ახალი ამბები

“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის პოსტზე მიხეილ სააკაშვილის კანდიდატურაა წარდგენილი

5 ოქტომბერი, 2013 • • 1254
“ნაციონალური მოძრაობის”  თავმჯდომარის პოსტზე მიხეილ სააკაშვილის კანდიდატურაა წარდგენილი

საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელმა და “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა გიორგი ვაშაძემ “ნეტგაზეთს” განუცხადა, რომ პარტიის თავმჯდომარის პოსტზე მიხეილ სააკაშვილის კანდიდატურაა წარდგენილი, ხოლო პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ახალი თანამდებობაა და პოსტზე დავით ბაქრაძის კანდიდატურაა წარდგენილი.

 

ვაშაძის განმარტებით, დღევანდელ ყრილობაზე ოთხი მნიშვნელოვანი სიახლის წარდგენა მოხდება: აირჩვენ პოლიტსაბჭოს შემადგენლობას, რომელიც იქნება ძირითადი გადაწყვეტილების მიმღები ორგანო.  ჩნდება ახალი თანამდებობა–პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე,  რომელიც პოლიტსაბჭოს მუშაობას გაუძღვება. პარტიის შიგნით რაიონული საქალაქო ორგანიზაციების ხელმძღვანელების არჩევითობა ჩნდება  და  პრაიმერიზი, როგორც კანდიდატების ძირითადი შერჩევის მექანიზმი დაკანონდება. 

 

“ახალ წესდებას ვიღებთ და ახალი პოლიტსაბჭოს შემადგენლობას ვირჩევთ. პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის კანდიდატურაზე წარდგენილია დავით ბაქრაძე. შემდეგ ავირჩევთ პარტიის თავმჯდომარეს, სადაც მიხეილ სააკაშვილის კანდიდატურაა წარდგენილი. მასთან გამართული კონსულტაციების შედეგად ასე გადაწყდა.  მნიშვნელოვანია, რომ უფლებამოსილებები განსხვავებულად რეგულირდება და ძირითადი ორგანო და ყველა უფლება–მოსილება გადადის პოლიტსაბჭოზე”– განაცხადა ვაშაძემ.

 

მისივე განმარტებით, პარტიის თავმჯდომარე ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ წარმოადგენს პარტიას, აყალიბებს პოზიციებს პოლიტიკურ მოძრაობასთან დაკავშირებით, გამოდის პოლიტიკური მოძრაობის სახელით და ა.შ.

 

რაც შეეხება პარტიის გენერალურ მდივანს, მას პოლიტსაბჭო ირჩევს. გიორგი ვაშაძის განცხადებით, პოლიტსაბჭოზე “ნაციონალური მოძრობის” გენერალურ მდივნად კვლავ ვანო მერაბიშვილი დამტკიცდება.  რაც შეეხება პოლიტსაბჭოს წევრებს, გათვალისწინებულია რეგიონები და საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლობა:

 

“ამ ძირითად კონსტრუქციაზე აიგო პოლიტსაბჭო და კანდიდატებთან დაკავშირებით 2 თვის მანძილზე მიდიოდა შიდა კონსულტაციები, თუ ვინ უნდა ყოფილიყო კონკრეტული რეგიონიდან. პოლიტსაბჭო არ იქნება 10–12- კაციანი, ეს იქნება ფართო წარმომადგენლობითი და ეს იმისთვის ხდება, რომ გადაწყვეტილებები იყოს უფრო დემოკრატიული და გამჭირვალე”– განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

 

“ნაციონალური მოძრაობის” ყრილობა სპორტის სასახლეში დღეს, 5 ოქტომბერს, 5 საათზე დაიწყება. შეგახსენებთ, რომ პარტიის თავმჯდომარის თანამდებობა ამ დროისთვის საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს უკავია.

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი