კომისიამ გვარამიას შეკითხვები “რუსთავი 2”-ის გასართობ თოქშუებსა და იუმორისტულ გადაცემებზე დაუსვა. გარდა ამისა, კომისია “რუსთავი 2”-ის და ტელეკომპანია “საქართველოს” ურთიერთობებით დაინტერესდა:
“აიტერესებდათ, არის თუ არა რომელიმე გადაცემა რუსთავის გარე პროდაქშენის მომზადებული და ასეთი მხოლოდ ერთია, “ნანუკა ჟორჟოლიანის შოუ”. ისიც ბოლო ერთი წლის განმავლობაში, მანამდე ასეთი არ ყოფილა. შეკითხვები ეხებოდა ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის და ტელეკომპანია “საქართველოს” ურთიერთობებს. ეს ურთიერთობები იყო 5 წლის განმავლობაში. და ძირითადად ეხებოდა ტექნიკის იჯარას. ასევე, რაღაც კონკრეტული მომსახურეობის გაწევის, ძირითადად “რუსთავი 2″–ი უწევდა “საქართველოს”. იყო შემთხვევები, როცა პირიქით ხდებოდა, და ასევე, ნასყიდობა შენობის. მე მივაწოდე კომისიას ამის შესახებ ინფორმაცია. მეტი ჩემთვის არაფერია ცნობილი იმიტომ, რომ კომპანია “საქართველოსთან” შეხება არ მქონია. “
საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე თინა ხიდაშელი ამბობს, რომ “ჯენერალ მედიას“ და “მედია ჰაუსის“ მიერ ბაზრის უდიდესი წილის კონტროლი დადასტურებულია:
“პირველივე დღიდან, როცა “რუსთავი2″–ს გავუგზავნეთ ეს და არა მარტო მას, ყველას გავუგზავნეთ ეს წერილები, ვარკვევდით ძალიან მარტივ რამეს: ერთ-ერთი პირველივე საკითხი, რომლითაც კომისია დაინტერესდა, იყო კომისიის წევრების ინტერესთა კონფლიქტი. მათ შორის ეს იყო ბატონი ირაკლი ჩიქოვანი, რომელსაც სარეკლამო ბიზნესში თავისი ინტერესები ჰქონდა. ჩვენ ძალიან ბევრი საჩივარი შემოგვივიდა და შუალედურ დასკვნაში ამაზე ბევრი ვისაუბრეთ, რა ტიპის ინტერესთა კონფლიქტი იყო, როგორ მანიპულირებდა ჩიქოვანი და კომისია სარეკლამო დროსთან დაკავშირებით დისკრიმინაციული სანქციების გამოყენებით სხვადასხვა კომპანიებთან მიმართებაში. ამიტომ ჩვენ ტელევიზიებს ვუთხარით მოეწოდებინათ ინფორმაცია, დროის რა სეგმენტი ეკავა და კომპანიას მათთან. ამაზე ,,რუსთავი 2“–ისგან, ვერ მივიღეთ პასუხი, რაც ძალიან გამიკვირდა, იმიტომ, რომ მარტივი პასუხი იყო. ის რას ნიშნავს, რაზეც დღეს გვარამია საუბრობდა. ამაზე უკვე პირველ ანგარიშში საზოგადოება მიიღებს პასუხებს, რატომ გვაინტერესებს ჩვენ ეს საკითხები და რატომ არის ასეთი მნიშვნელოვანი. ჩვენთვის ღირებული იყო ის, რომ დავადასტურეთ ამ ორი კომპანიის -,,ჯენერალ მედიას“ და ,,მედია ჰაუსის“ მიერ პრაქტიკულად ბაზრის უდიდესი წილის კონტროლი.”

რაც შეეხება გიორგი კორახაშვილის დაკითხვას, ხიდაშელის თქმით, “იმედის” შესახებ კორახაშვილის განმარტება სრულიად ფანტასტიკური იყო:
“საინტერესო ჩვენება იყო ბატონი კორახაშვილისგან. ის იმაზე უფრო გულწრფელო ადამიანი აღმოჩნდა, ვიდრე ჩვენ გვეუბნებოდნენ. ის სულ, მუდმივად პირველ პირში საუბრობდა, როდესაც ამბობდა- ჩემი მეგობრები, ჩემი თანამშრომლები. აღმოჩნდა, რომ ეს ჩემი მეგობრები, ჩემი თანამშრომლები, ბატონი კორახაშვილის შემთხვევაში, მესამე პირებთან აგვარებდნენ ურთიერთობებს. სწორედ ის თანამშრომლები ადიოდნენ ანძაზე. ვიღაცას ხსნიდნენ ანძიდან, ვიღაცის კონტენტს ხსნიდნენ და როგორც უნდოდათ, ისე მოქმედებდნენ. მე ვფიქრობ, რომ სრულიად ფანტასტიური იყო “იმედთან” დაკავშირებული ახსნა–განმარტება. იმიტომ, რომ თავისთავად ეს ისტორია იმდენად ტრაგიკული იყო, რომ ცოტა მეტი სერიოზულობას მოითხოვს და არა ასეთ დამოკიდებულებას, როგორიც ბატონი კორახაშვილისგან დღეს მოვისმინეთ.”
საგამოძიებო კომისია მუშაობას ხვალ განაახლებს.



![84 დეპუტატი, ვინც „რუსულ კანონს“ მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა [სია]](https://netgazeti.ge/wp-content/uploads/2024/05/Untitled-design-2-9.jpg)



