ახალი ამბები

ზვიად დევდარიანთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება ადევნების მუხლით დაიწყო

23 მარტი, 2018 • 1826
ზვიად დევდარიანთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება ადევნების მუხლით დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტში ზვიად დევდარიანთან დაკავშირებით გამოძიება ადევნების ფაქტზე დაიწყო საქართველოს სსკ-ს 151-ე პრიმა მუხლით.

სისხლის სამართლის კოდექსით ადევნება არის პირადად ან მესამე პირის მეშვეობით პირის, მისი ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავის უკანონო თვალთვალი, ან არასასურველი კომუნიკაციის დამყარება ტელეფონის, ელექტრონული ან სხვა საშუალებით, ან ნებისმიერი სხვა განზრახი ქმედება, რომელიც სისტემატურად ხორციელდება და იწვევს პირის ფსიქიკურ ტანჯვას და პირის ან მისი ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავის მიმართ ძალადობის გამოყენების ან ქონების განადგურების საფუძვლიან შიშს, რაც პირს ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლას აიძულებს ან მისი მნიშვნელოვნად შეცვლის რეალურ საჭიროებას უქმნის.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ადევნება ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

ზვიად დევდარიანის არაერთმა ქალმა დაადანაშაულა სექსუალურ შევიწროებაში, თუმცა დევდარიანი ბრალდებებს უარყოფს. შს მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერით განაცხადა, რომ ზვიად დევდარიანის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიებას დაიწყებდა.

მისივე განმარტებით, როდესაც მსხვერპლები და მით უმეტეს ქალები სექსუალური შევიწროვების ფაქტებზე საუბრობენ, შსს თავს ვალდებულად თვლის გამოძიება დაიწყოს.

“დავკითხავთ იმ ადამიანებს, მსხვერპლებს,  რომლებმაც ამასთან დაკავშირებით განცხადებები გაავრცელეს, ყველა იმ ადამიანს, ვინც შეიძლება ინფორმაციას ფლობდეს და შემდგომ უკვე მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებას,”- აღნიშნა მან.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი