ახალი ამბები

ადამიანის უფლებათა კომიტეტის დასკვნა ლევან კორტავას საქმეზე

4 ოქტომბერი, 2013 •
ადამიანის უფლებათა კომიტეტის დასკვნა ლევან კორტავას საქმეზე

დასკვნაში ნათქვამია, რომ კომიტეტმა შეისწავლა ლევან კორტავას ცემისა და მიღებული დაზიანებების შედეგად მისი გარდაცვალების გარემოებები. შესწავლის პროცესში დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურიდან კომიტეტის მიერ გამოთხოვილი და მიღებული იქნა ინფორმაცია აღნიშნულ ფაქტზე დაწყებული გამოძიების მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ, შესწავლილი იქნა დაზარალებული მხარის მოსაზრებები და პოზიცია, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №14 დაწესებულებაში შედგა შეხვედრა და გასაუბრება ფაქტის უშუალო თვითმხილველ და გარკვეული ინფორმაციის მატარებელ მსჯავრდებულებთან. 

 

კომიტეტს მიაჩნია, რომ პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგენილი უნდა იყოს ყველა არსებითი გარემოება, რომელიც წინ უძღოდა დანაშაულის ჩადენას, ასევე ის გარემოებები, რომლის გამოც ვერ ან არ იქნა თავიდან აცილებული დამდგარი უმძიმესი შედეგი:

 

“სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №14 დაწესებულებაში მსჯავრდებულებთან გასაუბრების შედეგად გამოიკვეთა კიდევ ერთი საყურადღებო გარემოება, რაც საფუძვლიანი შესწავლისა და რეაგირების საგანი უნდა გახდეს. სახელდობრ, მსჯავრდებულთა ნაწილმა (ჭ. შენგელია, პ. ჩაჩუა, ა. ფაჩულია, ო. აფრიდონიძე, გ. ფიფაიშვილი) განაცხადა, რომ ლევან კორტავასთან დაკავშირებულ ინცინდენტამდე ისინი სასჯელს იხდიდნენ სხვა დაწესებულებაში და შეიტყვეს რა №14 დაწესებულებაში მომხდარი ფაქტის შესახებ, გაუჩნდათ სურვილი და საკუთარი ინიციატივით მოითხოვეს ამ დაწესებულებაში გადმოყვანა, რათა საკუთარი ძალებით ჩაეტარებიათ გამოძიება და დაედგინათ, თუ რა მოხდა რეალურად. მათივე განმარტებით, აღნიშნული თხოვნა დაუკმაყოფილეს და №14 დაწესებულებაში გადმოსვლის შემდეგ გამოიკვლიეს გარემოებები, რომ თითქოს ლევან კორტავას გარდაცვალება კიბეზე ხელისკვრამ გამოიწვია. მათ მიერ გამოგზავნილი განცხადებები აშკარად მიუთითებს გარკვეული პირების განზრახვას საკუთარი ვერსიის გასამყარებლად გამოეყენებინათ აღნიშნული მსჯავრდებულები.”

 

ზემოთ აღნიშნული გარემოებების დადგენა სასჯელაღსრულების სამინისტროს ხელმძღვანელების მიერ კომიტეტს მნიშვნელოვნად მიაჩნია.

 

კომიტეტის რეკომენდაციები


1.    სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს:

 

– განსაკუთრებული ყურადღება დაუთმოს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მიერ ამავე დეპარტამენტის დებულების მე-3 მუხლით დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებას მსჯავრდებულთა დაცვის კუთხით;

 

– დააწესოს მკაცრი კონტროლი სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დებულების მე-4 მუხლით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულებაზე: გაძლიერდეს კონტროლი მოსამსახურეების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებაზე; საფუძვლიანად გააანალიზოს სამსახურებრივი დისციპლინის მდგომარეობა და გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები; რეალურად შეიმუშაოს და ეფექტურად განახორციელოს ღონისძიებები მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებისა და სამსახურებრივი გულგრილობის თავიდან აცილების მიზნით.

 

–  უზრუნველყოს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უსაფრთხოების სამსახურის მიერ ამავე სამსახურის დებულების მე-2 მუხლით გათვალისწინებული ამოცანებისა და ფუნქციების განუხრელად შესრულება, რაც გულისხმობს: მსჯავრდებულთა პირადი უსაფრთხოების უზრუნველყოფას; დაწესებულებებში მომხდარი დანაშაულის გამოვლენას, გახსნას და პრევენციას; მუდმივ დაკვირვებას ბრალდებულთა თუ მსჯავრდებულთა ქცევაზე მათი განთავსების ადგილებში; მსჯავრდებულების მიერ დანაშაულის, სხვა სამართალდარღვევებისა და დაწესებულების დებულების დარღვევის ჩადენის თავიდან აცილებას და აღკვეთას; დაწესებულებებში ჩადენილ დანაშაულთა ფაქტების გამოძიებაზე ხელშეწყობას.

 

– შესაბამის სამსახურების მეშვეობით უზრუნველყოს ბრალდებულისა და მსჯავრდებულის კანონიერი უფლებებისა და თავისუფლებების, ასევე მათი პირადი უსაფრთხოების დაცვა, რაც პატიმრობის კოდექსის მე-13 მუხლის თანახმად სახელმწიფოს ვალდებულებაა.

 

– დააწესოს მკაცრი კონტროლი, რათა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მოსამსახურეებმა მაქსიმალურად შეუწყონ ხელი თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში მომხდარი დანაშაულების გამოძიებას. გატარდეს ყველა კანონიერი ღონისძიება დანაშაულის მზადების სტადიაში მისი თავიდან აცილების უზრუნველსაყოფად.

 

2.    საქართველოს მთავარ პროკურატურას:

 

– უზრუნველყოს  მომხდარი დანაშაულის მიუკერძოებელი, სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება, რათა დადგენილი იქნას ყველა ფაქტობრივი გარემოება და შესაბამისი საფუძვლების გამოვლენის შემთხვევაში მოხდეს სათანადო რეაგირება და ობიექტური გადაწყვეტილებების მიღება.

მასალების გადაბეჭდვის წესი