
გაერთიანებულ სხდომაზე ზურაბ აბაშიძემ ძირითადად რუსეთთან სავაჭრო და ეკონომიკურ, ჰუმანიტარულ-კულტურულ ურთიერთობაზე, ასევე, სატრანსპორტო კავშირების და საჰარო მიმოსვლის აღდგენაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ამ მიმართულებით შედეგები არის.
“ბუნებრივია, კითხვები იბადება იმასთან დაკავშირებით, რაც ხდება საოკუპაციო ზოლთან. რუსეთის წარმომადგენლებთან შეხვედრებზე მე ყოველთვის ხაზგასმით ვაფიქსირებ საქართველოს მთავრობის პოზიციას, უაღრესად კრიტიკულ პოზიციას, გამოვთქვამთ შეშფოთებას, მაგრამ ამ თემების განხილვა უფრო დეტალურად ხდება ჟენევაში, სადაც ამ პრობლემებისთვის შექმნილია სპეციალური საერთაშორისო ფორმატი. ეს ჩვენმა დეპუტატებმაც კარგად იციან და, მგონი, განსაკუთრებულად გაურკვეველი არაფერი დარჩა.”
რუსეთის ბაზართან დაკავშირებით აბაშიძე ამბობს, რომ აქ ვერანაირ გაუგებრობას და დიდ კოლიზიას ვერ ხედავს:
“ჩვენ გავხსენით რუსული ბაზარი, რომელიც 2006 წლის ემბარგოს შემდეგ დაიხურა. ახლა დიდი ძალისხმევით, უამრავი სირთულის, პრობლემის მოგვარების შედეგად ეს ბაზარი გაიხსნა და ჩვენი პროდუქცია რუსულ ბაზარზე შევიდა. ჩვენმა მეწარმეებმა პოლიტიკოსებზე კარგად იციან ეს ბაზარი. იციან, რომ გარკვეული რისკის მატარებელია. ჩვენ არავის მოვუწოდებთ იქითკენ, რომ გინდათ თუ არა დაბრუნდით რუსულ ბაზარზე, არც არავის ხელს არ ვუშლით და არ ვიჭერთ. ეს ცალკეული კომპანიების გადასაწყვეტია. კარი ღიაა და მათ უნდა გადაწყვიტონ, უნდათ თუ არა ამ კარში შესვლა. როგორც ვხედავთ, ინტერესი არის. ღვინის ძალიან დიდი მარაგი შევიდა რუსულ ბაზარზე, სატრანსპორტო კომპანიები არიან ძალიან დაინტერესებული.”
აბაშიძემ საჰაერო მიმოსვლაზე საუბრისას აღნიშნა, რომ ქართულ კომპანიებს რუსეთის სანავიგაციო სამსახურების მიმართ დავალიანება აქვთ:
“დავალიანება 90-იანი წლებიდან მოდის. როგორც რუსეთის მხარე გვეუბნება და ეს მართლაც წააგავს სიმართლეს, იმ კომპანიებს სანავიგაციო სამსახურების მიმართ დაუგროვდათ რაღაც ვალები. დღეისათვის აღარ არსებობს ეს კომპანიები, მაგრამ ვალი დარჩა. ვინ უნდა გადაიხადოს ეს ვალი? ამიტომ, ახლა ამაზე მიდის მუშობა, რომ ეს პრობლემა მოგვარდეს და რეგულარული რეისები აღდგეს. ეს ხელს შეუწყობს ტურისტების ზრდას, ეკონომიკურადაც უფრო საინტერესოა, ეს ალბათ ავიაბილეთების ფასის დაწევასაც გამოიწვევს და ა.შ.”
რაც შეეხება რუსი ჯარისკაცების მიერ საოკუპაციო ზოლთან მავთულხლართების გავლებას, აბაშიძე ამბობს, რომ ეს პროცესი 2009 წელს დაიწყო:
“ეს არის 2008 წლის შედეგი. ეს გუშინ არ დაწყებულა. ეს არის მიზანმიმართულად წარმოებული პროცესი, რაც ჩვენთვის აბსოლუტურად მიუღებელია. ეს არის საერთაშორისო ნორმების, სამართლის, ჰუმანიტარული ნორმების დარღვევა და ჩვენ ამას არასდროს შევეგუებით.”
ზურაბ აბაშიძის თქმით, სოჭის ოლიმპიადაში აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის მონაწილეობის შანსიც არსებობს:
“სოჭის ოლიმპიადაში ჩვენი მონაწილეობა მარტივი გადაწყვეტილება არ იყო. ოლიმპიურმა კომიტეტმა მიიღო ეს გადაწყვეტილება, რაც სწორია. ჩვენი მონაწილეობა უსაფრთხოების თემებთან არის დაკავშირებული და იმის რისკს ამცირებს, რომ თუ იქ რაიმე უბედურება მოხდება, საქართველოს დააბრალონ, როგორც ეს ადრე ხდებოდა. ადრე თუ ჩრდილოკავკასიაში რაიმე მოხდებოდა, ხელს მაშინვე საქართველოსკენ იშვერდნენ.”
“ძალიან სასარგებლო შეხვედრა იყო. აუცილებელია, რომ პარლამენტი იყოს საქმის კურსში ასეთი სერიოზული საკითხების შესახებ, რომელიც დაკავშირებულია რუსეთთან დიალოგთან. მე აქ მესამედ ვარ უკვე, თუ დიალოგი გაგრძელდება, მე მზად ვარ კიდევ ჩამოვიდე პარლამენტში და საქმის კურსში ჩავაყენო დეპუტატები, ჩვენი საზოგადოება, მედია. ჩვენი თხოვნაა პარლამენტარების მიმართ, რომ თუ აქვთ საინტერესო მოსაზრებები, წინადადებები, იდეები იმის თაობაზე, შემდეგ ეტაპზე რუსეთთან დიალოგის დროს რა განვიხილოთ, ძალიან მადლობელი ვიქნები. ძალიან საინტერესო კითხვებიც იყო, კრიტიკული კითხვებიც იყო,”- აღნიშნა ზურაბ აბაშიძემ.
დღევანდელი შეხვედრით უკმაყოფილოა საპარლამენტო უმცირესობა. აკაკი მინაშვილის თქმით, უმცირესობას პასუხი არცერთ კითხვაზე მიუღია:
“იმედგაცრუებამ მოლოდინს გადააჭარბა მაშინ, როცა ხდება ოკუპაციისა და აგრესიის გაგრძელება, ზურა აბაშიძე საუბრობს კულტურულ ურთიერთობაზე, ვაჭრობაზე, სინამდვილეში არავითარი ვაჭრობის აღდგენა არ მოხდება, გვახსოვს მოლდავეთის მაგალითი, უკრაინის მაგალითი, გარკვეული პერიოდის განმავლობაში იყო სავაჭრო ურთიერთობები, მაგრამ დღეს ორივე მიმართულებით ხდება ემბარგოს დაწესება რუსეთის მხრიდან. რუსეთი ამას იყენებს დასავლეთთან სალაპარაკოდ, რომ, აი, ჩვენ შორის დიალოგია და თქვენი ჩარევა დიალოგში საჭირო არ არის, რასაც შემდეგ იყენებს “ქართული ოცნება” ძალიან წარმატებულად იმისათვის, რომ როგორმე დასავლური სამყარო გაიყვანოს ევროპულ დიალოგში, ევროპული დიალოგი ძალიან წარმატებულია საქართველოსთვის და ზურაბ აბაშიძეც აღირებს ამას. ჩემთვის გაუგებარია, კონკრეტულად რა მიზანს ემსახურება ეს დიალოგი.”
უმცირესობის კიდევ ერთი წევრის, ჩიორა თაქთაქიშვილის თქმით, შეხვედრამ დაადასტურა, რომ მდგომარეობა ძალიან მძიმეა. მისივე განამრტებით, ხელისუფლება არ ინეტერესდება დევნილების დაბრუნების თემით ოკუპირებულ ტერიტორიებზე და საზღვრებზე, მავთულხლართები მაშინ ივლება, როცა ხელისუფლება რუსეთთან ურთიერთობებს წარმატებულად აფასებს:
,,ძალიან მძიმეა მდგომარეობა, დღევანდელმა შეხვედრამ ეს დაადასტურა. მაშინ, როცა რუსეთის წარმომადგენელი არ ინტერესდება დევნილების დაბრუნების საკითხით. ასევე მას არ აქვს კონკრეტული პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ მავთულხლართების გავლება მოხდა სწორედ იმ პერიოდში, როდესაც ხელისუფლება წარმატებულად აფასებდა თავის ურთიერთობას რუსეთთან. ეს მიუთითითებს იმაზე, რომ ხელისუფლება ვერ აცნობიერებს თავისი პოლიტიკის სავალალო და ტრაგიკულ შედეგებს, რომელიც პოლიტიკის ცვლილების შემდეგ დადგა. რუსეთმა დვანში, დიცში გაავლო მავთულხლართები, ადამიანები შლიან სახლებს, რომელიც ექცევა ოკუპირებული ტერიოტირიების ფარგლებში“.
პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის საკითხთა დროებითი კომისიის თავმჯდომარე გია ვოლსკი ამბობს, რომ უმცირესობას ყველაფრის კრიტიკის სტილი აქვს:
“არის მოსაზრებები და შეხედულებები მათი მხრიდან, რომელიც აბსოლუტურად რეალობას არ შეესაბამება. მაგრამ მაინც ამ პოლიტიკურ მცდელობებში გამოიკვეთა რამდენიმე აუცილებელი შეკითხვა, რომელიც მნიშვნელოვანია სტრატეგიის დაგეგმვის დროს, უნდა გაითვალსიწინოთ. საინტერესო იყო ბატონი ზურაბის მოხსენება, როგორც პოლიტიკურ, ისე სოციალურ თემებზე. ჭიდილი უმრავლესობას და უმცირესობას შორის, ეს პარლამენტია და მაგისია. სამწუხაროდ, არის არაკონსტრუქციული მოსაზრებები და ზოგჯერ სასაცილოც კი.”







