ახალი ამბებისამართალი

ინსპექტორის სამსახურზე კოალიციის შენიშვნები მთავრობამ არ გაითვალისწინა – კოალიცია

20 მარტი, 2018 • 1755
ინსპექტორის სამსახურზე კოალიციის შენიშვნები მთავრობამ არ გაითვალისწინა – კოალიცია

კოალიცია დამოუკდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის აცხადებს, რომ იუსტიციის სამინისტრომ ისე წარადგინა პარლამენტში კანონორპროექტი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ, რომ არ გაითვალისწინა კოალიციის არცერთი შენიშვნა.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ  კანონპროექტის თანახმად, იქმნება ახალი სამსახური, რომელიც გააერთიანებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის მონიტორინგისა და სამართალდამცავების მიერ ჩადენილი დანაშაულის  გამოძიების ფუნქციებს. ვიდრე პარლამენტში წარადგენდნენ, ნეტგაზეთთან საუბრისას ოპოზიციურმა პარტიებმა კანონორპროექტი უარყოფითად შეაფასეს.

კოალიცია უკვე წლებია მოთხოვს, რომ სამართალდამცავების მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოსაძიებლად დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი შეიქმნას.

“სამწუხაროდ, მთავრობის მიერ ინიცირებული პროექტი, არ ითვალისწინებს არცერთ მნიშვნელოვან რეკომენდაციას, რომელიც კოალიციამ საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორის საბჭოს წარუდგინა.  სახელმწიფომ არ გაითვალისიწინა სისხლისსამართლებრივი დევნის უფლებამოსილების ინსპექტორის სამსახურისათვის მინიჭების აუცილებლობა,”- აცხადებს კოალიცია.

მათ რიგი პრინციპული შენიშვნები აქვთ იუსტიციის სამინისტროს მიერ წარმოდგენილ კანონპროექტთან და პარლამენტს სთავაზობენ რეკომენდაციების ალტერნატიულ ვერსიებს, რომელთა გათვალისიწნების გარეშე, მათი თქმით, რეფორმა ვერ მიაღწევს ეფექტიანი საგამოძიებო სისტემის შექმნის მიზანს:

“აუცილებელია სახელმწიფო ინსპექტორის აპარატის იურისდიქცია გავრცელდეს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრსა და საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის უფროსზე”

“შემოთავაზებული კანონპროექტის მიხედვით, ინსპექტორი ვერ შეძლებს გამოიძიოს დანაშაულები, თუ ისინი ჩადენილია საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მიერ. აღნიშნული თანამდებობის პირები ხელმძღვანელობენ სამართალდამცავ ორგანოებს, მათ რეალურად გააჩნიათ შესაძლებლობა ათასობით დაქვემდებარებულ პირს მისცენ მითითება, ბრძანება და დაავალონ კონკრეტული ქმედების განხორციელება. შესაბამისად, ალოგიკურია მექანიზმის მანდატის შეზღუდვა იმ პირთა მიმართ, ვის ხელშიც ყველაზე მეტად არის კონცენტრირებული ძალაუფლება. ეს უკანასკნელი პირთა გარკვეული წრისთვის გაამყარებს დაუსჯელობის სინდრომს.”- აცხადებს კოალიცია.

ინტერესთა კონფლიქტის რისკების არსებობის შემთხვევაში, აუცილებელია ინსპექტორს ჰქონდეს უპირატესი იურისდიქცია”

“დანაშაულთა ჩამონათვალი, რომლის გამოძიების უფლებამოსილებასაც კანონი ინსპექტორს ანიჭებს, ნამდვილად წარმოადგენს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის საგანს. თუმცა  ხშირია შემთხვევები, როდესაც არაადამიანური მოპყრობის ნაცვლად გამოძიება მიმდინარეობს უფლებამოსილების გადამეტების ან სხვა მუხლით,  რაც გამორიცხავს ინსპექტორის მონაწილეობას. სწორედ ამიტომ, აუცილებელია,  სამართალდამცავთა მიერ ჩადენილი ნებისმიერი დანაშაული, სადაც წარმოიშობა არაეფექტიანი გამოძიების რისკები, ექვემდებარებოდეს ინსპექტორის უპირატეს იურისდიქციას.

