ახალი ამბები

არასამთავრობოები მთავრობას მოუწოდებენ, არ შეფერხდეს თვითმმართველობის რეფორმა

11 ოქტომბერი, 2013 • • 1346
არასამთავრობოები მთავრობას მოუწოდებენ, არ შეფერხდეს თვითმმართველობის რეფორმა

არასამთავრობო ორგანიზაციებმა თავისი საგანგებო განცხადება ჟურნალისტებს დღეს, 11 ოქტომბერს, ფონდ “ღია საზოგადოება – საქართველოს” ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე გააცნეს.

 

თვითმმართველობის დროა
თვითმმართველობის დროა

 

“ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარება ევროპული ქვეყნების განვითარების ერთ-ერთ არსებით წინაპირობას წარმოადგენს. მოსახლეობასთან მაქსიმალურად ახლოს მდგომი თვითმმართველი ორგანოები, მოქალაქეთა საჭიროებებზე მორგებული ტერიტორიული ერთეულები, ფინანსებითა და უფლებამოსილებით აღჭურვილი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულები (თვითმმართველი ქალაქები და თვითმმართველი თემები) – წარმოადგენენ ქვეყნის შეუქცევადი, დემოკრატიული განვითარების საძირკველს. საქართველოს სწორი განვითარების უმთავრესი ქვაკუთხედი ადგილობრივი თვითმმართველობის სრულყოფილი რეფორმის გატარებაა, რაც დაამკვიდრებს ევროპული ტიპის მმართველობას ქვეყანაში და ხელს შეუწყობს მის შემდგომ ინტეგრაციას ევროპულ თანამეგობრობაში.

 

2013 წლის 1 მარტს საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა „დეცენტრალიზაციისა და თვითმმართველობის განვითარების სტრატეგიის ძირითადი პრინციპები 2013-2014 წლებისათვის”, რომელიც ადგენს, რომ „რეფორმის ამოსავალი პრინციპია მოქალაქეების მაქსიმალური გააქტიურება და უშუალო ჩართულობა მართვის პროცესში. საქართველოს მთავრობა დეცენტრალიზაციის პროცესს განიხილავს ქვეყანაში დემოკრატიისა და მისი შესაბამისი ინსტიტუტების დამკვიდრების საკვანძო ასპექტად”.

 

ხელისუფლების მიერ გაცხადებულ სტრატეგიაზე დაყრდნობით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ, მასთან არსებული თვითმმართველობის განვითარებისა და რეგიონული პოლიტიკის საკითხებში მრჩეველთა საბჭოსა და არასამთავრობო ორგანიზაციათა სამუშაო ჯგუფების მონაწილეობით, შეიმუშავა „საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის” კანონპროექტი.

 

კანონპროექტზე მუშაობის პროცესში, არსებული რეალობისა და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენელთა მოსაზრებებისა და შენიშვნების გათვალისწინებით, მოხდა განსხვავებული პოზიციებისა და ხედვების შეჯერება, გარკვეულ კონსესუსამდე მისვლა, რეფორმის განხორციელების ეტაპობრივად დაგეგმვა და ცალკეულ, საკმაოდ პრინციპულ საკითხებზე შეთანხმება. 

2013 წლის 26 სექტემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან თვითმმართველობის განვითარებისა და რეგიონული პოლიტიკის საკითხებში მრჩეველთა საბჭოს შეხვედრაზე გამოიკვეთა პრემიერის მკაფიო და გააზრებული მხარდაჭერა ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის აუცილებლობისა და შემუშავებული კანონპროექტით გათვალისწინებული კონცეპტუალური საკითხების მიმართ. 

უმნიშვნელოვანეს ამოცანად გვესახება 2014 წლის დასაწყისამდე ადგილობრივი თვითმმართველობის საარჩევნო სისტემის რეფორმირების დასრულებაც, რაც შეიძლება შეფერხდეს „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის” დაგვიანებით მიღებით. 

ზემოთქმულიდან გამომდინარე, გამოვხატავთ რა, მხარდაჭერას „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის” შემუშავებული პროექტის ძირითადი ნაწილის მიმართ, მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, დროულად მოახდინოს კანონპროექტის საქართველოს პარლამენტში ინიცირება. საქართველოს, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, კიდევ ერთხელ ეძლევა რეალური შანსი, გადადგას ქმედითი ნაბიჯი თავისუფალი, დემოკრატიული და ევროპულ ღირებულებებზე დაფუძნებული ადგილობრივი ხელისუფლების ჩამოსაყალიბებლად, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოს ევროპასთან დაახლოებას. 

იმედს გამოვთქვამთ, რომ აღნიშნული პროცესი სწორად წარიმართება და დღევანდელი ხელისუფლებაც არ გაიმეორებს წინა ხელისუფლებების მიერ ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმისას დაშვებულ შეცდომებს”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს ზემოხსენებული პროექტის შემუშავებაში მონაწილე 25 არასამთავრობო ორგანიზაცია აწერს.

 

“სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრის” წარმომადგენელი კოტე კანდელაკი, რომელიც დღევანდელ პრესკონფერენციას ესწრებოდა, აცხადებს, რომ ზემოხსენებული რეფორმის განხორციელებას ფინანსთა სამინისტრო ეწინააღმდეგება, რაც, მისი თქმით, კანონზომიერია, რადგან ასეთ ფაქტს ადგილი ბევრ ქვეყანაში ჰქონდა. კანდელაკის განმარტებით, რეფორმა ითვალისწინებს თვითმმართველი ქალაქების, ასევე, მუნიციპალიტეტების რაოდენობის გაზრდას, ფინანსთა სამინისტრო კი ფისკალური დეცენტრალიზაციის მომხრე არ არის, რადგან მიიჩნევს, რომ ბიუჯეტს ცენტრალიზებულ დონეზე უფრო ადვილად მართავს.

 

თვითმმართველობების განვითარებისა და რეგიონული პოლიტიკის საკითხებში მრჩეველთა საბჭოს წევრი მამუკა აბულაძე “ნეტგაზეთთან” საუბარში აცხადებს, რომ 26 სექტემბერს პრემიერის ბიზნეს-ცენტრში გამართულ შეხვედრაზე მართლაც გაიმართა ცხარე დებატები ხადურსა და საბჭოს წარმომადგენლებს შორის. თუმცა, მისი თქმით, პრემიერმა ივანიშვილმა ცალსახად დაუჭირა მხარი იმ ადამიანების პოზიციას, ვინც რეფორმის განხორციელებას და რეალურ დეცენტრალიზაციას ითხოვს. მისი თქმით, ივანიშვილი საბჭოს წარმომადგენლებს დაჰპირდა, რომ ამ საკითხზე ჯერ მთავრობა თვითონ შეთანხმდება შიგნით, შემდეგ კი უკვე საზოგადოებაში გამოიტანს სამსჯელოდ.

 

ადგილობრივი დემოკრატიის ქსელის ცენტრის თავმჯდომარე დავით ლოსაბერიძე კი მიიჩნევს, რომ პარლამენტმა ზემოხსენებული კანონპროექტი, რომელიც უკვე დიდი ხანია მზად არის და რომელიც თვითმმართველობის რეფორმის დაწყებას მისცემს საფუძველს,  2014 წლის ადგილობრივი თვითთმართველობის არჩევნებამდე მინიმუმ ექვსი თვით ადრე უნდა მიიღოს, რადგან საარჩევნო სუბიექტებმა ზუსტად იცოდნენ თამაშის წესები.

 

“მინიმუმ ექვსი თვე მაინც უნდა იყოს არჩევნებამდე იმისთვის, რომ ძირითადი მოთამაშეები მოემზადონ… გარდა ამისა,  ამომრჩევლებმაც უნდა იცოდნენ, თუ სად  და როგორ აძლევენ ხმას”, – განაცხადა მან.

მასალების გადაბეჭდვის წესი