ახალი ამბები

ტყვია განათლების უფლებისთვის ბრძოლის გამო – ნობელის პრემიის კანდიდატის ისტორია

9 ოქტომბერი, 2013 •
ტყვია განათლების უფლებისთვის ბრძოლის გამო – ნობელის პრემიის კანდიდატის ისტორია

რამდენიმეკვირიანი ინტენსიური ზრუნვის შედეგად მალალა გადარჩა და დღეს მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ერთ–ერთი კანდიდატია. მომხდარიდან ერთი წლის შემდეგ BBC  16 წლის გოგონას ისტორიას აქვეყნებს.

თინეიჯერმა მალალამ თავისი მეთექვსმეტე დაბადების დღე გაერთიანებული ერების მთავარ შტაბბინაში აღნიშნა, სადაც სიტყვით გამოვიდა. მსოფლიში მას მხოლოდ სახელითაც ცნობენ, ბრიტანეთის პრემიერ–მინისტრმა დევიდ კემერონმა კი სიმამაცის და იმედის სიმბოლო უწოდა.

პარალელურად მალალა ბირმინგემის სკოლის მოსწავლეა, რომელიც საშინაო დავალებებს ამზადებს და ძველი კლასელები ენატრება, ამავდროულად, მუდმივი დავა აქვს მის ორ პატარა ძმასთან.

ეს მალალა იუსაფზაია, რომლის ცხოვრება,  2012 წლის 9 ოქტომბერს, 15 წლის ასაკში  თალიბის ტყვიამ საბოლოოდ შეცვალა.

მალალალა
მალალალა

BBC მალალას სამშობლოში, პაკისტანში ჩავიდა, სადაც გოგონას ძველი სკოლა მოინახულა, შეხვდა ექიმს, რომელიც 16 წლის თინეიჯერს მკურნალობდა და მის ოჯახთან დროის დიდ ნაწილს ატარებდა.

“მე ჩავედი იმავე კითხვაზე პასუხის გასაცემად, რომელსაც შეირაღებული თალიბი, ვინც სკოლის ავტობუსი გააჩერა, გასულ ოქტომბერს ყვიროდა–”ვინ არის მალალა?”– წერს ჟურნალისტი მიშალ ჰუსაინი.

სვატის ხეობა, რომელსაც ერთ დროს “პაკისტანის შვეიცარიას” უწოდებდნენ, მთიანი ადგილია, სადაც ზაფხული გრილია, ხოლო ზამთარი ცივი და თოვლიანი. ხეობიდან დედაქალაქამდე იოლად მიხვალთ. 1997 წელს, როდესაც მალალა დაიბადა, სვატის ხეობა მშვიდობიანი ადგილი იყო.

ისლამაბადიდან რამდენიმესაათიანი მგზავრობის შემდეგ მალაიკანდის უღელტეხილზე მოხვდებით, რომელიც სვატის ხეობის შესასვლელია.

“ეს ადგილი კარგად მახსოვს, როცა სკოლის არდადეგებს პაკისტანში ვატარებდი, მაგრამ ახლანდელი მოგზაურობა აბსოლუტურად განსხვავებულია. BBC–ის ჯგუფი სამხედრო ესკორტით მოგზაურობს. იმის მიუხედავად, რომ პაკისტანის მთავრობამ ხელახლა აიღო კონტროლი სვატის ხეობაზე 2009 წელს, როცა ადგილი თალიბების ხელში იყო და შესაძლოა დღეს ხეობა უფრო უსაფრთხოა,  ვიდრე სხვა რაიონები,  სამხედროებს მაინც აშკარად არ სურთ გარისკვა. ისტორიულად ჩრდილო–დასავლეთ ნაწილი ყველაზე ნაკლებ განვითარებული ადგილია, მაგრამ სვატის ხეობა დიდი ხნის მანძილზე ნათელი წერტილი იყო განათლების თვალსაზრისით”– წერს BBC-ის ჟურნალისტი.

1922 წელს ამ ადგილზე პირველი სკოლა გაიხსნა, სადაც მხოლოდ ბიჭები სწავლობდნენ, წლების შემდეგ კი ხეობაში გოგონების სკოლამაც დაიწყო მუშაობა. სკოლების დაარსება 1915 წელს არჩეულ აბდულ ვადუდის დამსახურებაა. 1969 წლამდე სვატის ხეობა ნახევრად ავტონომიური სამთავრო იყო.

ვაუდის დამოკიდებულება განათლების მიმართ მისმა შვილმაც გააგრძელა, რომელმაც მართვა 1949 წელს გადაიბარა. რამდენიმე თვეში სკოლის მოსწავლე გოგონები მან პაკისტანის პრემიერ–მინისტრთან და მის ცოლთან წარადგინა. დღეს მისი შვილიშვილი აცხადებს, რომ ჩრდილო–დასავლეთ ნაწილში გოგონებისთვის განათლების მიღება უჩვეულო მოვლენა იყო, თუმცა სვატის ხეობაში ისინი სკოლაში დადიოდნენ.

ახალი მმართველი ფოკუსირებული იყო უმაღლესი სასწავლებლებისა და კოლეჯების გახსნაზე. 1952 წელს “Jahanzeb College” დაარსდა, სადაც მოგვიანებით მალალას მამამ ზიაუდინ იუსაფზაიმ მიიღო განათლება. ძალიან მალე სვატის ხეობა პაკისტანში ცნობილი გახდა როგორც ადგილი, სადაც პროფესიონალები ყალიბდებოდნენ, განსაკუთრებით- ექიმები და მასწავლებლები.

ამ ისტორიის ფონზე სვატის ხეობის სკოლების მდგომარეობა 21–ე საუკუნის დასაწყისში მეტად ტრაგიკულია.

იმ დროისთვის, როცა მალალა დაიბადა, გოგონას მამამ შეძლო ოცნების ასრულება და საკუთარი სკოლა დააფუძნა, სადაც 1000–ზე მეტმა გოგონამ და ბიჭმა მიიღო  განათლება.

“მის არყოფნას იოლად იგრძნობთ, მისი ყოფილი კლასის კარზე ჩარჩოში ჩასმული გაზეთია, სადაც მალალას შესახებ წერენ. გოგონას საუკეთესო მეგობარმა, მონიბამ, პირველ რიგის სკამზე სახელი მალალა დაწერა. ასეთი იყო მალალას სამყარო, სადაც არ არის სიმდიდრე და პრივილეგიები, მაგრამ დომინირებს განათლება”, –წერს ჟურნალისტი.

მალალას ახასიათებენ როგორც თავდაჯერებულს და მიზანდასახულს.  სკოლის დირექტორის თქმით, იგი არ იყო ერთადერთი და მთელი მისი კლასი განსაკუთრებულია.

“როგორც კი კლასში შევედი, მივხვდი, რას გულისხმობდა დირექტორი, აქ მხოლოდ სწავლისადმი მისწრაფება იგრძნობა. ბიოლოგიის გაკვეთილის დასრულების შემდეგ რამდენიმე წუთით გოგონებს მომავალ გეგმებზე ვესაუბრე. უმეტესობას ექიმობა სურს, ერთ–ერთმა მათგანმა მითხრა, რომ სურს ერთ დღეს პაკისტანის არმიის მეთაური გახდეს”–წერს მიშელ ჰუსაინი.

“ჩემი ძმებისთვის მომავალზე ფიქრი იოლი იყო. მათ შეეძლოთ ვინც სურდათ, ისინი ყოფილიყვნენ, მაგრამ ჩემთვის ეს გაცილებით რთული აღმოჩნდა. ამიტომ ყოველთვის მსურდა ვყოფილიყავი განათლებული და ჩემი თავისთვის განათლების უფლება მიმეცა”– აცხადებს მალალა BBC-სთან საუბრისას.

მალალას მომავალს საფრთხე მას შემდეგ დაემუქრა, რაც თალიბების გავლენის პირველი ნიშნები გაჩნდა და პაკისტანს ანტიდასავლურმა ტალღამ გადაურა. ეს 11 სექტემბრის ტერაქტის და ავღანეთში ამერიკის შეერთებული შტატების მისიის შეყვანას მოჰყვა.

პაკისტანის ჩრდილო–დასავლეთ რეგიონი, სხვა რეგიონების მსგავსად, ყოველთვის იყო მორწუნე და კონსერვატორული რეგიონი, მაგრამ ის, რაც 2007 წელს ხდებოდა, საგანგაშო ნიშნებს შეიცავდა –რადიომაუწყებლობები დასჯით ემუქრებოდნენ მათ,  ვინც ადგილობრივ მუსლიმურ ტრადიციებს უღალატებდა, გამოიცა ავისმომასწავლებელი ბრძანებები  განათლების წინააღმდეგ.

