მარგველაშვილმა ლუკაშენკოს ნაჩუქარი ტრაქტორი სახელმწიფოს უნდა გადასცეს

კანონის მიხედვით, ლუკაშენკოს ნაჩუქარი ტრაქტორი პრეზიდენტმა მარგველაშვილმა სახელმწიფოს უნდა გადასცეს.

ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ გიორგი მარგველაშვილს “ბელარუსი 152” მინი ტრაქტორი აჩუქა. ტრაქტორი სამიწათმოქმედო, მუნიციპალური და ინდუსტრიული სამუშაოებისთვისაა განკუთვნილი.

საქართველოში მისი ფასი 6 500 აშშ დოლარია, რაც ვალუტის დღევანდელი კურსის მიხედვით  15 795 ლარია.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტმა ნინო ცუხიშვილმა გვითხრა, რომ პრეზიდენტს მიღებული საჩუქარი ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო მომსახურების სააგენტოს უნდა გადასცეს, რადგან კანონის მიხედვით, საჩუქრის დატოვების უფლება არ აქვს.

იურისტმა განმარტა, რომ კანონი “საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ” ავალდებულებს საჯარო მოხელეებს, რომ ერთჯერადად მიღებული საჩუქარი საჯარო მოხელის წლიური ხელფასის 5%-ს არ უნდა აღემატებოდეს.

საჯარო სამსახურის ბიუროს ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, გიორგი მარგველაშვილის წლიური ანაზღაურება 82 800 ლარია. შესაბამისად, მიღებული ტრაქტორის ფასი პრეზიდენტის წლიური ანაზღაურების 19% არის.

“ნეტგაზეთი” პრეზიდენტის ადმინისტრაციას დაუკავშირდა, სადაც განგვიცხადეს, რომ ისინი საჯარო სამსახურის ბიუროს მიმართავენ და მისი რეკომენდაციის მიხედვით იმოქმედებენ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მიშა მეფარიშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2010 წლიდან. აშუქებს კულტურის პოლიტიკის, ადამიანის უფლებების საკითხებს და სხვა მიმდინარე თემებს. Email: mishameparishvili@gmail.com