მიგვაჩნია, რომ მსხვერპლის მიმართვის ან საკუთარი ინიციატივით ინსპექტორის სამსახურს უნდა ჰქონდეს უფლება, გაეცნოს საქმის მასალებს და თავად გადაწყვიტოს, ექცევა თუ არა საქმე მის იურისდიქციაში.”- აცხადებს კოალიცია.

მნიშვნელოვანია გაიმიჯნოს სისხლისსამართლებრივი დევნისა და გამოძიების ეტაპები და ინსპექტორის სამსახურს მიეცეს საშუალება, ყველა საგამოძიებო მოქმედება განახორციელოს დამოუკიდებლად”

“საქართველოში არსებული საგამოძიებო სისტემისა და კანონმდებლობის მიხედვით, საპროკურორო ზედამხედველობის შინაარსის გათვალისწინებით, გამოძიებას პრაქტიკულად მთლიანად წარმართავს პროკურორი და ყველა საგამოძიებო ორგანოს გამომძიებელი ერთნაირი ხარისხით ექვემდებარება პროკურორის მითითებებს გამოძიების პროცესში.

რთულად წარმოსადგენია, რას შეცვლის ახალი სამსახურის შექმნა მხოლოდ საგამოძიებო ფუნქციით, მაშინ, როდესაც მის მიერ წარმართულ გამოძიებას კვლავაც ის უწყება უხელმძღვანელებს, რომელიც აქამდე ხელმძღვანელობდა და რომლის მიმართაც ყველაზე მეტი პრეტენზია არსებობს. ამ რეფორმის პირობებშიც, გამოძიების ფარგლებში, ყველა კრიტიკულ საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილება კვლავაც პროკურატურას ან მთავარ პროკურორს ექნება.

ამიტომ აუცილებელია, ერთმანეთისგან გაიმიჯნოს გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის ეტაპები. ინსპექტორის აპარატს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, ყველა საგამოძიებო მოქმედება განახორციელოს დამოუკიდებლად და მხოლოდ ამის შემდგომ მიმართოს პროკურატურას,”- აცხადებს კოალიცია.

საქართველოს პარლამენტი უნდა დაფიქრდეს პერსონალური მონაცემების მონიტორინგისა და საგამოძიებო მექანიზმის ერთ უწყებაში გაერთიანების მიზანშეწონილობაზე”

“გამოძიების და ინფორმაციის დამუშავების კანონიერების პროაქტიულად კონტროლი ერთმანეთთან თავსებადი ფუნქციები არ არის და აღნიშნული ორი კომპეტენციის ერთი უწყების ქვეშ მოქცევამ შესაძლოა საფრთხე შეუქმნას პერსონალური მონაცემების დაცვის მექანიზმის დამოუკიდებლობას, გააჩინოს ინტერესთა კონფლიქტი უწყების შიგნით და დაუკარგოს ნდობა ამ სამსახურის საქმიანობას. ინსპექტორის ინსტიტუტი დღეს არის სამართალდაცვითი პროცესისგან დამოუკიდებელი მაკონტროლებელი ორგანო, მაშინ, როდესაც სამართალდამცავთა მიერ ჩადენილ დანაშაულებს უნდა იძიებდეს საგამოძიებო ბუნების მქონე უწყება. მაგალითად, ერთი მხრივ, ინსპექტორს მოუწევს გააკონტროლოს პროკურატურის მიერ მონაცემების დამუშავების კანონიერება, ხოლო მეორე მხრივ, ეთანამშრომლოს/დაემორჩილოს პროკურატურას გამოძიების პროცესში.”- აცხადებს კოალიცია.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი