ახალი ამბები

“ქართული მარში” რუსთავი 2-ის წინააღმდეგ – საპარლამენტო უმრავლესობის შეფასებები

20 მარტი, 2018 • 1837
“ქართული მარში” რუსთავი 2-ის წინააღმდეგ – საპარლამენტო უმრავლესობის შეფასებები

“ქართული მარშის” წარმომადგენლების ქმედებებს რუსთავი 2-სა და ტელეარხის ჟურნალისტების მიმართ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები ეხმაურებინ. მათი ნაწილი არხის წამყვანის გამონათქვამების მიზანშეუწონლობას უსვამს ხაზს, ნაწილი კი მომხდარში ორივე მხარეს ადანაშაულებს.

პარლამენტის ვიცესპიკერი გია ვოლსკი ტელეკომპანიას ადანაშაულებს დაპირისპირების მიზანმიმართულად გამოწვევაში და გიორგი გაბუნიას მიერ მის საავტორო გადაცემაში გაკეთებულ განცხადებებს უზნეოს უწოდებს. მისი თქმით, წამყვანმა საკუთარი საქციელით ადამიანების რელიგიური გრძნობები შეურაცხყო.

“უზნეო განცხადებები გაკეთდა სწორედ მიზანმიმართულად იმისათვის, რომ  გამოხმაურება ყოფილიყო ასეთი, ამდაგვარი აგრესიული და მე ვფიქრობ , რომ ხშირად საზოგადოებამ ზუსტად უნდა დაუსვას დიაგნოზი და ადეკვატური  გამოხმაურება უნდა გააკეთოს ასეთი სახის გამოხდომებზე, რაც “რუსთავი 2”-ის ერთ-ერთმა [წამყვანმა] დაუშვა, შეურაცხყო რა ჩვენი ყველას რელიგიური გრძნობები. მკრეხელობაზე აქ არ არის საუბარი. მე ვფიქრობ, აქ საუბარია გამიზნულ პროვოკაციაზე, რომელსაც უნდა მოჰყოლოდა სწორედ ასეთი  ვითარება,” – აღნიშნა მან.

ჟურნალისტის კითხვაზე, ჰქონდა თუ არა გამართლება “ქართული მარშის” ქმედებებს, ვოლსკიმ ასე უპასუხა:

“ამას სამართალდამცავები დაადგენენ. მე ვფიქრობ, რომ სწორედ ასეთი უზნეობა, ხშირ შემთხვევაში, გარკვეულ სტიმულს აძლევს აგრესიულ ქმედებას, რომელიც კანონსაწინააღმდეგოა”.

საპარლამენტო უმრავლესობის კიდევ ერთმა წევრმა ლევან გოგიჩაიშვილმა “ქართულ მარშსა” და ტელეკომპანია “რუსთავი2”-ს რადიკალური ჯგუფები უწოდა, “რომლებიც ერთმანეთს კვებავენ”.

„ესენი არიან ორი რადიკალური ჯგუფი, რომელიც ერთმანეთს კვებავს. ერთი არის ამ მიმართულების რადიკალები, რაც “ქართული მარშია“,  და მეორე არის იმ მიმართულების რადიკალები, რასაც ის ჯგუფი წარმოადგენს: გვარამია, გაბუნია და მასთან ასოცირებული პოლიტიკური თუ სამოქალაქო ჯგუფები.

ერთმანეთის გარეშე ამ ადამიანებს არ შეუძლიათ და ჩვენ ვტოვებთ ამ ადამიანებს ისეთ ფარგლებში, სადაც მათი უფლებები იქნება დაცული, მაგრამ ერთმანეთში არკვიონ საქმე. ჩვენი მოვალეობა რაც არის, რა თქმა უნდა, თავდასხმა, სისხლი და ეს… ამაზე უნდა იყოს რეაქცია“ – განუცხადა გოგიჩაიშვილმა მედიას.

“რუსთავი2”-ის წამყვანის მიერ პირდაპირ ეთერში გაკეთებულ განცხადებებს “ქართული ოცნება-სოციალ-დემოკრატების” თავმჯდომარის მოადგილე ბექა ნაცვლიშვილიც ემიჯნება და აღნიშნავს, რომ მიუღებელია როგორც აღნიშნული გამონათქვამები, ისე – ძალადობა.

“ეს არის სამართალდამცავების საკითხი, რა კვალიფიკაციას მისცემენ ამას. ჩანართი, რომელიც ჟურნალისტის მხრიდან იყო გაკეთებული, გულწრფელად რომ გითხრათ, არ არის მისასალმებელი; უბრალოდ, შეურაცხმყოფელია ბევრი ადამიანისთვის და მოსახლეობის უმრავლეობისთვის. რაც შეეხება ძალადობას: რა თქმა უნდა, ნებისმიერი ძალადობა არის დასაგმობი”, – აღნიშნა მან.


თბილისში, სანდრო ეულის ქუჩაზე, ტელეკომპანიის შენობის წინ, ე.წ. ქართული მარშის აქტივისტები შეიკრიბნენ და ტელევიზიის ეთერში გასულ გადაცემასთან დაკავშირებით პროტესტს გამოხატავდნენ. მათ ალყა შემოარტყეს ავტომობილს, რომელშიც გიორგი გაბუნია (რ2-ის წამყვანი) და თამთა მურადაშვილი (იურისტი) იმყოფებოდნენ.

რუსთავი 2-ის ინფორმაციით, “ქართული მარშის” წარმომადგენლებმა დააზიანეს ავტომობილი, რომელშიც ჟურნალისტი გიორგი გაბუნია და ტელეარხის იურისტი თამთა მურადაშვილი იმყოფებოდნენ.

“გარდა ამისა, თავდასხმა მოხდა „კურიერის“ ჟურნალისტზე, დავით ერაძეზე. ადგილზე იმყოფება სასწრაფო დახმარების სამსახურიც, რომელმაც დაშავებულს პირველადი დახმარება აღმოუჩინა. მას სხვადასხვა სახის დაზიანებები აქვს მიღებული,” – ნათქვამია რ2-ის განცხადებაში.

ინციდენტის დროს დაზიანდა ტელეკომპანიის ერთ-ერთი თანამშრომლის კუთვნილი ავტომანქანაც.

პოლიციამ 3 პირი დააკავა, რომელთა სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლომ 16 აპრილისთვის გადადო. გამოძიოება სსკ-ს 166-ე(წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე(სამართალდამცველებისადმი წინააღმდეგობის გაწევა) მუხლებით მიმდინარეობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი