სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია მნიშვნელოვნად მიიჩნევს პარლამენტმა მხარი დაუჭიროს გენდერული კვოტების კანონპროექტს, რომელსაც საქართელოს პარლამენტი დღეს, 23 მარტს პლენარულ სესიაზე გენდერული კვოტირების შესახებ კანონპროექტის განიხილავს.
სახალხო დამცველი იმედოვნებს, რომ საქართველოს პარლამენტი მხარს დაუჭერს ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის გაზრდისკენ მიმართულ ინიციატივას.
სახალხო დამცველის აზრით, საზოგადოებამ, 37 000 ამომრჩევლის ხელმოწერით, ნათლად გამოხატა ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის გაზრდის მნიშვნელობა და ახლა ისტორიული ნაბიჯი საქართველოს პარლამენტმა უნდა გადადგას.
“სამწუხაროდ, საქართველოში კვლავ გამოწვევას წარმოადგენს პოლიტიკურ ცხოვრებაში ქალთა მონაწილეობის მაჩვენებელი, ამასთან, პრობლემად რჩება სახელმწიფოს მხრიდან განხორციელებული ინიციატივების სიმწირე და პოლიტიკური პარტიების არასაკმარისი ნება, ქალთა დაწინაურების ხელშეწყობისათვის. შედეგად, გადაწყვეტილების მიღების დონეზე ქალთა დაბალი მონაწილეობა ნეგატიურად აისახება გენდერულად მგრძნობიარე პოლიტიკის ადვოკატირების პროცესზე და ხელს არ უწყობს გენდერულად დაბალანსებული პოლიტიკის განხორციელებას”,- ნათქვამია განცხადებაში.
2017 წლის გენდერული უთანასწორობის გლობალური ინდექსის მიხედვით, საქართველო ქალთა პოლიტიკური მონაწილეობისა და პარლამენტში ქალთა წარმომადგენლობის მაჩვენებლით 144 ქვეყანას შორის 114-ე ადგილზეა. პარლამენტთაშორისი კავშირის მონაცემების მიხედვით, საქართველო 2017 წლის 1 მარტის მდგომარეობით, 193 ქვეყანას შორის 124-ე ადგილს იკავებს, 24 ქალით პარლამენტში.