ახალი ამბები

პარლამენტმა მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის წესზე კანონპროექტი დაამტკიცა

4 ოქტომბერი, 2013 •
პარლამენტმა მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის წესზე კანონპროექტი დაამტკიცა

პარლამენტმა “საერთო სასამართლოების შესახებ” კანონპროექტი 84 ხმით 8-ის წინააღმდეგ დაამტკიცა. როგორც პარლამეტნის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა, პარლამენტმა გაითვალისწინა საერთაშორისო ორგანიზაციების და არასამთვრობო სექტორის რჩევები:

 

„ამრიგად, „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილებები შეტანილია. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ამ კანონით დადგინდა 3- წლიანი ვადა მოსამართლის გამწესებისთვის საწყის ეტაპზე, სანამ მოსამართლე გამწესდება სიცოცხლის ბოლომდე, უვადოდ. ამასობაში ჩვენ გავითვალისწინეთ პარლამენტში გამოთქმული შენიშვნები საერთაშორისო ორგანიზაციების, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების რჩევები და მონიტორინგის კრიტერიუმები და პროცედურები დადგინდება საკანონმდებლო აქტით, ამავე კანონში ცვლილებების შეტანის გზით, რომლისთვისაც ჩვენ გვაქვს რამოდენიმე თვე, და იმედი მაქვს, ეს საკითხი მაღალი სტანდარტით მომზადდება.”

 

ცვლილებების თანახმად, შეიცვალა მოსამართლედ დანიშვნის მინიმალური ასაკი – 28 წლის ნაცვლად, 30 წლით. გარდა ამისა, იზრდება მოსამართლის განათლებასთან დაკავშირებული მოთხოვნები: მოსამართლეს უნდა ჰქონდეს უმაღლესი იურიდიული განათლება არანაკლებ მაგისტრის, ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხით.

 

კანონპროექტის შესაბამისად, მოსამართლის უვადოდ გამწესების შესახებ დასაბუთებული გადაწყვეტილების მისაღებად შემოღებულია სამოსამართლო უფლებამოსილების განხორციელების 3- წლიანი ვადა. ვადის განმავლობაში მოსამართლის საქმიანობის მონიტორინგი მიმდინარეობს, რომლის მიზანია მოსამართლის საქმიანობაზე დაკვირვება და იუსტიციის უმაღლესი საბჭოსთვის მოსამართლის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ 3 წერილობით ანგარიშის წარდგენა – 1 წლის შემდეგ, 2 წლის შემდეგ და სამწლიანი ვადის ამოწურვამდე 4 თვით ადრე.

 

ანგარიშში აისახება შეფასება მონიტორინგის ვადის განმავლობაში მოსამართლის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებების (გადაწყვეტილების ნაწილის) დასაბუთებულობის, მოსამართლის პროფესიული და მორალური რეპუტაციის, სასამართლო პროცესზე გამოვლენილი მიუკერძოებლობისა და სასამართლო სხდომის ეფექტური მართვის უნარის თაობაზე. ანგარიშში ასევე აისახება საქმეთა განხილვის სტატისტიკური მაჩვენებლები და მოსამართლის მიერ დისციპლინარული გადაცდომის ჩადენის ფაქტები.

 

კანონპროექტის თანახმად მონიტორინგს განახორციელებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, რომელსაც წილისყრით შეარჩევს საბჭო. ამასთანავე, სამივე მონიტორინგი საბჭოს სხვადასხვა წევრმა უნდა განახორციელოს.

 

ასევე შეიცვალა მოსამართლის რეზერვში ჩარიცხვის ვადა. კერძოდ, იმის გათვალისწინებით, რომ პირი მოსამართლედ ინიშნება უვადოდ, რეზერვში ჩარიცხვაც ნაცვლად 3 წლისა მოხდება უვადოდ, მოსამართლის რეზერვიდან ამორიცხვა კი განხორციელდება მისი პირადი განცხადების, ან მოსამართლის თანამდებობასთან შეუთავსებელი თანამდებობის დაკავების შემთხვევაში. რეზერვში მყოფ მოსამართლეს შეუნარჩუნდება თანამდებობრივი სარგოს მიღების უფლებამოსილება რეზერვში ჩარიცხვიდან 3 წლის განმავლობაში.

 

შეიცვალა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების არჩევის წესიც. კერძოდ, საქართველოს კონსტიტუციიდან გამომდინარე, კანონით განისაზღვრა, რომ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ერთ წევრს ნიშნავს პრეზიდენტი, რომელიც ჩაანაცვლებს საქართველოს პარლამენტის მიერ ასარჩევ ერთ წევრს. იუსტიციის უმაღლესი საბჭო დაკომპლექტებული იქნება 15 წევრისგან და აქედან 8 წევრს აირჩევს საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა თვითმმართველობის ორგანო, 5 წევრს აირჩევს საქართველოს პარლამენტი, ხოლო 1 წევრს პრეზიდენტი დანიშნავს. 

მასალების გადაბეჭდვის წესი