ახალი ამბებისაზოგადოება

პეტიციას “აღიარე ტრანსგენდერი ქალი ქალად” იუსტიციის მინისტრს გაუგზავნიან

12 მარტი, 2018 • 2261
პეტიციას “აღიარე ტრანსგენდერი ქალი ქალად” იუსტიციის მინისტრს გაუგზავნიან

ქალთა მოძრაობის პეტიციას “აღიარე ტრანსგენდერი ქალი ქალად” 1 000–მა ადამიანმა მოაწერა ხელი, რის შემდეგაც ამ პეტიციას იუსტიციის მინისტრს გაუგზავნიან.

პეტიციის მოთხოვნაა, რომ იუსტიციის სამინისტრომ პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებში სქესის შეცვლა უზრუნველყოს ტრანსგენდერი ადამიანის მიერ შესაბამისი სამედიცინო დოკუმენტაციის წარდგენის საფუძველზე, რაც გულისხმობს გენდერული დისფორიის დიაგნოზს, მაგრამ არა სქესის კვლავმინიჭების ოპერაციის ცნობას.

პეტიციის ხელმომწერები შეუერთდნენ მოთხოვნას, რომ სახელმწიფომ უნდა აღიაროს ტრანსგენდერი ქალები ქალებად და საშუალება მისცეს მათ, შეიცვალონ სქესი პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში.

“ამისათვის იუსტიციის მინისტრს, თეა წულუკიანს ვთხოვთ, გამოსცეს ბრძანება, რომელიც დაარეგულირებს პირადობის მოწმობაში სქესის შეცვლის პროცედურას ადამიანის უფლებების პატივისცემით და ჰუმანური მიდგომის საფუძველზე”, – წერია პეტიციაში.

ქართული კანონმდებლობით დაშვებულია პირადობის დამადასტურებელ მოწმობაში სქესის ცვლილება, მაგრამ პრაქტიკის მიხედვით, ტრანსგენდერ ადამიანებს იუსტიციის სამინისტრო სთხოვს სქესის კვლავმინიჭების ოპერაციის ცნობას.

ამ ოპერაციის გაკეთება ბევრი ტრანსგენდერი ადამიანისთვის არასასურველი ან ხელმიუწვდომელია მისი სიძვირის გამო.

ანალოგიური მოთხოვნით, ქალთა მოძრაობამ 8 მარტს აქცია იუსტიციის სახლთან გამართა.

მასალების გადაბეჭდვის წესი