„მოგესალმებით ქუთაისელელებო, მივესალმები ჩემს საყვარელ იმერეთს, ჩემს მშობლიურ იმერეთს მივესალმები. ქუთაისს, უსაზღვრო სიყვარულის, მეგობრობის, ნიჭიერების, პოეზიის ქალაქს მივესალმები. პირველად ქუთაისში გამოვედით და ჩავატარეთ აქცია, უდიდესი მუხტი მივიღეთ ქუთაისიდან, რომელიც მთელ საქართველოს გადედო. თქვენ მე მენდეთ და მეც არ გაგიმტყუნეთ. მე მადლობა მინდა გადაგიხადოთ იმ ნდობისათვის, რომელიც აღმომიჩინეთ 1 წლის წინ და მადლობა მინდა გადაგიხადოთ მომავლისთვის, თქვენ გამოიჩენთ ნდობას და მხარს დაუჭერთ გიორგი მარგველაშვილს,“ – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა სიტყვით გამოსვლისას.
მისივე თქმით, მოქალაეებს წინაპრების დიდმა კულტურამ, გენეტიკამ და გონიერებამ მოახერხებინა ის, რომ ხელისუფლება არჩევნებით შეიცვალა:
„სიცრუე და ძალადობა მძვინვარებდა ქვეყანაში, მაგრამ ქართველი კაცის დიდმა კულტურამ, ჩვენმა დიდმა გონიერებამ, ჩვენი დიდი წინაპრის დიდმა გენეტიკამ მოგვახერხებინა ის, რომ ძალიან რთულ სიტუაციაში ჩვენ მოვახერხეთ და უსისხლოდ და მშვიდობიანად გავისტუმრეთ ჩვენი მოძალადე და სიცრუეზე დამყარებული ხელისუფლება”.
პრეზიდენტობის კანდიდატმა გიორგი მარგველაშვილმა, სხვა ქალაქებში გამართული შეხვედრის მსგავსად, აქცენტი ქუთაისშიც კოაბიტაციის დასრულებაზე გაკეთა. მან ასევე განაცხადა, რომ არჩევნებამდე დარჩენული ორი კვირის განმავლობაში შეიძლება პროვოკაციებს ჰქონდეს ადგილი:
„ორ კვირაში მთავრდება კოაბიტაცია. ჩვენ უნდა ვიცოდეთ და მზად უნდა ვიყოთ იმისთვის, რომ ამ ორი კვირის განმავლობაში შეიძლება ძალიან ბევრი პროვოკაცია მოაწყონ. ის, რომ ჩვენ გამარჯვებულები ვართ და რომ მოგებული გვაქვს არჩევნები, ეს ნათელია, მაგრამ ეს არ არის მხოლოდ არჩევნები, ეს არის თანამედროვე ევროპული საქართველოს მშენებლობა”.
მარგველაშვილი ასევე მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნება“ უკონკურენტოა. გარდა ამისა, მარგველაშილი მოსახლეობას დაპირდა, რომ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში იმ გუბერნატორებს გაათავისუფლებს, რადგან, მისივე სიტყვებით, ისინი კრიმინალები არიან:
„ამის შემდეგ მე უფრო მეტად შევძლებ, რომ ვიყო თქვენს სამსახურში, მე უფრო მეტად შევძლებ, რომ დავეხმარო ჩემს კოლეგა მინისტრებს და დეპუტატებს, არ დავადებ იმ კანონებს ვეტოს, რომელიც პირდაპირ ხალხის სამსახურშია, მოხდება ელჩების სწრაფი დამტკიცება, მოხდება იმ გუბერნატორების მოხსნა, რომლებიც რეალურად პირდაპირ კრიმინალები იყვნენ, გამოყავდათ საკნიდან და ნიშნავდნენ თანამდებობაზე”.
დღევანდელ შეხვედრაში მონაწილეობას დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებიც იღებდნენ.
„მომეწონა და გიორგის იმედი მაქვს, გიორგისი, რომ ხელფასიც მოიმატებს და წესრიგი იქნება ყველგან და ყველაფერში. კარგია ასეთი შეხვედრა, ხალხი ისმენს, რა მდგომარეობაა, რა გაკეთდება და ამის იმედით ვცოცხლობთ. დასუფთავების სამსახურიდან ვარ. ნახევარი ჯგუფი მუშაობს და ვინც ვისვენებთ, აქ ვართ,“ – ამბობს ნატო ქასრაშვილი. კითხვაზე, სამსახურში გადაწყდა წამოსულიყვნენ, თუ ინდივიდუალურად გადაწყვტეს თანამშრომლებმა, ქასრაშვილი პასუხობს: „ჩვენ თვითონ წამოვედით, სამსახურიდანაც იყო, მაგრამ ჩვენ თვითონაც გიორგის მხარდამჭერები ვართ.”.










![რა ფუნქცია უნდა ჰქონდეს ავლაბრის რეზიდენციის შენობას [VIDEO]](https://netgazeti.ge/wp-content/uploads/2015/10/cms-image-000015194.jpg)



