროსმა ჯილიან ევისონმა ქართველი ხალხის საუკუნოვანი პეტიციის ორიგინალს მიაგნეს რუსეთის წინააღმდეგ.

რას ყვება ბექა კობახიძე ოქსფორდიდან

1907 წელს გაიმართა ჰააგის საერთაშორისო კონფერენცია. მან ბევრი ისეთი საერთაშორისო სამართლებრივი ნორმა დაადგინა, რომელიც დღემდე ძალაშია. ამ კონფერენციისთვის ანარქისტმა და ქართველმა ნაციონალისტმა, თავადმა ვარლამ ჩერქეზიშვილმა დაიწყო “ქართველი ხალხის პეტიციის” შედგენა.

პეტიცია ბრალს სდებდა რუსეთს 1783 წლის გიორგიევსკის ტრაქტატის დარღვევაში, ანექსიაში, 1905-1906 წლებში პოგრომების მოწყობაში გურიის ტერიტორიაზე და ითხოვდა ტრაქტატის მუხლების საფუძველზე საქართველოსთვის პოლიტიკური ავტონომიის მინიჭებას. საჯაროდ ასე იყო ცნობილი, რომ ტექსტი შეადგინა მომავალში ეროვნულ-დემოკრატმა, იურისტმა გოგიტა გვაზავამ.

ჯერ კიდევ 5 წლის წინ ვნახე ოქსფორდის ბოდლიანის ბიბლიოთეკაში, რომ ტექსტის რედაქტირებაზე და მისთვის საბოლოო სახის მიცემაზე მუშაობდა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ოლივერ უორდროპი. მან ისიც მოახერხა, რომ ტექსტი მოხვედრილიყო კონფერენციის მონაწილეთა მაგიდაზე, მაგრამ საკუთარ მონაწილეობას, გასაგებ მიზეზთა გამო, ბოლომდე ასაიდუმლოებდა.

ვარლამ ჩერქეზიშვილმა ასე შეაფასა ეს მოვლენა: “ასი წლის შემდეგ პირველად იყო, რომ ქვეყნიერებამ საქართველოზე დაილაპარაკა.”

სამიათასამდე ხელმოწერა ჰქონდა ტექსტსო, გადმოცემით ვიცოდით, მაგრამ სად იყო ეს ხელმოწერები არ გვენახა. 2013 წელსაც ვეძებდი და ვერ ვიპოვე ოქსფორდში.

როგორც ხდება ხოლმე, არასწორი სახელით აღმოჩნდა კატალოგიზირებული.

ახლა კიდევ ერთხელ მოძებნა მთხოვა ბატონმა ოთარ ჯანელიძემ და ისევ ვერ მოვძებნიდი, რომ არა ჯილიან ევისონი, რომელიც ამ კოლექციას კურირებს და იცის სად რა ეშმაკი შეიძლება იყოს დამალული. თავიდან ვერც მან მოძებნა, მაგრამ განმეორებითი და განმეორებითი ძებნის შემდეგ მივაკვლიეთ.

25 ფურცელი, ხელმოწერებით სავსე. ეს არის ქართველი ხალხის პეტიცია, ნამდვილად, ამ პრინციპითაც შედგა ის:

  1. არც ერთი პოლიტიკოსის და პოლიტიკურად აქტიური ადამიანის ხელმოწერა ზედ არ არის;
  2.  საზოგადო და კულტურულ მოღვაწეთა უმრავლესობა (ოცხელი, ვუკოლ ბერიძე, მიხეილ ჯავახიშვილი, კოტე მაყაშვილი და ა.შ.), მღვდლები (კარბელაშვილები), მუშები, გლეხები, მასწავლებლები, თავადაზნაურობა ლამის სრული შემადგენლობით, მრეწველები და “ახალშობილი” ქართული ბურჟუაზია;
  3. სხვადასხვა ზომისა და ფორმის ფურცლებზეა ხელმოწერები გაკეთებული, რეგიონული პრინციპით. ცალკეა კახეთის ხელმოწერები, ცალკე იმერეთის და ა.შ.

წარმოიდგინეთ, რამხელა შრომა და რისკია ამ ყველაფერში ჩადებული:

ცარისტული რუსეთის პირობებში ეს ხალხი დადიოდა მთელი საქართველოს გარშემო და აგროვებდნენ ხელმოწერებს;

  1. გლეხს და მუშას თუ ცოტა რამ ჰქონდა დასაკარგი, აი თავადაზნაურები და მრეწველები, მასობრივად, რისკის ქვეშ აყენებდნენ საკუთარ სოციალურ სტატუსსა და პრივილეგიებს, რადგან მათი ხელმოწერები უნდა წარედგინათ რუსეთის წინააღმდეგ, საერთაშორისო კონფერენციისთვის; (ახლა რობიკო სტურუა და სხვა ინტელიგენტნი აგროვებენ ხელმოწერებს რუსეთის სასარგებლოდ, მაგრამ ეს ცალკე საკითხია);
  2. ვინც ფრანგულად ან ინგლისურად საუბრობდა (ასეთი ძალიან ცოტა იყო), მათ ხელი ლათინური ანბანით მოაწერეს, დანარჩენებმა ქართულად. არც ერთი რუსულენოვანი ხელმოწერა არ არის;
  3. ამ ტექსტს უკეთებდნენ ინტერნაციონალიზაციას: ჩართეს უორდროპი, ჩართეს დასავლური პრესა და თქვენ წარმოიდგინეთ მაშინდელი საერთაშორისო ფემინისტური მოძრაობა ნანი დრაიჰარსტის მეთაურობით.

ხომ არაფერი ყოფილა შედეგი, ამას საქართველოს გათავისუფლება არც მოჰყოლია და ვერც მოყვებოდა, მაგრამ თვითონ კმაყოფილები იყვნენ, რომ მაქსიმუმი გააკეთეს და “ასი წლის შემდეგ პირველად იყო, რომ ქვეყნიერებამ საქართველოზე დაილაპარაკა.”

ეს ხელმოწერები გვეუბნება, რომ ეროვნული თავისუფლებების მნიშვნელობა, ელიტურ ჯგუფებში მაინც, იმაზე მაღლა იყო, ვიდრე ხშირად გვგონია. სოციალური ისტორიის შესასწავლადაც საინტერესო აღმოჩენაა.

მაგრამ, ჩემი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც მეხსიერების პოლიტიკისა და მუზეუმისთვის არის ეს დოკუმენტი:

  1. მასზე ყველა მეორე ქართველს შეუძლია საკუთარი გვარის ამოკითხვა და მერე იმ ამბავში ჩაძიება, რომ მისი ესა და ეს წინაპარი 111 წლის წინ ჰააგის კონფერენციისთვის წარსადგენ პეტიციას აწერდა ხელს და ამით დიდ რისკს სწევდა;
  2. კარგი იქნებოდა ოკუპაციის მუზეუმში ერთი დიდი მემორიალური კედლის გაკეთება, სადაც ამ სახელებს და გვარებს ჩამოვწერდით. ხალხი მოვიდოდა და კედელზევე დაიწყებდა თავიანთი წინაპრების ძიებას, გადმოცემული ამბების მოყოლას… აქ შეიძლება ბევრი სხვა ინფორმაციაც წამოვიდეს ოჯახებიდან, რომელსაც ისინი დღემდე ყურადღებას არ აქცევდნენ.

ოქსფორდში ქართველი ხალხის საუკუნოვან პეტიციას მიაგნეს რუსეთის წინააღმდეგ © ბექა კობახიძე, ოქსფორდის უნივერსიტეტის მიწვეულმა მკვლევარი

განახლება: ნეტგაზეთზე გამოქვეყნებულ სტატიას ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ოქსფორდის უნივერსიტეტის მიწვეული მკვლევარის განცხადებით, ძალიან კარგია, რომ ასეთი ინტერესი გამოიწვია რუსეთის წინააღმდეგ პირველი ქართული პეტიციის ამბავმა, რადგან ბევრმა პირველად გაიგო პეტიციის თაობაზე, დაინტერესდა და თანამედროვე ვითარებას შეადარა. მისი თქმით, მალე პირველად ვნახავთ გვარებსა და ხელმოწერებს. მიუხედავად ამისა, ბექა თხოვნით მიმართავს მკითხველს, გმირობას და რაიმე სენსაციას ნუ დააბრალებენ.

ბექა კობახიძის პოსტი გამოხმაურებებზე

გუშინ დავწერე პოსტი, გუშინვე ძალიან გავრცელდა. დღეს გავიღვიძე და საერთოდ საგიჟეთი დამხვდა, ლამისაა გმირობა დამაბრალონ. დიდი მადლობა ყველას თბილი სიტყვებისთვის, მაგრამ არც ვალაიქებ და არც შევიფერებ.

ეს იყო ფეისბუქ პოსტი და ცხადია მასზე სქოლიოები და სამეცნიერი წიაღსვლები არ გამიკეთებია, წარმოდგენა არ მქონდა ასეთი ამბავი თუ მოყვებოდა.

მეცნიერებას სძაგს სენსაციოლოგია და კიდევ უფრო სძაგს რაღაცეების საკუთარ თავზე მიწერა. ამ ყველაფრის კატეგორიული წინააღმდეგი თავად ვარ, ამიტომ კარგად უნდა განვმარტო:

  • 1. შეიძლება არაისტორიკოსების ნაწილმა არ იცოდა, რომ ასეთი პეტიცია საერთოდ არსებობდა. ისტორიკოსებმა ეს ვიცოდით ყოველთვის და ისიც ვიცოდით, რომ ზედ დაახლოებით სამი ათასამდე ხელმოწერა იყო. ასევე, წაკითხული გვქონდა პეტიციის ტექსტი. უბრალოდ ეს ხელმოწერები საჯარო მიმოქცევაში არ ყოფილა შემოსული;
  • 2. არც მე მქონდა ეს ხელმოწერები ნანახი, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ არავის ჰქონდა. თავად პეტიციის ავტორებს ჰქონდათ თავის დროზე ნანახი; შემდეგ დავიდ ბარეტს, ვინც შეადგინა ამ კოლექციის კატალოგი, მასაც აუცილებლად ჰქონდა ნანახი; 1993 წელს გურამ შარაძემ დაწერა, რომ ვნახეო; ნიკოლოზ ალექსიძის წიგნი გამოვა მალე, სადაც ისიც ახსენებს, რომ არსებობს ასეთი ხელმოწერები და ინახება აქა და აქ. ეს რაც დადასტურებულად ვიცით, რომ ჩემამდე ვინც ნახა;
  • 3. თუმცა, როგორც გითხარით, საჯარო სივრცეში არ გამოსულა არასდროს და ადამიანებს, მათ შორის ისტორიკოსებს, არასდროს ჰქონიათ შესაძლებლობა გასცნობოდნენ ზედ დატანილ სახელებსა და გვარებს. არ გაკეთებულა სამეცნიერო ანალიზი ამასთან დაკავშირებით.

სადაც პიონერობა შეიძლება დამბრალდეს არის ის, რომ მომდევნო დღეებში ერთ-ერთი გამოცემა სრულად დადებს ამ ხელმოწერებს და თქვენ შეგეძლებათ იქ მოძებნოთ თქვენი გვარის ხალხი, წინაპრები და ა.შ.

  • 4. მე აქ ჩემი მონოგრაფიის დასაწერად ვარ (პარიზი 1919-1920: საქართველოს დამოუკიდებლობა დასავლეთის პოლიტიკაში) და ჰააგა არ არის ჩემი ამჟამინდელი კვლევის ობიექტი. მადლობა მინდა ვუთხრა ბატონ ოთარ ჯანელიძეს, რომელმაც მთხოვა კიდევ ერთხელ მეცადა ხელმოწერების მოძებნა.

შედეგი ძალიან კარგია, რომ ამხელა ინტერესი გამოიწვია, ბევრმა პირველად გაიგო პეტიციის თაობაზე, დაინტერესდა, თანამედროვე ვითარებას შეადარა. ახლა ვნახავთ პირველად გვარებსა და ხელმოწერებს. მაგრამ ძალიან გთხოვთ, ნურავითარ სენსაციას, გმირობას და ა.შ. ნუ დამაბრალებთ.

მადლობა კიდევ ერთხელ.

ამავე თემაზე გირჩევთ:

რუსეთის საწინააღმდეგო საუკუნოვან პეტიციაზე ხელმომწერები – სიის ნაწილი

მასალების გადაბეჭდვის წესი