უსუფაშვილის აზრით, ბურჯანაძე პრორუსი არ არის და “ცდილობს ამ გზით უშველოს ქვეყანას”

შენების მოძრაობის ლიდერი დავით უსუფაშვილი მიიჩნევს, რომ ნინო ბურჯანაძე, საბოლოო ჯამში, პრორუსი არ არის და “ცდილობს ამ გზით უშველოს ქვეყანას” ამის შესახებ უსუფაშვილმა ტვ პირველის ეთერში განაცხადა, სადაც პარლამენტის ორ ყოფილ თავმჯდომარეს საგარეო კურსზე ჰქონდა გამართული დებატები.

დავით უსუფაშვილი გადაცემაში პროდასვალური კურსის უპირატესობასა და მნიშვნელობაზე საუბრობდა.

“ვიცი, რომ საქართველოში არიან ადამიანები, ვისაც სჯერა იმ ვერსიის, რასაც თქვენ ბრძანებთ, და მე ვისურვებდი, რომ თქვენ იყოთ ამ ვერსიის პოლიტიკური ლიდერი იმიტომ, რომ ვიცი, რა პრორუსი ბრძანდებით და რომ არ ბრძანდებით, ჯამში, და ცდილობთ ამ გზით უშველოთ ქვეყანას. მესმის. მე მგონია, რომ ეს არის მცდარი გზა, მაგრამ ვინც არ უნდა საუბრობდეს რუსეთთან საქართველოს სახელმწიფოს თუ პოლიტიკური ისტებლიშმენტის სახელით, მგონია, რომ ამ ფაქტორების გათვალისწინება აუცილებელია: რუსეთი არ არის წამომსვლელი იმ ნაბიჯებზე, რომელსაც ჩვენ საკმარისად ჩავთვლიდით, რომ ქვეყანა არის ტერიტორიულად მთლიანი, უსაფრთხო და რომ მას არ ემუქრება რაიმე სხვა საფრთხე რუსეთიდან თუ სხვა მხრიდან. ამიტომ არის აუცილებელი და ეს მხოლოდ ჩემი პოზიცია არ არის, ეს პოზიცია ჰქონდა საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას დამოუკიდებლობიდან დღემდე, ეს პოზიცია ჰქონდა პოლიტიკური სპექტრის უდიდეს ნაწილს, ეს პოზიცია ჰქონდა ილია ჭავჭავაძეს და [ყველას], ვისაც ქართულ სახელმწიფოზე უფიქრია, რომ საქართველო, ქართველი ერი აყვავდება და შეძლებს თავისი ისტორიული მისიის, ფუნქციის შესრულებას ერთიან ევროპულ დემოკრატიულ ქრისტიანულ ოჯახში და არა იმპერიის პირდაპირ თუ არაპირდაპირ ვასალიტეტში. ამ მიმართულებით პრობლემების გაჩენა ან [იმის თქმა, რომ] მოდი, შევაყოვნოთ ნატოსთან ურთიერთობა, იქნებ რუსეთმა გამოიხედოსო, ეს არის მცდარი გზა”, – განაცხადა უსუფაშვილმა.

სრულად ამ დებატებს შეგიძლიათ უყუროთ აქ

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
დათო ქოქოშვილი არის ნეტგაზეთის რედაქტორი 2018 წლის 1 თებერვლიდან. მანამდე ის იყო ნეტგაზეთის რეპორტიორი 2013 წლიდან. Email: davit.qoqoshvili@gmail.com