ყველაზე მძიმე პერიოდი 2008  წლის ბოლოს დადგა, როცა ადგილობრივი თალიბანის ლიდერმა მულაჰ ფაზლულაჰმა შემზარავი გაფრთხილება გაავრცელა– ქალთა ყველა სკოლას მუშაობა ერთ თვეში უნდა შეეწყვიტა, წინააღმდეგ შემთხვევაში, სკოლებისთვის მძიმე შედეგებით დასრულდებოდა. მალალას ეს პერიოდი კარგად ახსოვს:

“როგორ უნდა შეგვაწყვეტინონ სკოლაში სიარული? ვფიქრობდი, ეს შეუძლებელია, როგორ შეუძლიათ ეს გააკეთონ?!”

მაგრამ მალალას  მამა და აჰმად შაჰი, რომელიც ასევე ფლობდა სკოლას, მიხვდნენ, რომ თალიბები ყოველთვის ასრულებენ მუქარას და იცოდნენ, რომ რეალურად შესაძლებელი იყო მათი გზავნილის შესრულება. მათ კონსულტაციები გაიარეს ადგილობრივი არმიის მეთაურებთან და ჰკითხეს, როგორ უნდა უზრუნველეყოთ სკოლის უსაფრთხოება:

“განგვიცხადეს, რომ შეძლებდნენ სკოლის უსაფრთხოების უზრუნველყოფას და გვითხრეს, სკოლები არ დაგვეხურა”– ყვება აჰმად შაჰი.

მაგრამ ეს უფრო იოლი სათქმელი იყო, ვიდრე შესასრულებელი. იმ დროისათვის მალალა 11 წლის იყო, თუმცა კარგად ხვდებოდა, რომ ბევრი რამ შეიძლება შეცვლილიყო:

“ადამიანებმა 10 და 11 წლის ასაკში არ უნდა იცოდნენ და ღელავდნენ ასეთ საკითხებზე, მაგრამ ჩვენ ვხედავდით ექსტრემიზმს და ტერორიზმს და მე უნდა მცოდნოდა ყველაფერი”,–ჰყვება იგი.

მან იცოდა, რომ მისი ცხოვრების წესი საფრთხის ქვეში იყო. როდესაც BBC–მ მალალას მამას ჰკითხა, იყვნენ თუ არა მსურველები ახალგაზრებს შორის, რომლებიც თავიანთ შეხედულებებს დააფიქსირებდნენ და თალიბების საფრთხის ქვეშ ცხოვრებაზე ისაუბრებდნენ, მამამ საკუთარი გოგონა დაასახელა. ასე შეიქმნა პაკისტანელი გოგონას დღიური, რომელიც BBC-ის ბლოგი იყო ურდუს ენაზე. ბლოგზე მალალა აქვეყნებდა ქრონიკებს იმ იმედის შესახებ, რომელიც სკოლაში სიარულის გაგრძელებას უკავშირდებოდა და წუხდა სვატის ხეობის მომავალზე. გოგონამ დაინახა, რომ ბლოგი იყო შესაძლებლობა:

“მე მსურდა ჩემს უფლებებზე საუბარი. არ მინდოდა ჩემი მომავალი ცხოვრება ოთხ კედელში გამეტარებინა, საჭმელების მომზადებასა და ბავშვების გაჩენაში. მე ვერ ვხედავდი ჩემს ცხოვრებას ასეთს”–ამბობს ის.

მართალია ბლოგი ანონიმური იყო, თუმცა მალალას საკუთარი მოსაზრების საჯაროდ დაფიქსირების არ ეშინოდა. 2009 წლის თებერვალში ის პაკისტანის ტელევიზიაში ჰამიდ მირის შოუში გამოვიდა.

“მე გაკვირვებული ვიყავი, რომ სვატში ცხოვრობს პატარა გოგონა, რომელსაც თავდაჯერებით საუბარი შეუძლია, ძალიან მამაცი და მკაფიოა. მაგრამ, ამავდროულად, შეშფოთებული ვიყავი მისი და მისი ოჯახის უსაფრთხოებით”,–იხსენებს ჰამიდ მირი.

იმ დროისათვის ითვლებოდა, რომ საფრთხე მალალას მამას ემუქრებოდა, რომელსაც აქტივისტად იცნობდნენ. გოგონა გრძნობდა, რომ თალიბები სვატამდე მივიდოდნენ და ძალიან ღელავდა მამაზე:

” ვეკითხებოდი ჩემ თავს, რას გავაკეთებდი, თუ თალიბები ჩვენს სახლში შემოვიდოდნენ? დავმალავდით მამას კარადაში და პოლიციას გამოვიძახებდით”.

არავინ ფიქრობდა, რომ თალიბების სამიზნე ბავშვი გახდებოდა.  იყო შემთხვევები, როცა მათ სამიზნე ქალი გახდა. 2009 წელს თალიბებმა მოცეკვავე ქალს ამორალურობაში დასდეს ბრალი და მისი სხეული მინგორას ცენტრში გამოფინეს. ამის შემდეგ მალევე გავრცელდა ვიდეო, სადაც თალიბების მიერ იმ გოგონას გაროზგვაა ასახული, რომელსაც, სავარაუდოდ, “არაკანონიერი ურთიერთობა” ჰქონდა მამაკაცთან.

ზიაუდინ იუსაფზაის, წესით, უნდა სცოდნოდა, რომ მალალას საფრთხე ემუქრებოდა, მაგრამ იმას, რაც მოხდა, ვერავინ წარმოიდგენდა:

‘მალალას ხმა ყველაზე გავლენიანი ხმა იყო სვატში, რადგან თალიბების სამიზნე გოგონათა სკოლა და მათი განათლება იყო, რაზეც არავინ საუბრობდა. როცა იგი ამ პრობლემაზე ალაპარაკდა, ყველამ მიანიჭა მას მნიშვნელობა”– ამბობს მალალას მამა.

2012 წელს, როცა მალალას ესროლეს, სვატში თალიბების გავლენა უკვე სუსტდებოდა. იქ არაერთი სამხედრო ოპერაცია ჩატარდა თალიბების გავლენის შესამცირებლად, მაგრამ ისინი სრულად არ გამქრალან:

“ცხოვრება ნორმალურად მიდიოდა მათთვის, ვინც წყნარად ცხოვრობდა, მაგრამ ვინც ხმას იღებდა, ისინი რისკის ქვეშ იყვნენ”– ამბობს მალალა, რომელიც ერთ–ერთი მათგანი აღმოჩნდა.

2012 წლის 9 ოქტომბერს, შუადღეს, მალალა სკოლიდან ბრუნდებოდა, ჭიშკართან სკოლის ავტობუსი ელოდებოდა, რომელშიც 3 რიგად არის სკამები და 20 ადამიანზეა გათვლილი. ავტობუსი სკოლის მოსწავლე გოგონებს და მასწავლებლებს ატარებს. მალალა სკოლასთან ახლოს ცხოვრობდა, ამიტომ ფეხით დადიოდა, თუმცა დედამ უთხრა, რომ უსაფრთხოებისთვის მანქანით ან ავტობუსით უნდა ევლო.

9 ოქტომბერს, შუა გამოცდების პერიოდში, მის საუკეთესო მეგობარ მონიბასთან ჩვეულებრივ სხვადასხვა საკითხებს განიხილავდა, მაგრამ როგორც დღეს იხსენებს, მაშინ სიტუაცია უჩვეულო ეჩვენა, რადგან შენიშნა, რომ გზა დაცლილი იყო:

“რატომ არავინაა აქ? ამჩნე, რომ ყველაფერი ისე არ არის, როგორც ჩვეულებრივ?”–კითხა მეგობარს.

რამდენიმე წუთის შემდეგ ავტობუსი ორმა ახალგაზრდა მამაკაცმა გააჩერა. მალალას ისინი არ დაუნახავს, თუმცა მუნიბამ დაინახა. მისი თქმით, ისინი კოლეჯის სტუდენტებს გავდნენ.  შემდეგ  შეკითხვა “ვინ არის მალალა?” გაიგონა და კითხვიდან გასროლამდე განვლილ წამებში  დაინტერესდა, იყვნენ თუ არა ჟურნალისტები ავტობუსში ასული მამაკაცები, რომლებიც მის მეგობარს ეძებდნენ. მაგრამ  მალევე მიხვდა, რომ მალალამ საფრთხე იგრძნო.

“მალალა ძალიან შეშინებული იყო. დანარჩენმა გოგონებმა მისკენ გაიხედეს და ასე ამოიცნეს თალიბებმა ის”– იხსენებს მონიბა.

ასევე დაშავდა ორი გოგონა, რომლებიც მალალას ახლოს ისხდნენ.

” გასროლის ხმა გავიგონე, მალალას თავზე დიდი რაოდენობის სისხლი დავინახე და უგონოდ დავეცი”.”,– იხსენებს მისი მეგობარი, რომელიც დაშავდა.

როცა საავადმყოფოში მივიდნენ, ავტობუსში მყოფთაგან ოთხი იყო დაშავებული. მონიბას ტანსაცმელი კი მალალას სისხლით იყო დასვრილი.

