ახალი ამბები

TI-ს, GDI-სა და IDSD-ის განცხადება ზვიად დევდარიანის საქმეზე

19 მარტი, 2018 • 2944
TI-ს, GDI-სა და IDSD-ის განცხადება ზვიად დევდარიანის საქმეზე

სამი არასამთავრბო ორგანიზაცია ზვიად დევდარიანის საქმეზე განცხადებას ავრცელებს და წუხილს გამოთქვამს ზვიად დევდარიანის მიერ ქალების სავარაუდოდ სექსუალური შევიწროების ფაქტებთან დაკავშირებით.

ეს სამი ორგანიზაცია ასევე აღნიშნავს, რომ  ქალების გავრცელებული ისტორიების ნაწილი მორალურობის  შეფასების კატეგორიას განეკუთვნება, რაც ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა. თუმცა, როდესაც ადამიანის ქცევა სხვების თავისუფლებების მიმართ უპატივცემულობაში გამოიხატება, ის ყოველთვის მათი მკაცრი კრიტიკის ქვეშ მოექცევა.

ზვიად დევდარიანთან დაკავშირებული სკანდალის  თაობაზე დღის პირველ ნახევარში უკვე გაავრცელა განცხადება სხვა რვა არასამთავრობო ორგანიზაციამ.

“ხელმომწერი ორგანიზაციები გამოვხატავთ უკიდურეს წუხილსა და შეშფოთებას იმ ფაქტების გამო, რომლებიც ჩვენთვის საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატად ჩვენი კოლეგის, ზვიად დევდარიანის წარდგენის შემდეგ გახდა ცნობილი და მის მიერ ქალების სავარაუდო სექსუალური შევიწროების შემთხვევებს ეხება.

პირველ რიგში, სრულ სოლიდარობას და თანადგომას ვუცხადებთ იმ ქალებს, რომლებიც თავს სექსუალური ძალადობის ან შევიწროების მსხვერპლად მიიჩნევენ. საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა ყველა მათგანს, საკუთარი უფლებების დასაცავად, უფასო იურიდიულ დახმარებას და სამართლებრივ მხარდაჭერას ვთავაზობთ, მათ შორის, აღნიშნული საქმის წარმოების პროცესში.

აქვე აღვნიშნავთ, რომ ჩვენი შეფასების საგანს არ წარმოადგენს გახმაურებული ისტორიების ნაწილი, რომელიც საკუთარი შინაარსით ადამიანის პირადი ცხოვრებით დაცული სფეროს ფარგლებში ექცევა და ქცევის ზნეობრიობისა და მორალურობის  შეფასების კატეგორიას განეკუთვნება, რადგან გვწამს, რომ ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა, თავად გადაწყვიტოს, რა არის მისთვის მორალურად მისაღები და რა – მიუღებელი. თუმცა, როდესაც ადამიანის ქცევა სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების მიმართ უპატივცემულობაში გამოიხატება, ბუნებრივია, ის ყოველთვის მოექცევა ჩვენი მკაცრი კრიტიკის ქვეშ.

ადამიანის უფლებათა საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს ორმაგ პასუხისმგებლობას გვაკისრებს ის ფაქტი, რომ თავად ჩვენ შორის ვერ მოვახერხეთ მსგავსი მოვლენების პრევენცია. ახლა მნიშვნელოვანია, რომ ბოლო მოვლენები ჩვენი საზოგადოებისთვის ძლიერ ბიძგად იქცეს ქალთა მიმართ სექსუალური ძალადობისა და შევიწროების წინააღმდეგ ბრძოლაში და აღნიშნულ თემაზე დუმილის დასაძლევად მნიშვნელოვანი გარდატეხის მომტანი აღმოჩნდეს, რადგან,  სამწუხაროდ, პრობლემა გაცილებით მასშტაბურია. მხოლოდ სპეციალური კანონმდებლობის სრულყოფა ვერ უზრუნველყოფს ამ მიზნის მიღწევას და აუცილებელია პრევენციული და საგანმანათლებლო ღონისძიებების მხარდაჭერა, რომლის განხორციელებაშიც მნიშვნელოვანი როლი სწორედ სამოქალაქო საზოგადოებას უნდა ჰქონდეს.

აქვე ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ იმ მძიმე სამართლებრივი და სხვა სახის შედეგების გათვალისწინებით, რაც სექსუალური ძალადობის ბრალდებას შეიძლება მოჰყვეს, მხოლოდ ყოველი ამგვარი შემთხვევის დეტალური შესწავლა იძლევა როგორც სავარაუდო მსხვერპლების სათანადო დაცვის, ასევე სხვა საფრთხეების თავიდან აცილების საშუალებას,”- აცხადებენ ორგანიზაციები.

განცხადებას ხელს აწერენ:

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)

დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარებისა ინსტიტუტი (IDSD)

საერთაშორისო გამჭირვალობა – საქართველო (TI)

მასალების გადაბეჭდვის წესი