ახალი ამბები

საპარლამენტო კომიტეტმა განიხილა რეზოლუცია “სამართლიანობა უნდა აღსდგეს”

27 სექტემბერი, 2013 • • 985
საპარლამენტო კომიტეტმა განიხილა რეზოლუცია “სამართლიანობა უნდა აღსდგეს”

რეზოლუცია სახალხო მოძრაობამ 2013 წლის 19 მაისის ყრილობაზე  მიიღო და განსახილველად პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტს გაუგზავნა.  

 

კომიტეტის მიერ  მომზადებულ დასკვნის პროექტში ნათქვამია, რომ უნდა მოხდეს შეკრებისა და მანიფესტაციის დაშლის ყველა ფაქტის გამოძიება. ასევე, ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ სახელმწიფოსათვის საეჭვო გარემოებებში ჩუქების ფორმით საკუთრების უკანონო გადაცემის, აგრეთვე, საკუთრების უკანონო ხელყოფის ფაქტების გამოძიება და რეაგირება.

 

დასკვნის პროექტში ასევე ვკითხულობთ, რომ 2004-2012 წლებში  ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირებმა და საჯარო მოხელეებმა არაერთი მძიმე დანაშაული ჩაიდინეს, რასაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, წამება, ადამიანის ღირსებისა და ფუნდამენტური კონსტიტუციური უფლებების ხელყოფა მოჰყვა.

 

 „ყველა ამ საქმეზე უნდა მოხდეს იმ პირთა გამოვლენა და პასუხისმგებლობის დაკისრება, ვინც ორგანიზებას უკეთებდა და მონაწილეობას იღებდა ამ დანაშაულის ჩადენაში. უმნიშვნელოვანესი და პრიორიტეტულია ყველა იმ პირის უფლების აღდგენა, ვინც უკანონობისა და ძალადობის მსხვერპლი გახდა,“ – ნათქვამია კომიტეტის დასკვნაში.

 

სახალხო მოძრაობის ერთ-ერთი წევრის, ნანა კაკაბაძის თქმით, ის დასკვნის პროექტს ეთანხმება:

 

„ჩვენი რეზოლუციის განხილვა მოხდა. ძირითადად საკითხებში ნამდვილად ვეთანხმებით, ვეთანხმები სულისკვეთებასაც. თუმცა იქ იყო გამორჩენილი გარკვეული პუნქტები, რაზეც შევთანმხდით, რომ დაემატება და საბოლოო ვერსია უკვე პარასკევს გადაეცემა ბიუროს განსახილველად.”

 

დასკვნის პროექტს პოზიტიურად აფასებს კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გედევან ფოფხაძე და ამბობს, რომ წარმოდგენილი დასკვნა ციტატების ერთობლიობაა:

 

„დასკვნა უკვე თითქმის მზად არის და მთლიანობაში ის მოწონებულია. დასკვნაში აქცენტი კეთდება ყველა იმ დარღვევაზე, რომელსაც ადგილი ჰქონდა. ჩვენ ხაზს ვუსვამთ, რომ ეს უფლებების დარღვევა იყო სისტემური ხასიათის. სხვათა შორის, ძალიან კარგად დასაბუთებული და გამართული დასკვნაა იმ კუთხითაც, რომ ეს არის ციტატების ერთობლიობა, ეს არ არის კომიტეტის პოზიცია. ჩვენ ავიღეთ ჰამერბერგის, სხვა ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების, სახალხო დამცველის დასკვნების ციტატები და ამ ციტატების საფუთველზე, უკვე დადასტურებული ფაქტობრივი გარემოებების საფუზველზე, მივაღწიეთ ამ დასკვნამზე. ამრიგად, მთლიანობაში კარგი დასკვნაა. „

 

მასალების გადაბეჭდვის წესი