ახალი ამბებისაზოგადოება

ქარის გამო საგანგებო სიტუაციბის მართვის სამსახურში 200–მდე ზარი განხორციელდა

9 მარტი, 2018 • 2744
ქარის გამო საგანგებო სიტუაციბის მართვის სამსახურში 200–მდე ზარი განხორციელდა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, დღეს, 9 მარტს, საქართველოში, სახანძრო-სამაშველო გამოძახების მოთხოვნით, ჯამში, 200-მდე ზარი განხორციელდა. მათ შორის, 123 თბილისში, ხოლო 75- სხვადასხვა რეგიონში.

სამსახურის ცნობით, თბილისში სახანძრო-სამაშველოს გამოძახების ყველაზე მეტი ფაქტი დაფიქსირდა დიდ დიღომში, დიღმის მასივში, საბურთალოზე, ისნისა და სამგორის რაიონებში.

მოქალაქეები ძირითადად შენობა-ნაგებობების დაზიანების, ხეების წაქცევის, ბილბორდებისა და ელექტრობოძების დაზიანების შესახებ ახორციელებდნენ ზარებს.

  • სამსახურის ცნობით, საჩხერეში, სოფელ გორისის საჯარო სკოლის სახურავიდან, მეხანძრე-მაშველებმა საფრთხის შემცველი თუნუქის ფურცლები ჩამოხსნეს, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
  • სამტრედიაში, სოფელ ჭოგნარში, მეხანძრე-მაშველებმა გზის სავალი ნაწილი წაქცეული ხეებისგან გაწმინდეს. ადგილზე მობილიზებული იყო სამაშველო ჯგუფი.
  • ძლიერმა ქარმა თბილისში, გურამიშვილის გამზირზე ხე წააქცია და სავალი ნაწილი ჩახერგა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
  • თერჯოლაში, ოთხი ძმის ქუჩაზე, მე-2 საჯარო სკოლაში, შენობის სახურავიდან ქარის შედეგად დაზიანებული, საფრთხის შემცველი თუნუქის ფურცლები ჩამოხსნეს.
  • ქ. ამბროლაურში, ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე ძლიერმა ქარმა სახლს სახურავი გადახადა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

მთელი დღის განმავლობაში საქართველოს მასშტაბით ძლიერი ქარი ქრის. გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზით, 9 მარტს დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე დღის 12:00 საათიდან დასავლეთის მიმართულების ძლიერი, 20 – 25 მ/წმ სიჩქარის ქარი იყო მოსალოდნელი. აღმოსავლეთ საქართველოში ქარი 17:00 საათიდან გაძლიერდა. ქარის სიჩქარე მდ. მტკვრის აუზში 20-25 მ/წმ-ის, ხოლო კახეთის რეგიონში 30 მ/წმ-ის ფარგლებშია შესაძლებელი.

პროგნოზის მიხედვით, თბილისის შიდა რაიონებში ქარის სიჩქარე 20-25, ხოლო გარეუბნებში 25-30 მ/წმ-მდე შეიძლება აღინიშნოს. აღმოსავლეთ საქართველოში ძლიერი ქარი 10 მარტის დილამდე შენარჩუნდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი