ახალი ამბები

პატრიარქის უიმედობა და მოსაყდრე აბორტის წინააღმდეგ

10 მარტი, 2018 • 4139
პატრიარქის უიმედობა და მოსაყდრე აბორტის წინააღმდეგ

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა, ილია მეორემ და მისმა მოსაყდრემ, მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) 8 მარტს მცხეთა-თბილისის ეპარქიის სამღვდელოება და ფსიქოლოგები მიიღეს.

ილია მეორემ გამომსვლელთა აზრები მოისმინა იმის შესახებ, თუ რა ფაქტორები განაპირობებს ახალგაზრდებში მომატებულ აგრესიას. როგორც საპატრიარქოს არხი იუწყება, პრობლემებს შორის დასახელდა აღზრდისა და განათლების პრობლემა, მძიმე სოციალურ-ეკონომიკური ფონი, გაუფასურებული ღირებულებები და სხვა.

“ზოგიერთი ფიქრობს, რომ სოციალური მდგომარეობაა მძიმე, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ რაღაც უფრო მეტია და უფრო ძლიერია. და მე მინდა, რომ რამდენიმე შეხვედრა მოვაწყოთ და ვიმსჯელოთ, როგორ ვუშველოთ ხალხს. მე ხანდახან ისეთი აზრიც კი მებადება, რომ აღარ ეშველება ქვეყანას. ეს ჰგავს დაგორებულ ლოდს და ქვას – აი, მთიდან რომ დაგორდება და ვეღარ გააჩერებ, ამას ჰგავს დღევანდელი მდგომარეობა,” – განაცხადა ილია მეორემ.

ამავე შეხვედრაზე მიტროპოლიტმა შიომ ქვეყნის ორ პრიერიტეტზე, სუვერენიტეტსა და იდენტობაზე გაამახვილა ყურადღება, შემდეგ კი აბორტის აკრძალვის აუცილებლობაზე ისაუბრა, რომელსაც “ნატურალური ფაშიზმი” უწოდა.

“ერისთვის არის ორი უმთავრესი მიმართულება – ეს არის სუვერენიტეტი, რომელიც… თქვენ კი ბრძანეთ, რომ დამოუკიდებლები ვართ, მაგრამ ეს შეიძლება დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დავაყენოთ, ვართ თუ არა. მეორე არის იდენტობა. ეს ორი მიმართულება არის ერის გადამრჩენელი. თუ ეს ორივე გაქვს, შენ ხარ ძლიერი, გამართული და ბედნიერი…

…აბორტი არის ნატურალური ფაშიზმი. რომელ ჩხუბზე და დაჭრაზე ვსაუბრობთ, როცა წელიწადში 40 000 ბავშვი იკვლება მარტო ჩვენს მიერ. ეს არაოფიციალურად. თუ დავამატებთ ამას ქიმიურ აბორტებს, ეს ადის ასობით ათასზე. სულიერად რომ შევხედოთ, ღმერთი არასდროს მისცემს იმ ერს ბედნიერებას და გამარჯვებას, ვინც არის საკუთარი შვილების მკვლელი.

თუ შეეხო ქმარი ცოლს, რა თქმა უნდა, ეს ამაზრზენია. ნებისმიერი ქმარი, ვინც ცოლს სცემს, არაკაცია. რა თქმა უნდა, ის დასასჯელია და ამაზე ორი აზრი არ არის… მაგრამ იქვე რატომ არ ამბობთ, რომ აბორტის გაკეთბა უარესია?” – განაცხადა პატრიარქის მოსაყდრემ.

საპატრიარქოს ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო თანამედროვეობის პრობლემებსა და გამოწვევებს. კათოლიკოს-პატრიარქმა მომხსენებლებს მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ სამღვდელოებისა და ფსიქოლოგების გააქტიურებული შრომა დადებით შედეგს გამოიღებს.

________________________________________________________

საყოველთაოდ აღიარებულია, რომ აბორტი ქალის უფლებაა. ქალთა უფლებადამცველების აზრით, აბორტის აკრძალვა არასოდეს იღებს დადებით შედეგს. მათი თქმით, ლეგალური აბორტის ხელმიუწვდომლობა მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ აბორტები გაკეთდება არალეგალურად, ხშირ შემთხვევაში, არასათანადო (ანუ არასტერილურ ან არასათანადოდ მოწყობილ) გარემოში, რაც თავისთავად იწვევს გართულებებს, დედათა სიკვდილიანობა გაიზრდება. აბორტის მიზეზების აღმოფხვრის გზებს ევროკავშირის წევრი ქვეყნები  სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული სოციალური პროგრამების გზით მომავალი მშობლების ფინანსური და სოციალური პირობების გაუმჯობესებაში ხედავენ და არა აბორტების აკრძალვაში.

ილია მეორე და შიო მუჯირი ფსიქოლოგებს შეხვდნენ. 08.03.2018. ფოტო: საპატრიარქო

მასალების გადაბეჭდვის წესი