ახალი ამბები

ქუმსიშვილი გუდაურში მომხდარზე: ვფიქრობ, აქ ძალიან სერიოზული პასუხისმგებლობები დადგება

16 მარტი, 2018 • 1940
ქუმსიშვილი გუდაურში მომხდარზე: ვფიქრობ, აქ ძალიან სერიოზული პასუხისმგებლობები დადგება

საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა და პირველმა ვიცეპრემიერმა გუდაურში მომხდართან დაკავშირებით განაცხადა, რომ დამნაშავე უმკაცრესაც უნდა დაისაჯოს.

დღეს, 16 მარტს,გუდაურში მწყობრიდან გამოვიდა ერთ-ერთი საბაგირო, რის გამოც 10-მდე ადამიანი დაშავდა. დაშავებულების მდგომარეობა, სასწრაფოს განცხადებით, საშუალო სიმძიმისაა. დაშავებულებს შორის არიან რუსი, უკრაინელი და შვედი ტურისტებიც.

ქუმსიშვილის განცხადებით, საბაგირო გზა გუდაურში დეკემბერში შემოწმდა:

“საბაგირო გზა იყო შემოწმებული, თუმცა ამას არ აქვს არანაირი მნიშვნელობა. შემთხვევა მოხდა. საბაგირო გზა იყო შემოწმებული, მას ჩაუტარდა შემოწმება დეკემბრის ბოლოს ზუსტად ისე, როგორც უნდა ჩატარებოდა, მაგრამ, ფაქტი მოხდა. ახლა უკვე გამოძიებამ უნდა დაადგინოს და აუცილებლად, უმკაცრესად უნდა დაისაჯოს ის, ვინც ამაში დამნაშავე გამოვლინდება. ვფიქრობ, აქ ძალიან სერიოზული პასუხისმგებლობები დადგება,”- განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა რუსთავი 2-თან საუბრისას.

მინისტრის თქმით, დაშავებულების დასახმარებლად ყველა მობილიზებილია, მათ შორის გამოძახებულია ვერტმფრენი:

“რა თქმა უნდა, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ არავის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე უკვე აღარ დაემუქროს. რაც მოხდა – ეს მოხდა უბედურება,”- განაცხადა ქუმსიშვილმა.

გუდაურში საბაგიროს მწყობრიდან გამოსვლასთან დაკავშირებთ, რასაც 10-მდე ადამიანის დაშავება მოჰყვა, გამოძიება დაიწყო. პირველადი ინფორმაციით,  სათხილამურო ტრასაზე, საბაგირო ავარიულად გაჩერდა და უკუსვლით ამოძრავდა, რის შედეგადაც,  10-მდე მოქალაქე დაშავდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი