ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სამხარაულის ბიუროში ტატუნაშვილის ცხედრის მდგომარეობის დეტალებზე არ საუბრობენ

21 მარტი, 2018 • 2071
სამხარაულის ბიუროში ტატუნაშვილის ცხედრის მდგომარეობის დეტალებზე არ საუბრობენ

არჩილ ტატუნაშვილის ცხედარს,  რომელიც ოსურმა მხარემ ერთთვიანი ლოდინის შემდეგ ქართულ მხარეს გუშინ გადმოსცა, ექსპერტიზა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ჩაუტარდება. ამის შესახებ “ნეტგაზეთს” ბიუროს პრესსამსახურმა განუცხადა.

ბიუროში თავს იკავებენ ცხედრის მდგომარეობის დეტალებზე საუბრისგან, თუმცა აღნიშნავენ, რომ მას უკვე ჩაუტარდა პირველადი გამოკვლევა და საკვლევი ნიმუშები უკვე აღებულია.

არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ქართულ მხარეს გუშინ, 20 მარტს, წითელი ჯვრის მისიის შუამავლობით გადასცეს.

საქართველოს მოქალაქეები, არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის წარმომადგენლებმა 2018 წლის 22 თებერვალს დააკავეს. ოსური მხარის ცნობით, დაკავებულმა არჩილ ტატუნაშვილმა წინააღმდეგობა გაუწია სამართალდამცავებს, რის გამოც მის წინააღმდეგ ძალის გამოყენება გახდა საჭირო. ოსური მხარის განცხადებით 35 წლის არჩილ ტატუნაშვილი “23 თებერვლის ღამეს ცხინვალის იზოლატორის კიბეზე დაგორდა და ცხინვალის საავადმყოფოში “გულის უკმარისობით” გარდაიცვალა. ამ დრომდე ტატუნაშვილი ცხედარი ქართული მხარისთვის არ იყო გადმოცემული. ქართული მხარე არ გამორიცხავს, რომ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენების თითქმის ერთთვიანი დაგვიანება იმისთვის გახდა საჭირო, რომ ცხედარზე ექსპერტიზას ძალადობის კვალი არ აღმოეჩინა.

ოსური მხარის ცნობითვე, “რუსულმა დამოუკიდებელებმა ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ტატუნაშვილი მწვავე გულის უკმარისობისგან გარდაიცვალა, და გარდა ამისა, მას ჰქონდა ღვიძლის ციროზი და ქრონიკული ჰეპატიტი. ასევე, მის სხეულზე, ქვედა და ზედა კიდურებზე აღინიშნება იარები და ჩალურჯებები, რომელიც ჯანმრთელობისთვის მიყენებულ მსუბუქ დაზიანებად კვალიფიცირდება”.

მასალების გადაბეჭდვის წესი