ახალი ამბები

როგორ აპირებს ნინო ბურჯანაძე “სამართლიანობის აღდგენას”

7 ოქტომბერი, 2013 • • 1506
როგორ აპირებს ნინო ბურჯანაძე “სამართლიანობის აღდგენას”

დარბაზში შეკრებილ სტუმრებს, მის მხარდამჭერებს, ეკონომისტებს, პოლიტოლოგებს, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებსა და ჟურნალისტებს ნინო ბურჯანაძე ერთი საათის განმავლობაში აცნობდა თავის ხედვებს, თუ რა უნდა გააკეთოს მომავალმა პრეზიდენტმა ქვეყნის წინაშე მდგარი გამოწვევების გათვალისიწინებით, თუმცა პროგრამის გაცნობის შემდეგ ჩნდება კითხვა: ექნება თუ არა მთავრობისგან დამოუკიდებლად მოთამაშე პრეზიდენტს იმ ყველაფრის განხორციელების შესაძლებლობა, რაც იქ წერია?

 

ნინო ბურჯანაძე აღიარებს, რომ საზოგადოების წინაშე თავისი საპრეზიდენტო პროგრამის წარდგენა გარკვეულწილად დაუგვიანდა, თუმცა ამ ფაქტს იმით ხნის, რომ პროგრამა მოსახლეობასთან შეხვედრებისას  ჩამოყალიბებული მოსაზრებებისა და ხედვების საფუძველზე შემუშავდა, რამაც პროცესის დროში გაწელვა გამოიწვია, შესაბამისად, იგი ამტკიცებს, რომ ამ პროგრამაში იმ ადამიანების პოზიციებია გათვალისწინებული, ვისაც წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ხვდება.

 

რას ნიშნავს სამართლიანობის აღდგენა?


ბურჯანაძის წინასაარჩევნო რიტორიკის უმთავრესი ლოზუნგი სამართლიანობის აღდგენაა. ეს კი, როგორც მისი პროგრამიდან ირკვევა, სამართლიანი სამართლის არსებობას ნიშნავს.

 

“საქართველოში უსამართლო კანონები აღარ უნდა მოქმედებდეს. უნდა გადაიხედოს ბოლო წლების განმავლობაში მიღებული კანონები. შესამუშვებელია კონსტიტუცია, რომელიც რომელიმე პოლიტიკოსის ან პარტიის ინტერესებს კი არა, ხალხის ინტერესებს მოემსახურება. სამართლიანობა ყველგან და ყველასთვის ნიშნავს, ერთი მხრივ, უდანაშაულობის პრეზუმფციის პატივისცემას, მეორე მხრივ კი, დაუსჯელობის სინდრომის აღმოფხვრას. კანონის წინაშე ყველა თანასწორი უნდა იყოს. გამოძიებულ უნდა იქნეს ყველა რეზონანსული საქმე. უზრუნველყოფილ უნდა იქნეს ობიექტური გამოძიებისა და მიუკერძოებელი სასამართლო პროცესის ჩატარება. მოქალაქეთა საჩივრების შესასწავლად უნდა შეიქმნას სპეციალური კომისიები. დამნაშავე სისტემის შემქნელნი, ქვეყნის ტერიტორიების დამკარგავნი და 2008 წლის ომის შემოქმედნი უნდა წარდგნენ მართლმასაჯულების წინაშე და კანონის მთელი სიმკაცრით დაისაჯონ. ეს პროცესი უნდა ჩატარდეს კვალიფიციურად და ობიექტურად, რათა გამოირიცხოს რევანშისა და პოლიტიკური ანგარიშსწორების უმცირესი შესაძლებლობაც კი. არასოდეს არ უნდა დაგვავიწყდეს: სადაც არ არის სამართლიანობა – იქ არ იქნება მშვიდობა”, – ნათქვამია ბურჯანაძის პროგრამის იმ თავში, რომელიც სწორედ სამართლიანობის აღდენის თემას ეხება.

 

ბურჯანაძე სასამართლო სისტემის რეფორმირებასაც გეგმავს. მისი თქმით, უნდა შეიცვალოს იუსტიციის საბჭოს დაკომპლექტების წესი.

 

“დაუშვებელია მოსამართლეთა, მით უფრო დღეს მოქმედ მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნა. უნდა გადაიხედოს ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის საჭიროების საკითხი. უნდა დადგეს იმ მოსამართლეთა პასუხისმგებლობის საკითხი, რომლებიც პოლიტიკურ დაკვეთებს ასრულებდნენ. უნდა აღდგეს კერძო არბიტრაჟი”.

იურისტი კახი კახიშვილი, რომელიც ბურჯანაძის პროგრამის პრეზენტაციას ესწრებოდა, იზიარებს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ სასამართლო რეფორმა საჭიროა, თუმცა აცხადებს, რომ ცალკე აღებულ პრეზიდენტს უფლებამოსილების თვალსაზრისით არ ექნება ამ რეფორმის განხორციელებისათვის საჭირო საკანონმდებლო ბერკეტები:

“თუმცა ჩვენთან პიროვნება ქმნის თანამდებობის წონას და ფასს. სამწუხაროდ, ვინაიდან მყარი არ არის დემოკრატიის ღერძები, კონკრეტული თანამდებობის წონა, ფასი და შესაძლებლობები განისაზღვრება პიროვნების მიერ. მართალია, ახლა პრეზიდენტს შესაძლოა არ აქვს ის ბერკეტები, რომელიც ჰქონდა სააკაშვილს, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ პრეზიდენტი მაინც იქნება პირდაპირი წესით ხალხის მიერ არჩეული თანამდებობის პირი, აქედან გამომდინარე მას ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური წონა ექნება. შესაძლებელია ამ კუთხით აპირებს პრეზიდენტობის კანდიდატი ბურჯანაძე ამ რეფორმების უზრუნველყოფას. ახალი კონსტიტუციით პრეზიდენტი არის მოდერატორი პარლამენტსა და მთავრობას შორის, აქედან გამომდინარე, მთავარია, სურვილი გქონდეს რამის გაკეთების, თუ სურვილი გაქვს, ყველაფერს გააკეთებ”, – ამბობს კახიშვილი “ნეტგაზეთთან” და დასძენს, რომ ბურჯანაძის პროგრამაში მოყვანილი თეზისები შესრულების პერსპექტივის თვალსაზრისით მეტნაკლებად დასაბუთებულია.

 

ნინო ბურჯანაძე, 2013 წელი, საარჩევნო კამპანია
ნინო ბურჯანაძე, 2013 წელი, საარჩევნო კამპანია

 

სამართლიანობის აღდგენის კონტექსტში ნინო ბურჯანაძე აცხადებს, რომ უნდა დაიწყოს საკუთრების უფლების დაცვა, რაც მათ შორის გულისხმობს წართმეული ქონებისა და ბიზნესის დაბრუნების პროცესს და დაზარალებულებისათვის ფინანსური კომპენსაციების გადახდას, თუმცა, რა მექანიზმით უნდა მოხდეს ბიუჯეტიდან ასეთი თანხების მობილიზება, ამის შესახებ პროგრამაში ნათქვამი არ არის. მის ერთ–ერთ თავში აღნიშნულია, რომ “ყველა კანონიერი ხერხის გამოყენებით საქართველოს უნდა დაუბრუნდეს ნაცმოძრაობის მმართველობისას დატაცებული თანხები, რომლებიც სხვადასხვა მონაცემით 7–9 მილიარდ დოლარამდეა”, თუმცა პროგრამის მიხედვით, ამ თანხების მობილიზება სოციალური პრობლემების მოგვარებასა და ეკონომიკის განვითარებას უნდა მოხმარდეს.

ბურჯანაძის საგარეო პოლიტიკა


ნინო ბურჯანაძის საპროგრამო დოკუმენტის მიხედვით, მისი, როგორც პრეზიდენტის, ამოცანა იქნება საქართველოს საერთაშორისო ურთიერთობათა სისტემის ობიექტის ნაცვლად მის სუბიექტად ჩამოყალიბება. გარდა ამისა, ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფის და განმტკიცების მიზნით, უნდა გამოირიცხოს ავანტიურიზმი საერთაშორისო ურთიერთობებში და საქართველო დიდი სახელმწიფოების დაპირისპირების პოლიგონის ნაცვლად მათი ინტერესების საქართველოს ეროვნულ ინტერესებთან შეჯერების სივრცედ უნდა იქცეს. საგარეო პოლიტიკის კუთხით, ბურჯანაძე ევროატლანტიკურ განვითარებას უსვამს ხაზს, თუმცა აცხადებს, რომ:

 

“ჩრდილოატლანტიკურ სივრცესთან თანამშრომლობა უნდა იყოს თანასწორუფლებიანი და უპირველეს ყოვლისა, ჩვენი ქვეყნის ეროვნული და სახელმწიფოებრივი ინტერესების გათვალისწინებაზე აგებული. ნატოსთან ურთიერთობა არ უნდა იყოს მიმართული მესამე ქვეყნების ლეგიტიმური ინტერესების წინააღმდეგ, არამედ უნდა ემსახურებოდეს რეგიონში უსაფრთხოების განმტკიცებას. საქართველო არ შეუწყობს ხელს რუსეთის, ან რომელიმე სხვა მეზობელი სახელმწიფოს ეროვნული უსაფრთხოებისთვის მუქარის შექმნას”.

 

ნინო ბურჯანაძეს არ განუმარტავს, თუ რას გულისხმობს მესამე ქვეყნების ლეგიტიმურ ინტერესში, როდესაც საქმე საქართველოსა და ნატოს ურთიერთობას ეხება, მან მხოლოდ დააკონკრეტა, რომ ლეგიტიმურ ინტერესს გულისხმობს და არა – ახირებებს.

 

პრეზიდენტობის კანდიდატი “დემოკრატიული მოძრაობიდან” ასევე საუბრობს რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზებაზე და აცხადებს, რომ ეს პროცესი საქართველოს ახალმა ხელისუფლებამ სიმულაციად გადააქცია და არა რეალურ შედეგად:

 

“ჩემი, როგორც პრეზიდენტობის კანდიდატის, უმთავრესი მიზანია: რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზება მაქსიმალურად ინტენსიურად წარიმართოს. რუსეთი უნდა დარწმუნდეს, რომ საქართველო მისთვის მტერი არ არის. მე უზრუნველვყოფ რუსეთთან ფართომასშტაბიანი მოლაპარაკებების დაწყებას, მათ შორის, ცხადია, ყველაზე მტკივნეულ თემებზე და არა მხოლოდ ბაზრის ნაწილობრივ აღდგენაზე”.

 

“დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერი საპროგრამო დოკუმენტში აფხაზებთან და ოსებთან ნდობის აღდგენასა და დევნილების სახლებში დაბრუნებაზეც აკეთებს აქცენტს. ამ კუთხით მან დღევანდელ პრეზენტაციაზე აფხაზ და ოსურ მხარეებთან პირდაპირი დიალოგიც ახსენა, ყველა დონეზე. ბურჯანაძემ არ უპასუხა დღეს “ნეტგაზეთის” შეკითხვას, გულისხმობს თუ არა იგი პირდაპირ დიალოგში, მაგალითად, საქართველოს პრეზიდენტის მოლაპარაკებას ალექსანდრე ანქვაბთან. ბურჯანაძე აცხადებს, რომ პირდაპირი დიალოგის საკითხზე მას მოსახლეობის მხარდაჭერა აქვს:

 

“ჩვენი პროგრამის შემუშავება დროში გარკვეულწილად სწორედ იმიტომ შეფერხდა, რომ ძირითადი დებულებები მე გავაირე მოსახლეობასთან შეხვედრების დროს. ჩვენ ვეუბნებოდით ადამიანებს ჩვენ ხედვას და ვისმენდით მათ მოსაზრებას. გარწმუნებთ, რომ იმ 100 ათასობით ადამიანს, რომელსაც მე შევხვდი, აქვს ზუსტად ისეთი მოსაზრებები, რაც ამ პროგრამაში წერია. მოსახლეობის უმრაველსობა ტაშით ხვდებოდა მოსაზრებას, რომ ჩვენ უნდა აღვადგინოთ დიალოგი ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან და პირდაპირი დიალოგის და ნდობის აღდგენით უნდა შევძლოთ ჩატეხილი ხიდების აღდგენა. პროგრამაში  მოცემულ ყველა პუნქტს აქვს მოსახლეობის  სერიოზული მხარდაჭერა”, – განაცხადა ბურჯანაძემ “ნეტგაზეთის” მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ.

 

ბურჯანაძის საარჩევნო პროგრამა, გარდა საგარეო პოლიტიკისა და სამართლიანობის აღდგენის საკითხებისა, სხვა სფეროების რეფორმირებასაც ეხება. მაგალითად, საუბარია თავდაცვის თანამედროვე დოქტრინის შემუშავებაზე, შსს–ს რეორგანიზაციასა და მისი სტრუქტურების (სპეცსამსახურები, პოლიციური რეჟიმები) ერთმანეთისაგან გამიჯვნაზე, თვითმმართველობების გაძლიერებაზე- როგორც ფინანსურად, ასევე უფლებამოსილების თვალსაზრისით, პენსიების ოდენობის საარსებო მინიმუმისთვის გათანაბრებაზე, უმუშევართთათვის 6–თვიანი შემწეობების დაწესებაზე, განათლების სისტემის დაფინანსების შესახებ ახალი კანონის მიღებაზე, აფხაზური ენის დაცვის მიზნით სკოლებში მისი ფაკულტატივის სახით სწავლის დანერგვაზე, პედაგოგებისთვის ხელფასების გაზრდაზე, საყოველთაო ჯანდაცვის პირობების გაუმჯობესებაზე, ასევე ნარკოტიკის მოხმარების დეკრიმინალიზაციაზე:

 

“ამ ადამიანებს მკურნალობა სჭირდებათ და არა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაკისრება. წამალდამოკიდებულება ქრონიკული დაავადებაა. წამალდამოკიდებული პირის თავისუფლების აღკვეთის ადგილებში მოხვედრა და ამასთან დაკავშირებული თავშეკავება არ იძლევა სასურველ შედეგს. ამის მკურნალობა ხელმისაწვდომი უნდა იყოს”.

 

პროგრამაში ეკონომიკის განვითარების ბურჯანაძისეულ ხედვებზეც არის საუბარი. “დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერი ფიქრობს, რომ ეკონომიკის გაჯანსაღებისთვის აუცილებელია აიკრძალოს ოფშორულ ზონებში დარეგისტრირებული იურიდიული კომპანიებისთვის საქართველოში ქონების ფლობა. ბურჯანაძის პროგრამა ასევე ითვალისწინებს რამდენიმე პროექტეს, მათ შორის ერთი, “ოქროს საწმისი” რეგიონების ინტერნეტიზაციას ითვალისწინებს.

 

აქვს თუ არა საკანონმდებლო ბერკეტები ახალი კონსტიტუციით პრეზიდენტს, რომ ხელისუფლებასთან შეთანხმების გარეშე ყველა ზემოხსენებულ საკითხზე თავისი ხედვები რეალობად აქციოს?

ამ კითხვით დღეს ჟურნალისტებმა პრეზენტაციაზე მყოფ პოლიტოლოგებს და ნინო ბურჯანაძეს მიმართეს:

 

“ისევე, როგორც ყველა პროგრამას, ამასაც აქვს დეკლარაციული ხასიათი და გარდა იმისა, რომ უშუალოდ მის კომპეტენციაში არ შედის- როგორც პრეზიდენტის, სხვა ბარიერებიც ექნება მას. ძალიან ბევრი რამ ამ პროგრამაში, მე ვფიქრობ, რომ ნაკლებად შესრულებადია. ერთია პროგრამა, რომელსაც წერ ხმების მოსაზიდად და მეორეა ის რეალობა, რომელშიც ეს პროგრამა უნდა განხორციელდეს”, – “ნეტგაზეთთან” საუბარში აცხადებს პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე, რომელიც ვარაუდობს, რომ ბურჯანაძეს თავისი პროგრამის განსახორციელებლად, გაპრეზიდენტების შემთხვევაში, შესაძლოა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებიც დასჭირდეს.

 

ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების იდეას ნინო ბურჯანაძე მხარს უჭერს, თუმცა მოქმედ პარლამენტთან და მთავრობასთან თანამშრომლობაზე უარს არ ამბობს:

 

“პრეზიდენტი როგორ წარმოგიდგენიათ, რომ არის სადღაც მარსზე ან კუნძულზე, რომელსაც არ ექნება შეხება მთავრობასთან ან პარლამენტთან?! ბუნებრივია, ეს არის საპრეზიდენტო პროგრამა პრეზიდენტის კომპეტენციასა და ჩარჩოებში, რომელიც გულისხმობს მთავრობასთან და პარლამენტთან თანამშრომლობას, ოღონდ მართლა ისეთ პარლამენტთან, რომელიც ხალხის ნებას გამოხატავს და არა ამ პარლამენტთან (ალბათ, მე ასე ვფიქრობ), რომელიც ახლა ხალხის ნებას რეალურად არ გამოხატავს, თუმცა, სანამ არ იქნება ახალი არჩევნები, ბუნებრივია, მე ვითანამშრომლებ ამ პარლამენტთან. პრეზიდენტმა უნდა ითანამშრომლოს ადგილობრივ თვითმმართველობასთანაც. ასე რომ, ძალიან მნიშვნელოვანია, სწორედაც რომ მთავარობამაც და ყველამ, ვინც ხელისუფლებაში იქნება, გაითვალისწინოს ეს რეალისტური და კომპეტენტური პროგრამა, რომელიც ქვეყანას წინ წაიყვანს”, – აცხადებს ნინო ბურჯანაძე.

 

აღნიშნული პროგრამის სრული ვერსია “დემოკრატიული მოძრაობის” ვებგვერდზე ახლო მომავალში გამოქვეყნდება, მანამდე კი ბურჯანაძე ოპონენტ გიორგი მარგველაშვილს “ქართული ოცნებიდან” სატელევიზიო დებატებს სთავაზობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი