ახალი ამბები

სალომე ზურაბიშვილი: პრემიერს არაფერი ესაქმება ექსპერტებთან

26 სექტემბერი, 2013 •
სალომე ზურაბიშვილი: პრემიერს არაფერი ესაქმება ექსპერტებთან

“ფორმა არის ნაცნობი, რომელიც ეკუთვნის არადემოკრატიულ რეჟიმებს. მე ვერ გავიხსენებ დემოკრატიულ რეჟიმს, რომელსაც სჭირდება ამ ტიპის პროპაგანდისტული შეხვედრები, რომელიც არის დადგმა რეალურად იმისი, თუ რა მესიჯის გაგზავნა სურდა ივანიშვილს. ამ შემთხვევაში სხვადასხვა ფორმების გამოყენება შეიძლება. ჩვენ გვახსოვს, როგორ გამოიყენა სააკაშვილმა ჭიაბერაშვილის საათის ამბავი. ეს დემაგოგია ცნობილია,” – ეს განცხადება სალომე ზურაბიშვილმა ტელეკომპანია ტვ3–ის გადაცემა “დიდი პოლიტიკის” ეთერში გააკეთა.

სალომე ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილი

ზურაბიშვილის აზრით, არაფერი ესაქმება პრემიერს ექსპერტებთან:

“ეს ცნება – ექსპერტები, ცოტა უცნაურია. ან არიან სახელისუფლებო ექსპერტები, რასაც კარგად ამბობდა სააკაშვილი, ან არიან დამოუკიდებელი პოლიტოლოგები. რატომ უნდა დაიბაროს პრემიერმა ექსპერტები და რატომ უნდა დაიწყოს ჩაკითხვა მათი გამონათქვამების ჩამონაწერის? ეს ფორმა არის კოკა ყანდიაშვილის ფორმა. მაწუხებს ძალიან, როცა პრემიერი თავს ნებას აძლევს, არადემოკრატიულად დაუწყოს ექსპერტებს თვიანთ აზრებზე პოლემიკა. რა დროს პოლემიკა არის პრემიერის ექსპერტებთან.  რას ნიშნავს მიმართვა “ძმაო”, მე არ მინდა, რომ ჩემი ქვეყნის პრემიერი ელაპარაკებოდეს ექსპერტებს საჯაროდ და ეუბნებოდეს – “ძმაო”. მე სხვა ფორმას მოვითხოვ პრემიერისგან, საერთოდ სხვა სახელმწიფო მინდა. პრემიერმა უნდა იცოდეს სად და რა დონეზე უნდა იყოს გარჩეული.”

“საქრთველოს გზის” ლიდერის აზრით, პრემიერი უნდა ყოფილიყო ნიუ–იორკში გარეოს ასამბლეაზე: “როგორც მე არ მიშლის გიგი უგულავა, ისე მას არ უნდა უშლიდეს მიხეილ სააკაშვილი. თუ საქართველოს ინტერესები ამას მოითხოვს და დღეს ინტერესები ამას მოითხოვს, უნდა ყოფილიყო იქ და უნდა გამართულიყო შეხვედრები ყველა დონეზე. უნდა მიეტანა იქ საქართველოს დღევანდელი ტკივილი და არსებული საფრთხეები. თუ რამე საჯარო შეხვედრაზე იყო საუბარი, უნდა მოეწვია საერთაშორისო საგარეო პოლიტიკის ექსპერტები, სამხედრო ექსპერტები და მათთან ერთად განეხილა დღევანდელი სიტუაცია და რა გზები არსებობს ოკუპაციის შესაჩერებლად.”

ზურაბიშვილის შეფასებით, ექსპერტი არის დამოუკიდებელი: “პირველი ვალდებულებაა პრეზიდენტის, პრემიერის, რომ იყოს გარანტორი ამ დამოუკიდებლობის. და არა ის, რომ  მოსთხოვოს ანგარიშები, რატომ თქვით ასე ან ისე. ასეთი რამ სრულიად წარმოუდგენელია ჩემთვის.”

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი 25 სექტემბერს საკუთარ რეზიდენციაში ექსპერტებს შეხვდა. შეხვედრა 4 საათს გაგრძელდა, რასაც პირდაპირ ეთერში საზოგადოებრივი მაუწყებელი გადასცემდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი