ახალი ამბები

ბაგრატია: თანამდებობის დატოვების მიზეზი ვაკანტურ ადგილზე კონკრეტული პირის დანიშვნის მოთხოვნა იყო

15 მარტი, 2018 • 2177
ბაგრატია: თანამდებობის დატოვების მიზეზი ვაკანტურ ადგილზე კონკრეტული პირის დანიშვნის მოთხოვნა იყო

გარემოს ეროვნული სააგენტოს ყოფილი უფროსი თამუნა ბაგრატია თანამდებობის დატოვების მიზეზის შესახებ საუბრობს. როგორც ის ფეისბუკში  გავრცელებულ განცხადებაში განმარტავს, აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი სააგენტოს უფროსის პირველი მოადგილის თანამდებობაზე კონკრეტული პირის დანიშვის მოთხოვნა იყო.

მისივე განცხადებით, აღნიშნული მოთხოვნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილისგან, ნინო თანდილაშვილისგან მოდიოდა.

“მე ვერ გავიზიარე ასეთი დირექტივა, მით უმეტეს, ასევე ვთვლი, რომ მსგავს თანამდებობებზე პირები კონკურსის წესით უნდა იქნენ შერჩეულნი და შემდგომი გართულებების თავიდან ასაცილებლად იძულებული გავხდი დამეწერა განცხადება თანამდებობის დატოვების შესახებ. ასევე, ასეთივე უპირობო დირექტივას თავი აარიდა გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილემ და ასევე დაწერა განცხადება თანამდებობის დატოვების შესახებ,” – აცხადებს ბაგრატია.

https://www.facebook.com/tamuna.bagratia/posts/10156396492128203?pnref=story

“ნეტგაზეთი” დაუკავშირდა როგორც გარემოს ეროვნულ სააგენტოს, ისე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, თუმცა უწყებები კომენტარისგან თავს იკავებენ. როგორც სამინისტროში გვითხრეს, ნინო თანდილაშვილი დილიდან მიუწვდომელია.

თამუნა ბაგრატიამ გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის თანამდებობა გუშინ, 14 მარტს, დატოვა. აღნიშნულ თანამდებობაზე 2015 წლიდან მუშაობს. მის ბიოგრაფიას შეგიძლიათ გაეცნოთ აქ.

მასალების გადაბეჭდვის წესი