ქალებზე ძალადობენ პარტნიორები, ქმრები, ასევე კაცები, რომლებიც მათი პარტნიორები არ არიან. ისინი ძალადობენ ფიზიკურად, სექსუალურად, ემოციურად. ქალებზე ძალადობენ ბავშვობაში და ძალადობენ ორსულობის დროს. ქალების 14 %, ვისაც ჰყოლია მეუღლე და პარტნიორი, ამბობს რომ მასზე ფიზიკურად, ფსიქოლოგიურად ან სექსუალურად უძალადიათ.
ქალთა მიმართ ძალადობის ეროვნული კვლევა დღეს, 6 მარტს გამოქვეყნდა. ასეთი კვლევა პირველად 2009 წელს ჩატარდა. 2017 წლის კვლევა საქართველოში გაეროს ქალთა ორგანიზაციის და საქსტატის ერთობლივი ძალისხმევით და ევროკავშირის მხარდაჭერით ჩატარდა. მთელი ქვეყნის მასშტაბით 15-64 წლის 6 006 ქალი და 1 601 კაცი გამოკითხეს.
კვლევის წარდგენისას განაცხადეს, რომ როდესაც ძალადობასთან გვაქვს საქმე, ის არ ვლინდება მხოლოდ ერთი სახით და, როგორც წესი, რამდენიმე სახის ძალადობა ერთობლივად გვხვდება. შედეგების მიხედვითაც, 14 – 64 წლის ქალების 13.5 %-ს, რომელთაც ჰყოლიათ ქმარი ან პარტნიორი, ერთად გამოუცდია ფიზიკური, სექსუალური და/ან ემოციური ძალადობა. 6.1% კი ფიზიკური და სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გამხდარა. ემოციურ ძალადობაში პარტნიორს ქალების 13% სდებს ბრალს, ხოლო ეკონომიკურში- 10%.
“მან გამორთო დენი, გაზი და წყალი, რადგან ის იხდიდა გადასახადებს და მეუბნებოდა, რომ როცა მოისურვებდა, მაშინ შეწყვეტდა გადახდას, მეუბნებოდა, რომ მასზე ვარ დამოკიდებული, რადგან ის გამოიმუშავებს ფულს და არარაობა ვარ მის გარეშე”- ამბობს კვლევის ერთ-ერთი რესპონდენტი.
7 – დან ერთი ქალი სიცოცხლის მანძილზე პარტნიორის ძალადობის მსხვერპლია. 2009 წლის მსგავსად, ფსიქოლოგიური ძალადობა და იძულება ძალადობის ყველაზე გავრცელებული ფორმებია.
“ჩემი ქმარი წინააღმდეგი იყო, იმაზე მეტი დრო გამეტარებინა, მაგალითად, პარკში ჩემს ძაღლთან ან მეგობრებთან ერთად, ვიდრე ნებას დამრთავდა. ის ზედმიწევნით მკაცრად ზღუდავდა ჩემს კონტაქტს გარე სამყაროსთან, ისევე როგორც მიზღუდავდა სოციალურ ქსელების გამოყენებას და ჩემს ნათესავებთან ტელეფონით საუბარს”,- ამბობს ძალადობის კიდევ ერთი მსხვერპლი.
[red_box]როგორ აღიქვამენ ქალთა მიმართ ძალადობას კაცები და თავად ქალები?[/red_box]
ახალი კვლევის თანახმად, ქალების 23% და კაცების 42% მიიჩნევს, რომ ცოლი უნდა ემორჩილებოდეს ქმარს. მეტიც, ქალების 22% და კაცების 31% მიიჩნევს, რომ ცოლის ცემა გარკვეულ შემთხვევებში გამართლებულია.
“სცემდით ვინმეს უმიზეზოდ? მისცემდით ვინმეს საშუალებას, განზრახ ეცემეთ? არავინ სცემს ვინმეს უმიზეზოდ. საბოლოოდ კი, თუ მეზობელი სცემს მის ცოლს, ე.ი. ამ კაცის გადმოსახედიდან – ცოლი ამას იმსახურებდა”,- ამბობს კვლევის კაცი რესპონდენტი.
გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტების მენეჯერი თამარ ვაშაკიძე ამბობს, რომ ცემის გამართლების მაჩვენებელი 2009 წელთან შედარებით გაუმჯობესებულია. 2009 წელს ქალების 34% ამართლებდა ცოლის ცემას(კაცები მაშინ არ გამოუკითხავთ).
თამარ ვაშაკიძეს ვკითხეთ, რა არის ის შემთხვევები, როდესაც ცოლის ცემა გამართლებულად მიაჩნიათ. მისი თქმით, ცემას ამართლებენ, თუ ცოლი სახლს კარგად არ დაალაგებს, ან ბავშვებს კარგად არ უვლის, საჭმელი დაწვა და სხვა.
“ძირითადად ყოფითი საკითხები იყო, თუ არ უჯერებს, არ ემორჩილება, ურჩობს, სახლიდან გადის დაუკითხავად და ა.შ. იმ ქალების წილი, რომლებსაც აქვს პარტნიორისგან ძალადობის გამოცდილება, უფრო მეტად ეთანხმება მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ცემა გამართლებულია, ვიდრე ისინი, ვისაც პარტნიორისგან ძალადობის გამოცდილება არ ჰქონია”,- ამბობს ვაშაკიძე “ნეტგაზეთთან” საუბრისას.
კვლევის მიხედვით, მოსაზრებას, რომ ცოლსა და ქმარს შორის ძალადობაში სხვა არ უნდა ჩაერიოს, ეთანხმება ქალების 33% და კაცების 50% .ქალების 27%, რომელიც ამ მოსაზრებას ეთანხმება, თავადაც ყოფილა ძალადობის მსხვერპლი.
კაცების 24% მიიჩნევს, რომ ქალმა უნდა მოითმინოს ძალადობა ოჯახის შენარჩუნების მიზნით, ხოლო ქალების 12 %-ს მიაჩნია გამართლებულად ძალადობის მოთმენა. ასევე ქალების 13%, რომელიც თავადაც ყოფილა ძალადობის მსხვერპლი, გამართლებულად მიიჩნევს ძალადობის მოთმენას, რათა ოჯახი შეინარჩუნოს.
ორგანიზაცია “ქალები საერთო მომავლისთვის” გენდერის კოორდინატორი იდა ბახტურიძე საუბრობს იმ მიზეზებზე, რის გამოც ცოლის ცემა გამართლებულად მიაჩნიათ:
“ეს ქალები და კაცები იზრდებიან იმ გარემოში, სადაც კაცი უპირატესია. უპირატესობა ბევრ რამეს გულისხმობს. უპირატესობა და უთანასწორობა ნიშნავს იმას, რომ მე შედარებით ნაკლები უფლება მაქვს, ამიტომ ვუშვებ, რომ თუ რამე ისე გავაკეთე, რაც მეორე ადამიანს ჩემთან მიმართებაში პრეტენზიებს უჩენს, ეს პრეტენზიები შეიძლება გამოხატოს მძიმე ფორმითაც, არა მხოლოდ სიტყვიერად, არამედ მოთხოვნის ფორმით, და თუ ეს მოთხოვნა არ სრულდება, შემდეგ უკვე [ცემას]. უთანასწორობა ყოველთვის გულისხმობს ძალადობრივ ურთიერთობებს”,- ამბობს ბახტურიძე.
[red_box]გამოწვევები ქალთა მიმართ ძალადობის დაძლევის გზაზე[/red_box]
კვლევის თანახმად, პარტნიორის მხრიდან ფიზიკური და სექსუალური ძალადობის გამოცდილების მქონე ქალების 36 %-ს მომხდარის შესახებ არავისთვის უთქვამს, ძალადობის მსხვერპლი ქალები არც ამხელენ ძალადობის შესახებ და არც დახმარებას ითხოვენ რომელიმე უწყებისგან.
პოზიტიური ტენდენციაც არსებობს: 2009 წელთან შედარებით 10% -ით შემცირებულია იმ ქალების მაჩვენებელი, რომლებიც ოჯახში ქმრის ძალადობის მიუხედავად რჩებიან.
იდა ბახტურიძე მიიჩნევს, რომ საზოგადოებრივი ცნობიერება გაცილებით სწრაფად იცვლება ძალადობასთან დაკავშირებული საკითხების მიმართ, ვიდრე სახელმწიფო ინსტიტუტების ტრანსფორმაცია ხდება:
“საზოგადოების დიდმა ნაწილმა იცის, რომ ძალადობა არ უნდა მოითმინოს, მაგრამ მიმართვიანობის შემთხვევაში რამდენად სრულფასოვან სერვისს მიიღებს ძალადობის მსხვერპლი, ამის გარანტია არ გვაქვს. ეს ძალიან დიდი პრობლემა მგონია. ცნობიერების ამაღლება საკმარისი არ არის იმისათვის, რომ ქალები გადარჩნენ იმ ქვეყანაში, სადაც სერვისები და ინსტიტუციები არ ვითარდება’, – ამბობს ბახტურიძე.
კვლევამ 2009 წელთან შედარებით პოზიტიური ცვლილებებიც აჩვენა:
[checklist]
- ახალგაზრდები ნაკლებად დისკრიმინაციულ დამოკიდებულებას ამჟღავნებენ
- იკლო იმ ქალების რაოდენობამ, რომლებიც რჩებოდნენ მოძალადე ქმრებთან, რადგან ძალადობა ნორმალურად მიაჩნდათ
- გაიზარდა იმ ქალთა რაოდენობა, ვინც პარტნიორისგან ძალადობის გამო პოლიციას მიმართა[/checklist]