ახალი ამბები

ბესელია: გეგუთის ციხის დირექტორი მალხაზ სინაურიძე პასუხისგებაშია მიცემული

27 სექტემბერი, 2013 •
ბესელია: გეგუთის ციხის დირექტორი მალხაზ სინაურიძე პასუხისგებაშია მიცემული

ეკა ბესელია და ნანა კაკაბაძე
ეკა ბესელია და ნანა კაკაბაძე

კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია ამბობს, რომ კომიტეტი საკუთარი დასკვნით შეაფასებს ლევან კორტავას საქმის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს და კონკრეტული უწყებებს რეკომენდაციებით მიმართავს. როგორც ბესელიამ განაცხადა, გეგუთის ციხის დირექტორი მალხაზ სინაურიძე პასუხისგებაშია მიცემული:

 

“პრაქტიკულად მზად არის კომიტეტის მიერ მომზადებული შეფასება და რეკომენდაციებიც. ორი ახალი ინფორმაცია მოგვაწოდა სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილემ, გიორგაძემ. კერძოდ, ის, რომ პასუხისგებაში მიეცა დაწესებულების დირექტორი სინაურიძე და ასევე,  ერთ-ერთი სამსახურის ხელმძღვანელი. მეორე ახალი ინფორმაცია არის ის, რომ დაინიშნა კომპლექსური სასამართლო -სამედიცინო ექსპერტიზა, რომელმაც უნდა დაადგინოს, ხომ არ მოხდა რაიმე შეცდომა ექიმების მიერ, იმ დღეებში, როდესაც კორტავა იყო სასამართლოში, რომლის შედეგადაც შეიძლებოდა თავიდან აცილებული ყოფილიყო სიკვდილი.”

 

დეპუტატი განმარტავს, რომ ამ ინფორმაციებს დასკვნის პროექტში შეიტანენ, რის შემდეგაც, მომდევნო პარასკევს დასკვნის პროექტს დაამტკიცებენ:

 

“ამ დასკვნით ჩვენ რეკომენდაციით მივმართავთ პროკურატურას, რომ ეს ფაქტები მაქსიმალურად ობიექტურად უნდა იყოს შესწავლილი და გამოძიებული. მეორე რეკომენდაცია ეხება სასჯელაღსრულების დაწესებულებას, რომ მსგავსი ტიპის ფაქტების პრევენციისთვის უნდა მოხდეს გაძლიერება იმ სტრუქტურების და სამსახურების, რომლებიც პატიმართა უსაფრთხოებაზე და მათ დაცვაზეა პასუხისმგებელი.”

 

პროექტში კდიევ ერთი რეკომენდაციაა, რომელიც 5 მსჯავრდებულს შეეხება. კერძოდ,  ბესელიას თქმით, კომიტეტმა გამოავლინა  5 მსჯავრდებული, რომლებმაც მოითხოვეს გადმოყვანა სხვა დაწესებულებიდან გეგუთში, რადგან გადაწყვიტეს, რომ თავად ჩაეტარებინათ გამოძიება კორტავას საქმეზე:

 

“მე პირადად შევხვდი ამ პირებს და მომეჩვენა ძალიან საეჭვოდ მათი ქმედება, რომ გარკვეული პირის ან პირების ინტერესებს ემსახურებოდა მათი სპეციალურად გადმოყვანა კორტავას გარდაცვალების შემდეგ, თითქოს რაღაც გამოძიება უნდა ჩაეტარებინათ ამ პატიმრებს, რომლებიც მერე ცრუ ვერსიის გასამყარებლად იყო გამოყენებული. გამოვლინდა, რომ ეს ცრუ ვერსია იყო პირველად, კიბეზე დაგორების ფაქტი, რომლის გამოც ახლა პასუხისგებაში მიეცა რამდენიმე ხელმძღვანელი გეგუთის ციხის.”

 

2013 წლის 23 მაისს ლევან კორტავა მასზე განხორციელებული ძალადობით ქალა-ტვინის დახურული ტრავმის შედეგად განვითარებული ტვინის მკვეთრად გამოხატული შუშუპებისა და დარბილების გამო გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი