ახალი ამბები

უგულავა: თბილისის მერიისთვის საბიუჯეტო ტრანსფერის შემცირება სადამსჯელო ოპერაციაა

2 ოქტომბერი, 2013 • • 1033
უგულავა: თბილისის მერიისთვის საბიუჯეტო ტრანსფერის შემცირება სადამსჯელო ოპერაციაა

 

ეს არის თავიდან ბოლომდე სადამსჯელო ოპერაცია, რომელსაც ცენტრალური მთავრობა ახორციელებს საკუთარი მოქალაქეების მიმართ, საკუთარი დედაქალაქის მიმართ და ამაში ორი აზრი არ არსებობს. მაშინ, როცა სახელმწიფო ბიუჯეტის მთლიანი მოცულობა 260 მილიონი ლარით არის გაზრდილი; მაშინ, როცა საერთო ტრანსფერების მოცულობა რეგიონებისთვის 26 მილიონი ლარით არის გაზრდილი; მაშინ, როცა 69 თვითმმართველობას ტრანსფერი აქვს გაზრდილი, 50 მილიონი ლარით შემცირებულია მხოლოდ და მხოლოდ ერთის, თბილისის ტრანსფერის ოდენობა. მე მინდა საზოგადოებას ვაუწყო, რანაირად ხდება ამ ტრანსფერის კრიტერიუმის დადგენა. ესეც კანონით არის დადგენილი. კრიტერიუმები არის შემდეგი: დედაქალაქის ფართობი და მოსახლეობა. მე მინდა ვკითხო ხადურს, შემცირდა თუ არა თბილისის ფართობი ან თბილისის მოსახლეობა ამ ერთი წლის განმავლობაში. თბილისის გზების სიგრძე – მინდა ვაუწყო ცენტრალურ მთავრობას: ნარმანიას, ხადურს და ასე შემდეგ, რომ თბილისში გზების სიგრძე 2013 წლის განმავლობაში არ შემცირებულა. სოციალურად დაუცველი მოსახლეობის რაოდენობა –ეს მონაცემი, სამწუხაროდ, გაიზარდა, ისევე როგორც ქალაქში გაიზარდა უმუშევრობა; 6 წლამდე ასაკის ბავშვები – 6 წლამდე ასაკის ბავშვების რაოდენობა არ გაზრდილა, მაგრამ იმის გამო, რომ ბაღები გახდა უფასო, 20 მილიონით მეტი ხარჯი სჭირდება გაისად თბილისს იმისათვის, რომ 8000–ზე მეტი ბავშვი კომფორტულ გარემოში გრძნობდეს თავს; ექვსიდან – 18 წლამდე მოზარდების რაოდენობა – აქაც არ მგონია, რომ რაიმე არსებითი კლება ყოფილიყოს თბილისის მოსახლეობაში. დარჩა ერთადერთი კრიტერიუმი, რომელიც თავიდან ბოლომდე პოლიტიკურია და საერთოდ არანაირ ეჭვს არ იწვევს, რომ ეს არის თავიდან ბოლომდე პოლიტიკური გადაწყვეტილება იმისთვის, რომ დაისაჯოს თბილისის თვითმმართველობა, რადგან ის არ აკმევს გუნდრუკს ცენტრალური ხელისუფლების მიმართ, იმიტომ, რომ ის არ დადის არავის ხუშტურებზე და დედაქალაქში ახორციელებს იმ პროექტებს, რომელსაც დაამტკიცებს საკრებულო და რომელსაც პრიორიტეტად მიიჩნევენ თბილისელები. თუ ამ სადამსჯელო ოპერაციას, თუ ამ ხადურის ჯიჰადს თბილისლების მიმართ დავუმატებთ იმ გაჩერებულ პროექტებს, რომელიც თბილისისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის იყო, ერთიანობაში ვიღებთ ძალიან მძიმე სურათს”, – განაცხადა უგულავამ.

 

თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ 2015 წლის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს ჩაშლა ემუქრება, ვინაიდან თბილისის მერიას მოსამზადებლად თანხები აღარ ჰყოფნის. დღეს, 2 ოქტომბერს თბილისის მერმა გიგი უგულავამ თბილისის მთავრობის საგანგებო სხდომა მოიწვია, სადაც თბილისის 2014 წლის ბიუჯეტთან დაკავშირებით სპეციალური განცხადება გააკეთა. მერიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოს მთავრობამ პარლამენტს 2014 წლის ბიუჯეტის პროექტი წარუდგინა განსახილველად, სადაც საქართველოში არსებული 70 თვითმართველობიდან 69–ს აქვს გაზრდილი ბიუჯეტიდან გამოყოფილი ტრანსფერის ოდენობა და მხოლოდ დედაქალაქის მერიას აქვს თანხა შემცირებული 50 მილიონი ლარით.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი