როგორც “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი თინათინ ბოკუჩავა აცხადებს, კომისიაში ნაციონალური მოძრაობიდან 32 საჩივარი შევიდა, თუმცა არც ერთ მათგანზე წერილობითი პასუხი გაცემული არაა:
“ერთადერთი პასუხი რაც მივიღეთ არის, რომ საქმეები გადაეცა პროკურატურას, მეტი პასუხი არ მიგვიღია. მიმაჩნია, რომ კომისიის საქმიანობა არის ფიქცია. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გვინდა მივიღოთ მონაწილეობა კომისიის საქმიანობაში, ეს კომისია არ ასრულებს თავის ფუნქციას, ეს ფუნქცია არის წინასაარჩევნოდ თანაბარუფლებიანი გარემოს შექმნა”, – განაცხადა თინათინ ბოკუჩავამ. მისივე თქმით, წინა სხდომაზე საუბარი იყო იმაზე, რომ ნაციონალური მოძრაობა შესაძლოა სხდომებს აღარ დასწრებოდა, თუმცა დღევანდელ სხდომაზე დასწრება მაინც გადაწყდა:
“დღეს გადავწყვიტეთ დავესწროთ სხდომას, თუ დღესაც იგივეს ვიხილავთ, რაც წინა სხდომაზე იყო, მაშინ შესაძლოა დავტოვოთ კომისია”, – აღნიშნა თინათინ ბოკუჩავამ.
კოალიცია “ქართული ოცნების” წარმომადგენელი ირინა იმერლიშვილი აცხადებს, რომ დღეს კომისიის წევრები ყველა საჩივარს თავიდან მოისმენენ:
“დღეს არის საკმაოდ საინტერესო სხდომა, ვინაიდან ერთი თვის შედეგების შეჯამება იქნება. ეს არის ის პერიოდი, როდესაც კომისია გადმოვიდა უკვე იუსტიციის სამინისტროს ფარგლებში. დღეს მოვუსმენთ ყველა იმ საჩივარს, რაც აქამდე იყო შემოსული, რა რეაგირება იყო მასზე განხორციელებული და რა რეკომენდაციები გაეცათ სხვადასხვა უწყებებს. მე ვფიქრობ, ყველაზე მნიშვნელოვანი თემა იყო ადგილობრივ თვითმმართველობებში მიმდინარე მოვლენები. კომისიამ არაერთი რეკომენდაციით მიმართა მათ და შეაჩერა ის იმპიჩმენტის პროცესები, რაზეც საუბარი იყო”, – განაცხადა ირინა იმერლიშვილმა. მისივე თქმით, კომისია მომდევნო ერთი თვის მანძილზეც ჩვეულებრივად გააგრძელებს მუშაობას.
არასამთავრობო ორგანიზაცია “საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის” ხელმძღვანელი გიორგი ტუღუში მიიჩნევს, რომ კომისიამ რიგ საკითხებზე სათანადო რეაგირება ვერ მოახდინა:
“არის მოსაზრება, რომ კომისია რაღაც პრობლემებზე ადეკვატურ რეაგირებას ვერ ახდენდა, მეც ვეთანხმები ამ მოსაზრებას, რადგან იყო მნიშვნელოვანი შეცდომები, რაზეც არ გამახვილდა ყურადღება, დღევანდელ სხდომაზე ამ საკითხებს დავაყენებთ”, – განაცხადა ტუღუშმა.



![რა ფუნქცია უნდა ჰქონდეს ავლაბრის რეზიდენციის შენობას [VIDEO]](https://netgazeti.ge/wp-content/uploads/2015/10/cms-image-000015194.jpg)



