ახალი ამბები

ხმალაძე მიიჩნევს, რომ 2014 წლის ბიუჯეტის მთელი რიგი დებულებები დაუსაბუთებელია

8 ოქტომბერი, 2013 •
ხმალაძე მიიჩნევს, რომ 2014 წლის ბიუჯეტის მთელი რიგი დებულებები დაუსაბუთებელია

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე მიიჩნევს, რომ ბიუჯეტის მთელი რიგი დებულებები დაუსაბუთებელია. დეპუტატის თქმით, ბიუჯეტის კანონს არ ახლავს სათანადო განმარტება თანხებთან დაკავშირებით:

 

“ძირითადი შენიშვნები ეხება ბიუჯეტის მთელი რიგი დებულებების დაუსაბუთებლობას. ჩვენ საუბარი გვქონდა იმ უწყებებზე, რომლებიც შემოდის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის კონტროლის სფეროში, ესაა იუსტიციის სამინისტრო, შს სამინისტრო, სასჯელაღსრულების სამინისტრო ნაწილობრივ. სათაურებიდან ჩანს, რა ტიპის პროექტების დაფინანსებისთვის გამოიყოფა თანხები, მაგრამ ამ კანონს არ ახლდა სათანადო დასაბუთება, თუ რატომ ამდენი და არა სხვა თანხა. ჩვენ არაერთგზის გვითქვამს, რომ ბიუჯეტები უნდა იყოს პროგრამული, ნაწილობრივ არის პროგრამული საკითხები, მაგრამ ჯერ კიდევ არასრულფასოვანი არის.”

 

იურიდიულ საკითხთა კომიტეტი რეკომენდაციით მიმართავს მთავრობას, რომ მომავალში ყველა ცალკეულ პროგრამას თან ახლდეს ზუსტი აღწერა:

 

“ჩვენი რეკომენდაცია ასეთია, რომ სამომავლოდ ყველა ამ დაფინანსებას, ყველა ცალკეულ მიმართულებას, ცალკეულ პროგრამას თან ახლდეს ზუსტი აღწერა, რომ ყველასთვის ცხადი იყოს, რა იხარჯება, რამდენი იხარჯება, რისთვის იხარჯება, რომ ეს კითხვები აღარ არსებობდეს, ეს სამომავლოდ. ხოლო ამჟამად, უკვე როდესაც პარლამენტში, სხდომებზე დაიწყება ბიუჯეტის პროექტის განხილვა, იქ იქნეს წარმოდგენილი პასუხები იმ კითხვებზე, რომლებიც დაისვა კომიტეტში თანხების დაფინანსებასთან დაკავშირებით.

 

“ზოგადად, ყველა სამინისტროს ექნებოდა იმის სურვილი, რომ გაზრდილიყო დაფინანსება, მათ შორის გაზრდილიყო ხელფასი, მაგრამ მოგეხსენებათ, რა სიგრძეც გვაქვს საბანი, ფეხი იმდენზე უნდა გავჭიმოთ და ჩვენი საბანი არ არის ძალიან გრძელი, სამწუხაროდ,” – აღნიშნა ვახტანგ ხმალაძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი