ახალი ამბები

სასამართლოში რეპუტაციის შელახვაზე ზვიად დევდარიანის საჩივრის განხილვა დაიწყო

20 ოქტომბერი, 2022 • 782
სასამართლოში რეპუტაციის შელახვაზე ზვიად დევდარიანის საჩივრის განხილვა დაიწყო

თბილისის საქალაქო სასამართლოში დაიწყო CIDA-ს ყოფილი ხელმძღვანელის, ზვიად დევდარიანის სარჩელის განხილვა  პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ცნობების უარყოფასთან დაკავშირებით . მოსამართლის გადაწყვეტილებით სხდომები დახურულ რეჟიმში გაიმართება.

დევდარიანმა სარჩელი 12 ადამიანის წინააღმდეგ შეიტანა, მათ შორის, როგორც მოპასუხე მხარის ადვოკატი, ანა აბაშიძე განმარტავს, არიან სექსუალური შევიწროების ოთხი მსხვერპლი და აქტივისტები, ვინც ამ საკითხზე საჯაროდ საუბრობდა.

“ეს არის უმნიშვნელოვანესი პროცესი, ერთი მხრივ, ამ სასამართლო გადაწყვეტილებით ქალთა მოძრაობა და ქალთა აქტივიზმი ან დასრულდება, რასაც მიჰყვება სახალხო დამცველის აპარატის ფუნქციის საერთოდ გადახედვა, კონსტიტუციური ორგანოს ფუნქციის გადახედვა, ან მოსამართლე იტყვის, რომ დიახ, ადამიანებს აქვთ უფლება ისაუბრონ იმაზე, რაც აწუხებთ, წავიდნენ ამ უფლების დასაცავად (რაც გააკეთეს).

ამ ადამიანების უფლების მხარდაჭერისთვის მომუშავე ორგანიზაციები გამოხატვის მაღალი ხარისხით სარგებლობენ, რათა გამოხატონ სოლიდარობა და მხარდაჭერა ასეთი გოგოების მიმართ”, — განმარტავს აბაშიძე “ნეტგაზეთთან”.

ერთ-ერთი მოპასუხის, იდა ბახტურიძის შეფასებით, დევდარიანის სარჩელი უფლებადაცვითი საქმიანობის შეზღუდვის წინააღმდეგაა მიმართული და პირდაპირ ეხება გამოხატვის თავისუფლებას, რადგან მოპასუხეებს შორის არიან მედიის წარმომადგენლებიც.

“სახალხო დამცველის გადაწყვეტილებით, დევდარიანი არის სექსუალური შემვიწროებელი და ჩვენს საჯარო პოზიციებში ამაზე მეტი არაფერი გვითქვამს. ის საჯარო ფიგურა იყო და სახალხო დამცველის მხრიდან იყო დასახელებული [საზოგადოებრივი მაუწყებლის] ბორდის სავარაუდო წევრად.

ჩვენ, როგორც უფლებადამცველები, რომელთანაც მოვიდა კონკრეტული ინფორმაცია კონკრეტული შევიწროების ფაქტებზე, ვალდებული ვიყავით, რომ ამაზე საჯაროდ გვესაუბრა, როგორც საჯარო პირის მიმართ, რომელიც კონკრეტულ პოზიციაზე იყო წარდგენილი და გვქონდა პირველი პირებისგან, ქალებისგან კონკრეტული ინფორმაცია. ჩვენი ვალდებულება შევასრულეთ და, როგორც უფლებადამცველების ნაწილი, ვალდებული ვიყავით, ამ ინფორმაციაზე საჯაროდ გვესაუბრა”, – განმარტავს ბახტურიძე.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე მოსარჩელე მხარემ პროცესის დახურვა მოითხოვა, მოპასუხე მხარე კი მხოლოდ იმ ნაწილის დახურვას ითხოვდა, რომლის ფიგურანტებიც სახალხო დამცველის მხრიდან ზვიად დევდარიანის მიერ სექსუალური შევიწროების მსხვერპლებად არიან მიჩნეული. საბოლოოდ, მოსამართლე ქეთევან კუჭავამ პროცესების დახურვის გადაწყვეტილება მიიღო.

ანა აბაშიძის თქმით, პროცესის დახურვა მნიშვნელოვანი იყო იმ გოგოების ნაწილში, რომელთაც თავიდანვე ითხოვეს კონფიდენციალურობა, თუმცა, მისი შეფასებით, ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ პროცესი საჯარო ყოფილიყო აქტივისტების ნაწილში, რადგან “სცოდნოდა საზოგადოებას, რა სტანდარტს განიხილავს სასამართლო”.

პროცესის ნაწილობრივ საჯაროობას ეთანხმებოდნენ მოპასუხე აქტივისტებიც:

“ჩვენი ნაწილი რომ ყოფილიყო საჯარო, იმიტომ ვითხოვდით, რომ მნიშვნელოვანი საჯარო ინტერესი არსებობს ამ საქმის მიმართ. ყველა ის პოზიცია, რაზეც გვედავება, ეს იყო საჯაროდ წარმოდგენილი და ვთვლით, რომ ჩვენი ნაწილი არ უნდა დახურულიყო, მაგრამ სასამართლომ სხვა გადაწყვეტილება მიიღო, მთლიანად დახურა პროცესი, როგორც მსხვერპლების, ასევე, უფლებადამცველების პროცესში”, – განმარტა ბახტურიძემ “ნეტგაზეთთან”.


ზვიად დევდარიანი, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაცია “სიდას” ხელმძღვანელობდა, 2018 წლის გაზაფხულზე ქალების სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულეს.

რამდენიმე ქალთან, რომლებმაც ზვიად დევდარიანის მხრიდან შევიწროებაზე კონფიდენციალურად ისაუბრეს, “ნეტგაზეთმაც” ჩაწერა ინტერვიუ. რამდენიმე ისტორია გამოაქვეყნა “ქალთა მოძრაობამ” და “ტაბულამ”. დევდარიანი ბრალდებებს უარყოფს.

“ქალთა მოძრაობის” ცნობით, დევდარიანის მხრიდან სექსუალური შევიწროება სახალხო დამცველმა სამ საქმეზე დაადგინა.

მასალების გადაბეჭდვის წესი