ინფორმაცია ელვის სისწრაფით გავრცელდა მთელ მსოფლიოში. გოგონას მამა პრესკლუბში იყო, როცა დაურეკეს და უთხრეს, რომ სკოლის ავტობუსს თავს დაესხნენ. იმწუთასვე გაიფიქრა, რომ მალალა იყო სამიზნე, შვილი კი უკვე საავადმყოფოში ნახა:

“შუბლზე, ლოყასა და ცხვირზე ვაკოცე და ვუთხარი, რომ ჩემი საამაყო შვილია”, – იხსენებს მამა.

მალალა თავში დაჭრეს. ყველა მიხვდა, მათ შორის პაკისტანის არმიიაც, რომ მისი სიცოცხლე საფრთხეში იყო. ვერტმფრენით სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, პეშავარში, რომელიც პაკისტანის საზღვართან მდებარეობს.

აღნიშნული საავადმყოფო საუკეთესოა რეგიონში, სადაც სამხედროების გარდა მოქალაქეებსაც უწევენ დახმარებას. მამა, რომელიც მალალასთან ერთად გაფრინდა, ყველაზე ცუდი ამბისთვის იყო შემზადებული:

“ეს ყველაზე რთული დღე იყო ჩემს ცხოვრებაში”,– იხსენებს ის.

მალალა ნეიროქირურგის, ჯუნაიდ ხანის ხელში აღმოჩნდა.

“თავდაპირველად მას ჰქონდა მგრძნობელობა, ღელავდა და ყველა კიდურს ამოძრავებდა”,– ამბობს ექიმი. მისივე თქმით, შემავალი ჭრილობა გოგონას მარცხენა წარბის ზემოთ ჰქონდა, საიდანაც ტყვია კისერში მოხვდა და საბოლოოდ უკანა მხარეს შეჩერდა.

სკანირებამ აჩვენა, რომ გოგონა სიცოხლისთვის საშიშ მდგომარეობაში იყო, ტვინის შეშუპება დაეწყო და გადაუდებელ ქირურგიულ ჩარევას საჭიროებდა.

“ტვინის ის ნაწილი, რომელიც დაზიანდა, განაპირობებს მეტყველების უნარს და მარჯვენა ხელისა და ფეხის მოძრაობის შესაძლებლობას. ტვინის ასეთ მგრძნობიარე ნაწილში ოპერაცია რისკებს შეიცავს, ადამიანი შესაძლოა ოპერაციის შემდეგ პარალიზდეს”,– აცხადებს ექიმი.

მიუხედავად რისკებისა, ექიმმა გოგონას მამას უთხრა, რომ ოპერაცია მალალას სიცოცხლის გადასარჩენად აუცილებელი იყო. ოპერაციის დროს თავის ქალის ნაწილი უნდა ამოეღოთ და ტვინი ზეწოლსიგან გაეთავისუფლებინათ.

მალალას თმის ნაწილი გადაპარსეს, გაჭრეს ძვალი და თავის ქალის ამოღებული ნაწილი მუცლის ღრუში მოათავსეს, რათა შემდეგ ადგილზე დაებრუნებინათ. სისხლის კოლტები და დაზიანებული ქსოვილი დიდი ძალისხმევით ამოიღეს ტვინიდან.

ექიმი იხსენებს, რომ ამ დღემდე მისთვის სახელი მალალა არ იყო ცნობილი, თუმცა მალევე მიხვდა, რომ მისი პაციენტის მიმართ დიდი ინტერესი იყო. საავადმყოფო კამერებით აღჭურვილმა ადამიანებმა ალყაში მოაქციეს.

ჰამიდ მირი, რომლის გადაცემაში მალალამ ქალთა განათლების უფლებაზე საჯაროდ ისაუბრა, თალიბების თავდასხმას, როგორც გადამწყვეტ მომენტს, იხსენებს:

“თითქოს სიმამაცე და ძალა გამიჩნდა, რომ საკმარისია, დროა, რომ განათლების მტრებზე ხმამაღლა ვილაპარაკოთ. თუ მათ  შეუძლიათ სამიზნედ ისეთი პატარა გოგო გახადონ, როგორიც მალალაა, ნიშნავს, რომ ყველა მათი სამიზნეა”.

პაკისტანში ხალხი გაბრაზდა, არა მხოლოდ თალიბებზე, ასევე მთავრობაზე, რომელიც პასუხისმგებელი იყო მალალას უსაფრთხოებაზე და ეს ვერ შეასრულა.

“მალალა პაკისტანის მფარველობის ქვეშ უნდა ყოფილიყო”,– ამბობს ჰამიდ მირი– “მას არ უნდა ევლო თანმხლები პირის გარეშე, არც მას და არც ერთ სტუდენტს,  თალიბებით და შეიარაღებული პირებით სავსე ადგილზე”.

ინტენსიური თერაპიის შემდეგ მალალას მდგომარეობა გამოსწორდა. მის გამოჯანსაღებას თვალს ადევნებდნენ არა მხოლოდ პაკისტანში, ასევე, მთელ მსოფლიოში. ისლამაბადში არმიის მთავარსარდალი აშფაქ კაიანი დიდ ინტერესს იჩენდა მალალას ჯანმრთელობისადმი და სურდა სცოდნონდა  საბოლოო აზრი მისი შანსების შესახებ.

გოგონას გაუმართლა, რადგან მისი მკურნალობის დროს პაკისტანში ბრიტანელი ექიმების გუნდი ჩავიდა. ექიმთა ჯგუფში იყო  ჯავიდ კაიანი, რომელიც წარმოშობით პაკისტანელია, თუმცა ბრიტანეთში მუშაობს და სამშობლოსთან ურთიერთობას ინარჩუნებს. მალალას ასაკიდან გამომდინარე, მან დახმარება ინტენსიური პედიატრიული ზრუნვის სპეციალისტს, ფიონა რეინოლდსას სთხოვა:

“მას ესროლეს, რადგან განათლების მიღება სურდა. მე პაკისტანში ვარ, რადგან ვარ ქალი, რომლსაც განათლება მიღებული აქვს, და მივხვდი, რომ არ შემეძლო “არა”–ს თქმა”– ამბობს რეინოლდსი.

ის, რაც პეშავარში ბრიტანელმა ექიმებმა აღმოაჩინეს, არ იყო იმედის მომცემი. მართალია, მალალას ოპერაცია საჭირო დროს საჭირო ადგილას ჩაუტარდა, თუმცა პოსტოპერაციული ზედამხედველობა არ იყო სრულყოფილი. მსგავს პაციენტს ბრიტანეთში სისხლის წნევას განუწყვეტლივ რეჟიმში უმოწმებენ, მალალას სამედიცინო ისტორიის მიხედვით, მას 2 საათის წინ ჰქონდა ბოლოს წნევა შემოწმებული.

ექიმ რეინოლდსის განცხადებით, მალალას დიდი შანსები ჰქონდა, მაგრამ ყველაფერი პოსტოპერაციულ მზრუნველობაზე იყო დამოკიდებული.

“ინტენსიური ზედამხედველობის ხარისხი იყო ის, რაც საბოლოო შედეგს განსაზღვრავდა, როგორც სიცოცხლის გადარჩენის, ასევე ტვინის ფუნქციების მაქსიმალურად შენარჩუნების თვალსაზრისით”,–ამბობს ექიმი.

მალალას მდგომარეობა პეშვარში დამძიმდა და მისი გადაყვანა ისლამაბადის საავადმყოფოში გადაწყვიტეს. გოგონას თირკმელის, გულის და სისხლის მიმოქცევის მდგომარეობა გაუუარესდა.

გადაყვანიდან რამდენიმე დღეში გოგონას მდგომარეობა სტაბილური გახდა. ექიმ რეინოლდს კვლავ ჰკითხეს აზრი მალალას რეაბილიტაციის საკითხზე. მისი აზრით, ყველაფერი, გოგონას ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად საჭირო საშუალებები ბრიტანეთში, ბირმინგემის საავადმყოფოში იყო ხელმისაწვდომი.

2012 წლის 15 ოქტომბერს მალალა ბირმინგემში, დედოფალ ელისაბედის ჰოსპიტალში გადაიყვანეს, სადაც 3 თვე გაატარა. თავდაპირველად გოგონა ხელოვნურად გამოწვეული კომის მდგომარეობაში ჰყავდათ, თუმცა რამდენიმე დღეში ექიმებმა უარი თქვეს აღნიშნულ ტექნიკაზე.  მისი ბოლო მოგონება სვატში, სკოლის ავტობუსში ყოფნას უკავშირდება, როცა გაიღვიძა, აბსოლუტურად უცნობი ადამიანებით იყო გარემოცული.

“როცა თვალი გავახილე, პირველად ექთნები და ექიმები დავინახე და გავიფიქრე, მადლობა ღმერთს, მადლობა ალაჰს, რომ კიდევ ერთი სიცოცხლე მომცა და მე გადავრჩი”,– იხსენებს მალალა.

ამ დროს მალალას ოჯახი ჯერ კიდევ პაკისტანში იმყოფებოდა, მაგრამ გოგონას გვერდით ექიმი კაიანი იყო, რომელმაც აუხსნა თუ სად იყო:

“ვიცოდი, რომ არ შეეძლო საუბარი, რადგან ყელში მილი ჰქონდა ჩადგმული სუნთქვის გასაუმჯობესებლად, მაგრამ ესმოდა ჩვენი და ვუთხარი, სადაც იმყოფებოდა. მალალამ თვალების მოძრაობით მანიშნა, რომ გაიგო”,– ამბობს კაიანი.

გოგონამ ექიმს ჟესტებით მიანიშნა, რომ რაღაცის დაწერა სურდა, კალმის და ფურცლის მიტანის შემდეგ მან ვერ შეძლო კალმის გამოყენება, რაც არ არის უცნაური ტვინის დაზიანების შემდეგ. ამის შემდეგ მალალას დაფა მოუტანეს ანბანთან ერთად. იგი ასოებს უთითებდა. პირველი სიტყვა, რაც მალალამ დაწერა, “ქვეყანა” იყო. გოგონას უთხრეს, რომ იგი ბრიტანეთში იმყოფებოდა, შემდეგ სიტყვა “მამა” დაწერა. მას გააგებინეს, რომ მამამისი პაკისტანშია და რამდენიმე დღეში ჩამოვა. გოგონასთან პირველი გასაუბრება ამით ამოიწურა.

მოგვიანებით მალალას ვარდისფერი რვეული მიუტანეს კითხვების დასაწერად. შეკითხვა, რომელიც გოგონამ დასვა, ასე გამოიყურებოდა– ვინ დამმართა ეს? კითხვის ფორმულირებამ ექიმ რეინოლდს დიდი იმედი გაუჩინა.

‘გამიჩნდა იმედი, რომ მისი აზროვნების უნარები ნორმაშია, გამიჩნდა იმის იმედიც, რომ არ დაუკარგავს მეტყველების უნარი”,– ამბობს ექიმი.

ექიმების დღის წესრიგში ახალი საკითხი დადგა, გოგონას სახის მარცხენა მხარე პარალიზდა, რაც განსაკუთრებულად სტერსული იყო მალალას მშობლებისთვის:

“როდესაც მან გაღიმება სცადა, მე  ჩემს ცოლს შევხედე და მის სახეზე ჩრდილი დავინახე, ის ფიქრობდა, რომ ეს არ იყო გოგონა, რომელიც მან გააჩინა, შვილი, რომელიც ჩვენ ცხოვრებას აფერადებდა”, – იხსენებს მამა.

ტესტირების და სკანირების შემდეგ ექიმი რიჩარდ ირვინგი მიხვდა, რომ სახის ნერვი ბუნებრივად არ რეაბილიტირდებოდა და ქირურგიული ჩარევა იყო საჭირო. თუმცა ზუსტად არ იცოდა ნერვის მდგომარეობა. ნოემბერში ჩატარებული 10- საათიანი ოპერაციის დროს ირვინგმა აღმოაჩინა, რომ ნერვი მნიშვნელოვნად იყო დაზიანებული, კონკრეტულად კი ნერვის 2- სანტიმეტრიანი მონაკვეთი აღარ არსებობდა. მდგომარეობის გასაუმჯობესებლად გაყოფილი ბოლოები უნდა შეეერთებინათ, მაგრამ არარსებული მონაკვეთის გამო ნერვის პირველადი მარშრუტის მიხედვით შეერთება შეუძლებელი იყო, ამიტომ ექიმმა გადაწყვიტა, ნერვი მოკლე მანძილზე შეერთებინა.

თებერვალში მალალას კიდევ ერთი ოპერაცია ჩაუტარდა, თავის ქალის კონკრეტულ მონაკვეთზე ამოღებული ნაწილი ტიტანის ფირფიტით შეცვალეს. შემდეგ კი კოხლეალური იმპლანტი (კოხლეა – ყურის შიდა ნაწილის სასმენი ფუნქციის მქონე ნაწილი) მოათავსეს მალალას მარცხენა ყურში, რათა ტყვიით გამოწვეული ზიანი გამოსწორებულიყო. ექიმებმა განაცხადეს, რომ მეტი ოპერაცია საჭირო აღარ გახდებოდა. სახის მდომარეობა კი ფიზიოთერაპიის დახმარებით თანდათან გაუმჯობესდებოდა. 

სროლიდან 9 თვის გასვლის შემდეგ, 2013 წლის 12 ივლისს, მალალა გაერთიანებული ერების მთავარ შტაბბინაში იმყოფებოდა, ნიუ–იორკში, სპეციალურად მოწვეული ახალგაზრდების ასამბლეაზე. ეს მისი მე–16 დაბადების დღე იყო და მის გამოსვლას მთელი მსოფლიოს მასშტაბით გადასცემდნენ.

“ერთ ბავშვს, ერთ მასწავლებელს, ერთ წიგნს და კალამს შეუძლია მსოფლიოს შეცვლა”,– ამბობდა ის.

“როდესაც შევხედე 400 ახალგაზრდას მსოფლიოს 100 ქვეყნიდან, მე ვთქვი, რომ არ ველაპარაკებოდი მხოლოდ ამერიკელ, ან დანარჩენი ქვეყნების წარმომადგენლებს, მე მსოფლიოს ყველა მოქალაქეს ველაპარაკებოდი”,– ამბობს მალალა დღეს.

გოგონას მამა მალალას გამოსვლას აფასებს, როგორც იერიშის მიტანას იმ სტერეოტიპებზე, რომლებიც პუშტუნების, მუსლიმების და პაკისტანელების მიმართ არსებობს:

“ის ეუბნებოდა მსოფლიოს, რომ ჩვენ არ ვართ ტერორისტები, მშვიდობიანი ხალხი ვართ და გვიყვარს განათლება”,– ამბობს მამა.

მალალამ იმ დღეს ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ–მინისტრი გორდონ ბრაუნი გაიცნო, რომელიც გაეროს სპეციალური წარმომადგენელია გლობალური განათლებისთვის.

“მალალას გამო ადამიანები მიხვდნენ, რომ განათლების პრობლემა გლობალურია და უნდა ვიმუშაოთ მის აღმოსაფხვრელად”,– ამბობს ბრაუნი.

მალალა მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზეა წარდგენილი. ვის გადაეცემა პრემია, 2013 წლის 11 ოქტომბერს გაირკვევა.

გოგონა სვატის ხეობიდან გლობალური ფენომენი გახდა, მაგრამ მას სჯერა, რომ შეძლებს პაკისტანში დაბრუნებას. თუმცა ცოტა ადამიანი თუ ურჩევს ამის გაკეთებას, რადგან მისი უსაფრთხოება ვერ იქნება დაცული. მალალას აკრიტიკებენ კიდეც, რადგან დიდ ყურადღებას იპყრობს, განსაკუთრებით დასავლეთში:

“კრიტიკა მათი უფლებაა, მე კი მაქვს ჩემი უფლება, ვთქვა ის, რაც მსურს. ჩემი სურვილია განათლებისთვის რამე გავაკეთო”– ამბობს მალალა.

16 წლის ასაკში ის კარგად ათავსებს ერთმანეთთან მის საჯარო  და სკოლის ცხოვრებას:

“მე ისევ ძველი მალალა ვარ, ვცდილობ ჩვეულებრივ ვიცხოვრო. მაგრამ, დიახ, ჩემი ცხოვრება მნიშვნელოვნად შეიცვალა”.

ხანდახან მალალას ძველი ანონიმურობა ენატრება, მაგრამ ამბობს, რომ ადამიანის ბუნებაა ასეთი, სურდეს ის, რაც არ აქვს. მას უამრავი კეთილისმსურველი ჰყავს. BBC-ის ჟურნალისტი წერს, რომ რამდენიმე მათგანს სვატის ხეობაშიც შეხვდა.

ახალგაზრდა კაცი სახელად ფარჰანულაჰი ამბობს: 

“მალალა “პაკისტანის ქალიშვილია”,  ჩვენ უნდა ვიამაყოთ იმ მსხვერპლით, რომელიც მან პაკისტანისთვის გაიღო. მინდა ვუთხრა მას, რომ ბრძოლა უნდა განაგრძოს, ჩვენ მასთან ვართ”.

გოგონას ხმა, რომლის გაჩუმებაც თალიბებმა ერთი წლის წინ სცადეს, იმდენად გაძლიერდა, რომ ამის წარმოდგენა არავის შეეძლო. შეკითხვაზე, რას მიაღწიეს შეიარაღებულმა პირებმა ერთი წლის წინანდელი მცდელობით, მალალა ღიმილით პასუხობს:

“ვფიქრობ, რომ შესაძლოა ნანობდნენ, მალალას რომ ესროლეს, რადგან დღეს მას მსოფლიოს ყველა კუთხეში უსმენენ”.

მასალების გადაბეჭდვის წესი