კომიტეტის სხდომას თბილისის 2015 წლის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე ალექსი ახვლედიანი ესწრებოდა. როგორც ახვლედიანმა განაცხადა, ოლიმპიური ფესტივალისთვის ბიუჯეტში თანხა არ არის გამოყოფილი:
„გაირკვა ერთი რამ, რომ ცენტრალური ბიუჯეტიდან დაფინანსება არის 0. ქალაქის მერია აცხადებს, რომ თუ არ დაემატება ტრანსფერი, იქიდანაც დაფინანსება გვექნება 0. 10 დღეში უნდა ვაცნობოთ ევროპის ოლიმპიურ კომიტეტს, სად რა შენობებს ვაშენებთ და რა ბიუჯეტით. გაირკვა ის, რომ ჯერჯერობით არის 0.“
მისივე თქმით, პრეცედენტი, რომ მსგავსი ფესტივალი არ ჩატარებულიყო, არ ყოფილა ოლიმპიურ მოძრაობაში და ეს თემა საერთოდ არც განიხილება:
„6,5 მილიონი არის წელს გამოყოფილი თანხა, რომელიც დევს სამინისტროში და არის მსჯელობის საგანი, ჩაიდოს კერძო სექტორში, მოხმარდეს კერძოდ რომელიმე ფედერაციის ინფრასტრუქტურას, რომელიც მერე სამუდამოდ დარჩება ქართულ სპორტს.“
საპარლამენტო უმცირესობის წევრი გიორგი მელაძე ამბობს, რომ ფინანსთა სამინსიტროს მიერ წარმოდგენილი ბიუჯეტი აბსურდია:
„შეიქმნა სრულიად ქაოტური და აბსურდული სიტუაცია. ელემენტარულად ბიუჯეტში არ აქვთ მუხლი და თანხა არ არის ცენტრალურ ბიუჯეტში გაწერილი, რითაც ისინი დააფინანსებენ 2015 წლის ევროპულ ოლიმპიადას, რომელიც თბილისში უნდა გაიმართოს. სამინისტრომ მერიას ტრანსფერი 50 მილიონით შეუმცირა და თბილისის მერიას უკვე ფიზიკურად აღარ აქვს იმის საშუალება, რომ დააფინანსოს ოლიმპიადის პროექტები. დღეს რაზეც იყო საუბარი, ჩვენთვის სრულიად გაუგებარი და მიუღებელია. არ არსებობს კონკრეტული პირი სპორტის სამინისტროში, ფინანსთა სამინისტროში, ვინც პასუხისმგებლობას აიღებდა და ელემენტალურად კომპეტენტურ პასუხს გაგვცემდა. ოლიმპიადა ძალიან დიდი კითხვის ქვეშ დგება და საჭირო იქნება სერიოზული მუშაობის ჩატარება, რომ პროექტს საფრთხე არ შეექმნას.“
სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ლერი ხაბელოვი მიიჩნევს, რომ ფესტივალი მერიამ უნდა დააფინანსოს:
„ეს ვალდებულება მერიას აქვს აღებული და მერია დააფინანასებს, მიუხედავად იმისა, რას ლაპარაკობს გიგი უგულავა, რომ მას ტრანსფერი 50 მილიონი ლარით შეუმცირეს. ეს არის მისი ვალდებულება და რა ვალდებულებაც აიღო, უნდა შეასრულოს,“ – განაცხადა ხაბელოვმა.