ჭყონდიდის მიტროპოლიტი პეტრე ცაავა ამბობს, რომ მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქს, ილია მეორეს საქართველოში ყველაზე მძიმე მდგომარეობის დროსაც არ ჰქონია განცდა, რომ ქვეყანას აღარ ეშველება:
“გავიხსენებდი და მიმაჩნია, რომ მის უწმინდესობას თვით კომუნისტური პერიოდის ათეისტური მმართველობის დროს, თვით სამოქალაქო ომის დროს, აფხაზეთში მიმდინარე ომის დროს, მხედრიონის თარეშობისა და ქვეყანაში დაცემული მდგომარეობის დროს, ვფიქრობ, არ ჰქონია მსგავსი განცდა. ასევე მახსენდება 2012 წელს სახელისუფლებო ცვლილებების შემდეგ პატრიარქის სიტყვები, რომ ქვეყანა იდგა უფსკრულის პირას, ჩვენ მასში ჩავიხედეთ და თითქოს უკვე ხსნა და იმედი გამოჩნდა, მაგრამ ისევ აღმოჩნდა, რომ მოვლენები სწორად ვერ შევაფასეთ”, – განაცხადა მიტროპოლიტმა პეტრემ “რუსთავი 2”-თან საუბრისას.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა, ილია მეორემ და მისმა მოსაყდრემ, მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) 8 მარტს მცხეთა-თბილისის ეპარქიის სამღვდელოება და ფსიქოლოგები მიიღეს. ილია მეორემ გამომსვლელთა აზრები მოისმინა იმის შესახებ, თუ რა ფაქტორები განაპირობებს ახალგაზრდებში მომატებულ აგრესიას. როგორც საპატრიარქოს არხი იუწყება, პრობლემებს შორის დასახელდა აღზრდისა და განათლების პრობლემა, მძიმე სოციალურ-ეკონომიკური ფონი, გაუფასურებული ღირებულებები და სხვა.
“ზოგიერთი ფიქრობს, რომ სოციალური მდგომარეობაა მძიმე, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ რაღაც უფრო მეტია და უფრო ძლიერია. და მე მინდა, რომ რამდენიმე შეხვედრა მოვაწყოთ და ვიმსჯელოთ, როგორ ვუშველოთ ხალხს. მე ხანდახან ისეთი აზრიც კი მებადება, რომ აღარ ეშველება ქვეყანას. ეს ჰგავს დაგორებულ ლოდს და ქვას – აი, მთიდან რომ დაგორდება და ვეღარ გააჩერებ, ამას ჰგავს დღევანდელი მდგომარეობა,” – განაცხადა ილია მეორემ.