ახალი ამბები

აგულაშვილის პასუხი ონიშენკოს: ჩვენს სტრატეგიაში პირველი ადგილი სულაც არ უკავია რუსეთს

8 ოქტომბერი, 2013 •
აგულაშვილის პასუხი ონიშენკოს: ჩვენს სტრატეგიაში პირველი ადგილი სულაც არ უკავია რუსეთს

გიგლა აგულაშვილი აცხადებს, რომ რუსეთი და საქართველო, ორივე მხრიდან ნდობით აღჭურვილ ლაბორატორიაზე უნდა შეთანხმდნენ:

 

„ჩვენი უპირველესი ამოცანაა, რომ არ ვიყოთ დამოკიდებული ცალკეული ადამიანების, ცალკეული პერსონების, პოლიტიკოსების თუ არაპოლიტიკოსების განცხადებებზე, მოსაზრებებზე, განწყობებზე და იყოს ობიექტური რეალობის დადგენის შესაძლებლობა. მხარეები უნდა შევთანხმდეთ, რომ არსებობს ორივე მხრიდან ნდობით აღჭურვილი ლაბორატორია, ეს შეიძლება იყოს საქართველოში, შეიძლება იყოს რუსეთის ტერიტორიაზე, შეიძლება იყოს ნეიტრალურ ტერიტორიაზე, რომლის მიერ აღიარებული სტანდართით შემოწმებას აღიარებს ერთი მხარეც და მეორე მხარეც, ორივეს აქვს ნდობის მაღალი ხარისხი და ასეთ შემთხვევაში, ვფიქრობ, ასეთი ტიპის განცხადებებს აღარ უნდა ველოდოთ.”

 

დეპუტატი განმარტავს, რომ საკითხის პოლიტიზება არ სურს. მისივე თქმით, 2006 წლის ემბარგოს შემდეგ ქართული ღვინის წარმოება კი არ მოკვდა, არამედ განვითარდა:

 

“მე არ მინდა საკითხის პოლიტიზირება, მე არ ვიცი, რას ეყრდნობოდა განცხადების ავტორი, როდესაც ასეთი, როგორც სჩვევია ხოლმე, მკაცრი განცხადება გააკეთა. ერთი რამ შემიძლია ვთქვა, ჩვენი პოლიტიკა მიმართულია მაღალი ხარისხის პროდუქციის წარმოებისკენ და ამ პოლიტიკას ჩვენ გავაგრძელებთ რუსეთთან ერთად თუ რუსეთის გარეშე, იყიდის, თუ არ იყიდის რუსეთი ქართულ ღვინოს,  ერთხელ უკვე ჩვენ ამის გამოცდიელბა გვქონდა. 2006 წლის ემბარგოს შედეგად ქართული ღვინის წარმოება კი არ მოკვდა, როგორც ამას ბევრი ელოდებოდა, პირიქით, განვითარდა და მოახერხა საერთაშორისო არენაზე სხვა ბაზრების დივერსიფიცირება. დივერსიფიცირების პოლიტიკა გაგრძელდება ქართული ღვინის პოპულარიზაციის კუთხით და ამ კუთხით, ჩვენს სტრატეგიაში პირველი ადგილი სულაც არ უკავია რუსეთს. უნდა ჩვენი მაღალი ხარისხის ღვინო, კი, ბატონო, შეიძინონ, არ უნდათ? – არიან ქვეყნები, რომლებიც ამ მხრივ საკმაოდ დაინტერესებას იჩენენ და ამ პროცესს ჩვენც ხელს შევუწყობთ. “

 

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეს, დავით შერვაშიძეს სურს დაიჯეროს, რომ ქართულ ღვინოს რუსულ ბაზარზე პრობლემები არ შეექმნება:

 

“ძალიან სამწუხაროა, მაგრამ ნება მიბოძეთ, გითხრათ, რომ ეს არის წმინდა ტექნიკური საკითხი. ქართული პროდუქციის რეალიზებას რუსეთის ბაზარზე პრობლემები არ შეექმნება, ეს მინდა დავიჯერო. რაც შეეხება ამ კონკრეტულ შემთხვევას, უნდა გავერკვეთ, ვნახოთ, რასთან გვაქვს საქმე და იმის შემდეგ, რაც ჩვენ ამ ტექნიკურ საკითხებში გავერკვევით, შესაბამის კომენტარსაც გავაკეთებთ.”

 

რუსეთის სანიტარული უწყება რუსულ ბაზარზე 28 სახეობის ქართული წარმოების ალკოჰოლური სასმელის დაშვებას არ აპირებს. ამის შესახებ “ინტერფაქსს” რუსეთის მთავარი სანიტარული უწყების ხელმძღვანელმა გენადი ონიშენკომ განუცხადა.

 

ონიშენკოს უწყების მიერ რუსულ ბაზარზე არდაშვებული პროდუქციის მწარმოებლებს შორის არიან “იმედი 96”, “შუხმან ვაინს ჯეორჯია”, ‘ასკანელი ძმები”, “ახალშენი – 2005”.

 

“ამ ყველაფერმა გვაიძულა ჩვენ, რომ ისევ შევიტანოთ ეჭვი ქართული მხარის სურვილში გრძელვადიანი, სტაბილური და ცივილიზებული ურთიერთობების დამყარებასთან დაკავშირებით ჩვენთან, რაც გულისხმობს იმას, რომ რუსულ ბაზარზე შემოტანილი ალკოჰოლური სასმელების ხარისხი სტაბილური უნდა იყოს”, – განაცხადა ონიშენკომ და დასძინა, რომ, როგორც ჩანს, საქართველოში ყველა მწარმოებელს არ გამოუტანია სწორი დასკვნები იმ მრავალწლიანი ურთიერთობებიდან, რომელიც ამ მხრივ არსებობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი