ახალი ამბები

ვინ გაემგზავრება საქართველოს პრეზიდენტის სტატუსით ვილნიუსის სამიტზე

14 ოქტომბერი, 2013 •
ვინ გაემგზავრება საქართველოს პრეზიდენტის სტატუსით ვილნიუსის სამიტზე

როგორც მარგველაშვილმა “რუსთავის 2″–ის გადაცემა “პოსტსკრიპტუმს” განუცხადა, სააკაშვილის ოცნებაა, რომ არჩევნებში გამარჯვებული კანდიდატის საკითხი პირველი ტურში არ გაირკვეს და გარდამავალი პერიოდი წარმოიშვას, მაგრამ “ქართული ოცნების” კანდიდატის განცხადებით, ეს ასე არ მოხდება და ყველაფერი პირველივე ტურში გადაწყდება მის სასარგებლოდ. როგორც ცნობილია, მეორე ტურის დანიშვნის შემთხვევაში, საარჩევნო პროცესი რამდენიმე კვირით გახანგრძლივდება. მეორე ტური, სავარაუდოდ, დეკემბრის დასაწყისში ჩატარდება, რაც ნიშნავს იმას, რომ ვილნიუსის სამიტის გამართვის პერიოდში პრეზიდენტი კვლავ მიხეილ სააკაშვილი იქნება.

 

“17–ში პროცესი უკვე დამთავრებული იქნება. [ვილნიუსის] სამიტი ნოემბრის ბოლოს არის და, ბუნებრივია, მე იქ ვიქნები”, – განაცხადა მარგველაშვილმა.

 

“საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” წარმომადგენელი ლელა ტალიური, რომელიც საარჩევნო საკითხებზე მუშაობს, “ნეტგაზეთთან” საუბარში განმარტავს, რომ საარჩევნო კოდექსის მიხედვით, ცესკო კენჭისყრიდან არაუგვიანეს მე-20 დღისა თავის სხდომაზე აჯამებს არჩევნების შედეგებს საარჩევნო ოლქების მიხედვით და აფორმებს შემაჯამებელ ოქმს, რომელიც მტკიცდება ცესკოს განკარგულებით. გამომდინარე იქიდან, რომ არჩევნები 27 ოქტომბერს ტარდება, ადვოკატის განცხადებით, ცესკოს შედეგების დაჯამებისთვის ბოლო ვადა 16 ნოემბერს აქვს, თუმცა მას შეუძლია 20–დღიანი ვადით სრულად არც ისარგებლოს და შემაჯამაბელი ოქმი უფრო ადრე დაამტკიცოს. იურისტის განცხადებით, ცესკოს მიერ ამა თუ იმ კანდიდატის გამარჯვებულად გამოქვეყნება არ ნიშნავს იმას, რომ ეს კანდიდატი უკვე პრეზიდენტია. 

 

“პრეზიდენტის უფლებამოსილება წარმოიშვება ფიცის დადების მომენტიდან. ცესკოს მიერ დაჯამება სამართლებრივად პრეზიდენტად ცნობას არ ნიშნავს, ის არის გამარჯვებულის გამოვლენა. ფიცის დადებიდან კი სამართლებრივად წარმოიშვება მისი, როგორც პრეზიდენტის უფლებამოსილება და მოვალეობა”.

საქართველოს კონსტიტუციის 71–ე მუხლის მე–2 პუნქტის თანახმად, ფიცის დადების, იგივე ინაუგურაციის ცერემონიალი “იმართება პრეზიდენტის არჩევის დღიდან მესამე კვირადღეს. პრეზიდენტის უფლებამოსილება წყდება ახალარჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე”.

კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე, რომელიც საპარლამენტო უმრავლესობის წევრია, “ნეტგაზეთთან” საუბარში განმარტავს, რომ  კონსტიტუციაში ჩაწერილი მესამე კვირადღე უშუალოდ არჩევნების ჩატარების დღიდან, ანუ 27 ოქტომბრიდან უნდა გადაითვალოს, რაც იმას ნიშნავს, რომ კონსტიტუციის თანახმად, ინაუგურაცია 17 ნოემბერს ჩატარდება: 27 ოქტომბერი კვირადღეა, საიდანაც  რიგით მესამე კვირა სწორედ 17 ნოემბერს უწევს.

 

“ნეტგაზეთის” კითხვას, რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ არჩევნებში გამარჯვებული კანდიდატის ვინაობა 17 ნოემბრისთვის ჯერ კიდევ არ იქნება ცნობილი, ანუ გამარჯვებულის გამოსავლენად მეორე ტური გახდება საჭირო, ხმალაძე პასუხობს:

 

“ახლა თქვენ დასვით კითხვა, როგორ შეიძლება შეიქმნას პრობლემა. რატომღაც ამ ნორმის დამწერებს, როცა ამას წერდნენ, არ უფიქრიათ იმაზე, რომ შესაძლებელია მეორე ტური გახდეს საჭირო. ამან შეიძლება შექმნას პრობლემა.  ვთქვათ, პირველი ტურის შედეგების ნაწილი გასაჩივრდა, ამას აქვს თავისი დრო, რაშიც გადაწყვეტილება უნდა იქნეს მიღებული. ამის მერე შეიძლება აღმოჩნდეს საჭირო მეორე ტური, ამის დანიშვნასაც რაღაც ვადა სჭირდება… აი, ამ ვადამ მერე უკვე შეიძლება შექმნას პრობლემა მეორე ტურის შედეგების დათვლისას, იმასაც ხომ დრო სჭირდება, იქაც ხომ შეიძლება, რომ რაღაც გასაჩივრდეს, ამიტომ შეიძლება შეიქმნას პრობლემა სამ კვირაში ამ ყველაფრის ჩატევის თვალსაზრისით. მეორე ტურის გარეშე პრობლემა არ იქნება. პრობლემაში ვგულისხმობ ვადების დაცვის შესაძლებლობას”, – ამბობს იგი.

 

კითხვას, თუ ვერ მოხერხდება იმ ვადის დაცვა, რაზეც იგი საუბრობს, ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ კონსტიტუცია დაირღვევა, ხმალაძე პასუხობს:

 

“შეიძლება, მაგრამ მოდით, რა, სანამ რამე არ მოხდება, მანამამდე პანიკას ნუ ავწევთ. ჩემი რჩევა იქნება ეს”, – აცხადებს იგი.

როგორია ვილნიუსის სამიტთან დაკავშირებით პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გეგმები, აპირებს თუ არა იგი სამიტზე გამგზავრებას და რა სტატუსით? – ამ საკითხებზე სასაუბროდ “ნეტგაზეთი” მიხეილ სააკაშვილს პრესსპიკერ მანანა მანჯგალაძეს დაუკავშირდა, რომელმაც აღნიშნა, რომ პრეზიდენტს აქვს გარკვეული გეგმები ამის თაობაზე და განცხადებას მოგვიანებით თვითონვე გააკეთებს:

 

“ამ ეტაპზე კომენტარისაგან თავს შევიკავებ, ამიტომ ვერც უარვყოფ და ვერც დავადასტურებ [აპირებს თუ არა სააკაშვილი ვილნიუსში გამგზავრებას]”, – ამბობს მანანა მანჯგალაძე “ნეტგაზეთთან საუბარში.

 

2008 წელს რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები 5 იანვარს ჩატარდა, თუმცა ცესკომ შედეგები უკვე 13 იანვარს გამოაქვეყნა, ხოლო ინაუგურაცია 20 იანვარს გაიმართა.

მასალების გადაბეჭდვის წესი