ახალი ამბები

ოჯახში მესამე ბავშვმა შესაძლოა ყოველთვიურად 100 ლარი მიიღოს

10 ოქტომბერი, 2013 •
ოჯახში მესამე ბავშვმა შესაძლოა ყოველთვიურად 100 ლარი მიიღოს

აღნიშნული  ინიციატივა დღეს, 10 ოქტომბერს, ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე 2014 წლის ბიუჯეტის განხილვისას კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ გააჟღერა.

 

“მე გავაჟღერე ინიციატივა, რომ ოჯახში ყოველი მესამე ბავშვი დაფინანსდეს ყოველთვიურად. ეს გარკვეულწილად გადაანგარიშებული გვაქვს და ამას ჭირდება დაახლოებით 5 მილიონი ლარი. ესეც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინიციატივა იქნება და ხელს შეუწყობს შობადობის გაზრდას, რაც თავის მხრივ დემოგრაფიული პროგრამის გადაჭრაში დაგვეხმარება,” – განაცხადა დეპუტატმა. 

 

ხუნდაძე განმარტავს, რომ წინასწარი დათვლებით ეს თანხა დაახლოებით 100 ლარი არის:

 

“მაგრამ გასათვალისწინებელია ის, რომ პირველ რიგში, ვფიქრობთ, ის რეგიონები დავაფინანსოთ, სადაც შობადობის მნიშვნელოვანი კლებაა. კომიტეტზე, ალბათ, წარმოდგენილი იქნება საფინანსო დოკუმენტი უკვე გათვალისწინებული შენიშვნებით და ვნახავთ, და კომიტეტს დამოკიდებულება ექნება შესაბამისი.”

 

დეპუტატი მიიჩნევს, რომ აქამდე განხორციელებული ორი ცვლილება დემოგრაფიული პრობლემის გადასაჭრელად მნიშნელოვანი ნაბიჯებია:

 

“ქვეყანაში არსებობს დემოგრაფიული პრობლემა და ამ კუთხით ორი უმნიშვნელოვანესი წინადადება წარდგენილი იქნა. ერთი, რომ მშობიარობის ნაწილში საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით სახელმწიფო აფინანსებს ფიზიოლოგიურ მშობიარობას 500 ლარის ოდენობით და საკეისრო კვეთას- 800 ლარის ოდენობით. დღმდე უკვე 9 ათასზე მეტი მშობიარობაა დაფინანსებული. ასევე, რამოდენიმე დღის წინ იყო წარდგენილი ინიციატივა დეკრეტული შვებულებების ნაწილში შემწეობის გაზრდასა და დღეების რაოდენობის ზრდაზე.”

 

ხუნდაძის განმარტებით, ეს პროგრამა მხოლოდ მესამე ბავშვს ეხება.

 

როგორც ფინანსთა მინისტრის მოადგილემ განაცხადა, სამინისტრო ეცდება წარმოდგენილი ინიციატივისთვის თანხები გამოყოს:

 

“ეს დემოგრაფიული პოლიტიკის შემადგენელი ნაწილია. ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი და პროგრამა არის. ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით გამოვნახოთ რესურსები ამ პროგრამის დასაფინანსებლად,” – აღნიშნა გიორგი თაბუაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი