დღეს, 20 მარტს, თბილისის საქალაქო სასამართლომ რუსთავი 2-თან დაკავებული ე.წ. ქართული მარშის 3 წევრის: ბექა რევაზიშვილის, გიორგი ონიანის და დევი ჩილაშვილის საქმეები ერთ წარმოებად მიიღო, ხოლო დაცვის მხარის შუამდგომლობით პროცესი 16 აპრილოსთვის გადადო.
პროცესის დაწყებამდე ბრალდებულები და მათი მხარდამჭერების ნაწილი ჟურნალისტების სხდომიდან გაძევებას აგრესიულად მოითხოვდნენ, მაგრამ ისინი სანდრო ბრეგაძემ დაამშვიდა. ბრალდებული გიორგი ონიანი სოროსისტებს ეძახდა მედიის წარმოადგენლებს და პროცესიდან წასვლას ითხოვდა. მოსამართლემ მას განუმარტა, რომ ამ შემთხვევაში პოლიციის ზედამხედველობის ქვეშ, იძულებითი წესით მოუწევდა სასამართლო დარბაზში ყოფნა. სხდომის დაწყების შემდეგ მოსამართლე ნინო ჭალიძემ რამდენჯერმე მოუწოდა ბრალდებულ დევი ჩილაშვილს სიმშვიდისკენ, რომელიც მოსამართლის საუბარს რეპლიკებით პასუხობდა.
“ბატონი ონიანი და სხვები ხშირად არიან აქ. მათ იციან წესები და მშვიდად არიან. თქვენც მშვიდად იყავით,” – მიმართა მოსამართლემ დევი ჩილაშვილს. “რუსთავი 2”-ის გარდა, არცერთ სხვა ტელევიზიას ჰქონდა განცხადება წარდგენილი სასამართლოში ვიდეოგადაღებაზე. შესაბამისად, კანონით დადგენილი წესით, “რუსთავი 2”-ს მიეცა სხდომის ვიდეოგადაღების უფლება.
“ქართული მარშის” წევრსა და მოძრაობის ადვოკატს, ცირა ჯავახიშვილს, ასევე, მისი დაცვის ქვეშ მყოფებს, არ სურდათ პროცესზე “რუსთავი 2”-ის ოპერატორის შესვლა. ისინი ამბობდნენ, რომ “რუსთავი 2” მხარეს წარმოადგენდა, თუმცა მოსამართლემ განუმარტა, რომ კანონი ტელეკომპანიას პროცესის გაშუქების უფლებას აძლევს. ცირა ჯავახიშვილმა სხდომის გადადების, მასალების მიღებისა და მოწმეების დაკითხვის შუამდგომლობები დააყენა. ადვოკატის თქმით, საქმის მასალების გასაცნობად და მტკიცებულებების წარსადგენად სჭირდება დრო.
მოსამართლემ პოლიციელებს შვიდ დღეში ვიდეოდისკების ორ-ორი ეგზემპლარის წარდგენა დაავალა. ბრალდების მხარეს სამი პოლიციელი წარმოადგენდა. მათ სასამართლოს მტკიცებულებებად ვიდეოჩანაწერები წარუდგინეს. პოლიციელები არ ეთანხმებოდნენ პროცესის გადადებას.
პოლიციამ ქართული მარშის წევრები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით 19 მარტს “რუსთავი 2”-თან გამართულ აქციაზე დააკავა. აღნიშნული მუხლები წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. ჯერჯერობით არაა ცნობილი, როდის გაიმართება აქციაზე დაკავებული კიდევ 3 პირის – ლადო სადღობელაშვილის, მიხეილ ამისულაშვილისა და ირაკლი დოლენჯაშვილის პროცესები, რომლებიც იმავე მუხლებით დააკავეს “რუსთავი 2”-თან გამართულ აქციაზე. სანდრო ბრეგაძის თქმით, ისინი ნაცემები არიან.