ახალი ამბები

სერვისების განვითარების სააგენტომ საარჩევნო მონაცემთა ბაზაში 61 250 უზუსტობა აღმოაჩინა

10 ოქტომბერი, 2013 •
სერვისების განვითარების სააგენტომ საარჩევნო მონაცემთა ბაზაში 61 250 უზუსტობა აღმოაჩინა

 

როგორც სააგენტოს თავმჯდომარე ლევან სამადაშვილმა განაცხადა, მონაცემთა ბაზების გადამოწმების პროექტი მიმდინარე წლის მარტში დაიწყო და დღეს, 10 ოქტომბერს დასრულდა. პროექტის მიზანი იყო საარჩევნო უფლების მქონე პირთა შესახებ კორექტული ბაზის შექმნა. სააგენტო დაზუსტებულ მონაცემებს შესაბამისი რეაგირებისთვის ცესკოს ხვალ გადაუგზავნის.

 

სამადაშვილის განმარტებით, სააგენტო სიაში არსებულ 804 970–მდე მონაცემის სისწორეზე ეჭვობდა, თუმცა მათი გადამოწმების შემდეგ აღმოჩნდა, რომ სულ 61 250–მდე უზუსტობა ფიქსირდებოდა, რომლებიც უკვე გასწორებულია.

 

სააგენტოს ინფორმაციით, გამოვლინდა 3800–მდე გაორების ფაქტი, რაც ნიშნავს იმას, რომ  ერთი და იგივე ამომრჩევლის ორი პირადი ნომერი ფიქსირდებოდა, რეგისტრაციიდან მოიხსნა 10 250 ამომრჩეველი, რადგან მონაცემთა ბაზაში მათი რეგისტრაციის მისამართები არასწორად იყო მითითებული, სიაში აღმოჩნდა 3800–მდე ე.წ. მკვდარი სული, ანუ გარდაცვლილი ამომრჩეველი, დაზუსტდა 18 500–მდე უზუსტო მისამართი, მოქალაქის პირადობის მოწმობასა და სააგენტოს ბაზაში არსებულ მონაცემს შორის შეუსაბამობის აღმოჩენის მიზნით გადამოწმდა 31 450–მდე მონაცემი და დაზუსტდა 27 230–მდე მონაცემი, სიაში გაორებული და გასამებული მისამართების აღმოჩენის მიზნით, გადამოწმდა 11970 მონაცემი, შემდგომი რეაგირებისთვის შესაბამის უწყებებს გადაეგზავნა 1450–მე მონაცემი.

 

გარდა მონაცემთა ბაზის გადამოწმებისა, სააგენტომ კიდევ ორი პროექტი განახორციელა: სოციალური აქცია დევნილებისთვის და სპეციალური აქცია რეგისტრაციიდან მოხსნილი მოქალაქეებისთვის, რომლის ფარგლებშიც სრულწლოვან დევნილებს საშუალება ჰქონდათ უფასოდ მიეღოთ პირადობის ახალი მოწმობა. სამადაშვილის ინფორმაციით, ამ სერვისით 65 000–მდე დევნილმა ისარგებლა და პარალელურად საარჩევნო სიაში საკუთარი მონაცემები დააზუსტა.

 

რაც შეეხება აქციას რეგისტრაციიდან მოხსნილი მოქალაქეებისათვის, სამადაშვილის განცხადებით, პროექტის ფარგლებში ასეთი ტიპის ამომრჩევლები უფასოდ იღებდნენ პირადობის ახალ მოწმობებს. სულ ასეთი ტიპის 98 ათასი ამომრჩეველი ფიქსირდებოდა, თუმცა სერვისით მხოლოდ 9000–მდე მოქალაქემ ისარგებლა და საარჩევნო ხმის უფლება მოიპოვა. როგორც ცნობილია, რეგისტრაციიდან მოხსნილი პირი საარჩევნო სიაში მხოლოდ იმ შემთხვევაში ხვდება, თუ რეგისტრაციას 2013 წლის 10 ოქტომბრის ჩათვლით გაივლის. ამასთან, ის მიიღებს პირადობის ახალ მოწმობას უფასოდ და გათავისუფლდება რეგისტრაციის წესების დარღვევის გამო დაწესებული ჯარიმისაგან. აღნიშნულ აქციას, მიმდინარე წლის 21 აგვისტოს ძალაში შესული „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ ცვლილების საფუძველზე, იუსტიციის სამინისტროს სსიპ-ები, სერვისების განვითარების სააგენტო და  იუსტიციის სახლი ახორციელებენ.

 

სამადაშვილის განცხადებით, სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ბაზაში დაფიქსირებული იყო რეგისტრაციიდან მოხსნილი 18 900–მდე მოქალაქის სატელეფონო ნომერი. სხვა რეგისტრაციიდან მოხნილი ადამიანების მონაცემების მოძიება ვერ მოხერხდა.

 

“სააგენტოს თანამშრომლებმა მათ დაურეკეს და მიაწოდეს ინფორმაცია აქციის პირობებისა და მიზნების შესახებ”, – განაცხადა მან და დასძინა, რომ რეგისტრაციიდან მოხსნილი ამომრჩევლების ნაწილმა განაცხადა, რომ არც ახალი პირადობა სურდა და არც არჩევნებში მოანწილეობა, შესაბამისად, მათი აქციაში ჩართვა ვერ მოხერხდა.

 

რეგისტრაციიდან მოხსნილი ამომრჩევლების სრული სია სააგენტოს, ცესკოს და იუსტიციის სახლის ვებგვერდებზეა გამოქვეყნებული.

 

10 სექტემბრის მდგომარეობით საარჩევნო სია სულ 3 536 619 ამომრჩევლისაგან შედგება. მიმდინარე წელს სიების დაზუსტების მიზნით, “კარდაკარის” სახელმწიფო პროგრამა არ განხორციელებულა. ასეთი პრინციპით სია გასულ წელს დაზუსტდა. კანონის თანახმად, ცესკომ ამომრჩეველთს სიის საბოლოო ვარიანტი არჩევნების დღემდე არაუგვაინეს ხუთი დღით ადრე უნდა გამოაქვეყნოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი