ახალი ამბები

არჩილ ტატუნაშვილს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალავენ

22 მარტი, 2018 • 1386
არჩილ ტატუნაშვილს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალავენ

არჩილ ტატუნაშვილს შაბათს, 24 მარტს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალავენ. ამის შესახებ ინფორმაცია “ნეტგაზეთს” თავდაცვის სამინისტროში დაუდასტურეს.

როგორც უწყებაში აღნიშნავენ, არჩილ ტატუნაშვილს წეროვანის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიიდან შაბათს გამოასვენებენ.

არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროდან ოჯახში გუშინ გადაასვენეს. მისი ცხედარი ქართულ მხარეს 20 მარტს, წითელი ჯვრის მისიის შუამავლობით გადასცეს. მას ექსპერტიზა სამხარაულის ბიუროში ჩაუტარდა. როგორც წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრი „ემპათია” არჩილ ტატუნაშვილის ექსპერტიზასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ წინასწარი ინფორმაციით, ტატუნაშვილის სხეულზე წამების კვალი აღინიშნება.

საქართველოს მოქალაქეები, არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის წარმომადგენლებმა 2018 წლის 22 თებერვალს დააკავეს. ოსური მხარის ცნობით, დაკავებულმა არჩილ ტატუნაშვილმა წინააღმდეგობა გაუწია სამართალდამცავებს, რის გამოც მის წინააღმდეგ ძალის გამოყენება გახდა საჭირო. ოსური მხარის განცხადებით 35 წლის არჩილ ტატუნაშვილი “23 თებერვლის ღამეს ცხინვალის იზოლატორის კიბეზე დაგორდა და ცხინვალის საავადმყოფოში “გულის უკმარისობით” გარდაიცვალა. ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემა თითქმის ერთი თვე გაჭიანურდა. ქართული მხარე მიიჩნევს, რომ აღნიშნული იმიტომ გაკეთდა, რომ მისთვის ექსპერტიზის ჩატარება გართულებულიყო.

ოსური მხარის ცნობით, “რუსულმა დამოუკიდებელებმა ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ტატუნაშვილი მწვავე გულის უკმარისობისგან გარდაიცვალა, და გარდა ამისა, მას ჰქონდა ღვიძლის ციროზი და ქრონიკული ჰეპატიტი. ასევე, მის სხეულზე, ქვედა და ზედა კიდურებზე აღინიშნება იარები და ჩალურჯებები, რომელიც ჯანმრთელობისთვის მიყენებულ მსუბუქ დაზიანებად კვალიფიცირდება”

მასალების გადაბეჭდვის წესი