ახალი ამბებისაზოგადოებასამართალი

სოფო კილაძე კანონში სექსუალური შევიწროების განსაზღვრას ემხრობა

20 მარტი, 2018 • 2025
სოფო კილაძე კანონში სექსუალური შევიწროების განსაზღვრას ემხრობა

პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე ნეტგაზეთთან საუბრისას აცხადებს, რომ  სექსუალური შევიწროების შემთხვევები არცთუ იშვიათია და ეს საკითხი მნიშვნელოვანია.

მანვე დასძინა, რომ არ ეთანხმება ქალთა მოძრაობის მიერ შემოტანილ პეტიციაში შემოთავაზებულ ფორმულირებას. სექსუალური შევიწროების აკრძალვის მოთხივნით ქალთა მოძრაობამ პეტიციით პარლამენტს გასული წლის ნოემბერში მიმართა.

ქალთა მოძრაობამ პარლამენტს მიმართა, იმუშაოს სექსუალური შევიწროების საკითხის რეგულირებაზე. სოფო კილაძეს კითხვა სწორედ ამ საკითხზე დავუსვით.

მისივე თქმით, რაც შესაძლებელი იყო, კომიტეტმა გააკეთა, ანუ მიმართა გენდერული თანასწორობის საბჭოს.

“ჩვენ ვეთანხმებით, რომ ეს არის მნიშვნელოვანი საკითხი. დასამუშავებელი საკითხია იმიტომ, რომ სამწუხაროდ, არის სექსუალური შევიწროების არცთუ იშვიათი შემთხვევა, მაგრამ, რაც ამ პეტიციაში იყო წარმოდგენილი,  ეს სამართლებრივი ფორმა იყო ჩვენთვის მიუღებელი. ჩვენ დასკვნისთვის გადავეცით გენდერული თანასწორობის საბჭოს და საბჭოსგან ველოდებით დასკვნას.  ისინი ამუშავებენ ამ კანონპროექტს, მაგრამ ჯერჯერობით არ მიგვიღია არაფერი. თუმცა, რა თქმა უნდა, კარგი იქნებოდა, დროულად მოვახერხოთ ამაზე რეაგირება,”- განაცხადა სოფო კილაძემ.

მას ასევე ვკკითხეთ, თუ ემხრობა კანონში სექსუალური შევიწროების დეფინიციის განსაზღვრას.

“ვემხრობი, ოღონდ არა იმ ფორმით, რაც პეტიციაში იყო წარმოდგენილი… გენდერული თანასწორობის საბჭოზეც არის დამოკიდებული და თუ დროულად მივიღებთ დასკვნას, ბუნებრივია, ჩვენც დროულად ვიმოქმედებთ,”- განაცხადა კილაძემ.

ზვიად დევდარიანთან დაკავშირებული სკანდალის შემდეგ ქალთა მოძრაობამ კიდევ ერთხელ მოუწოდა პარლამენტს და მასთან არსებულ გენდერული თანასწორობის საბჭოს, სასწრაფოდ დაიწყოს სექსუალური შევიწროების საკითხის რეგულირებაზე მუშაობა. გუშინ, 19 მარტს, ასევე ომბუდსმენმა    მოუწოდა პასუხისმგებელ უწყებებს, დაიწყონ მუშაობა სექსუალური შევიწროების რეგულირების ეფექტიანი მექანიზმის შესაქმნელად და დროულად გადაიდგას ქმედითი ნაბიჯები სექსუალური შევიწროების საკანონმდებლო დეფინიციისთვის, რაც გულისხმობს სექსუალური ხასიათის არასასურველ სიტყვიერ, არასიტყვიერ ან ფიზიკურ ქმედებას, რომელიც პირს შეურაცხყოფს, ამცირებს, აშინებს ან/და ულახავს ღირსებას.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი