ახალი ამბები

საგამოძიებო კომისია ტელეკომპანია “ალანიას” საქმის განხილვას აგრძელებს

26 სექტემბერი, 2013 • • 1041
საგამოძიებო კომისია ტელეკომპანია “ალანიას” საქმის განხილვას აგრძელებს

დღევანდელ სხდომაზე დეპუტატებმა ტელეკომპანია “ალანიას” საქმის განხილვა გააგრძელეს და მარეგულირებლი კომისიის ყოფილ თავმჯდომარეებს, დიმიტრი ქიტოშვილსა და გიორგი არველაძეს მოუსმინეს.

 

სხდომაზე კომისიას “ალანიას” მფლობელებიც უნდა დაეკითხა, თუმცა ისინი არ გამოცხადდნენ:

 

“გამოიკვეთა დისკრიმინაციული მიდგომები, როგორც თვითონ კომისიის წევრებს შორის, ასევე ტელევიზიების წინააღმდეგ. ეს იქნებოდა სიხშირის თუ ლიცენზიების გაცემის თემები. დღეს დაგეგმილი იყო ტელეკომპანია “ალანიას” მფლობელების დაკითხვაც, თუმცა არცერთი მათგანი კომისიის სხდომაზე არ გამოცხადდა.  კომისიამ ისინი განმეორებით 3 ოქტომბერს დაიბარა და თუ კვლავ არ გამოცხადდებიან, მაშინ კომისია უფლებამოსილია, კანონით მინიჭებული უფლება გამოიყენოს და “ალანიას” მესაკუთრეები კომისიის სხდომაზე იძულების წესით მიიყვანოს”, – აცხადებს თინა ხიდაშელი.

 

მისივე სიტყვებით, “ეს არის სრულიად ნათელი და ცალსახა, კომისიას არასდროს არ ჰქონდა ნათელი კრიტერიუმები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ირჩევდა მსხვერპლს და სწორედ აქედან დაიწყო პრობლემების მთელი კასკადი. კანონი უნდა იყოს სამართლიანი და ყველასთვის სამართლიანად უნდა მოქმედებდეს. კანონს არ უნდა ჰყავდეს მსხვერპლები და ფავორიტები“.

 

დიმიტრი ქიტოშვილის თქმით,  მისი ხელმძღვანელობის პერიოდში „ალანიაზე“ ლიცენზია არ გაცემულა და მაუწყებელი სრულიად ულიცენზიოდ გადიოდა ეთერში:

 

“ულიცენზიოდ მაუწყებლობა სისხლის სამართლის საქმე იყო და ეს პრობლემა შსს-ს და პროკურატრურას უნდა მოეგვარებინა, თუმცა ეს ტელევიზია ამავე სტრუქტურების წარმომადგენლების მიერ იყო შექმნილი. არსებობდა ერთგვარი ჩაკეტილი წრე, როდესაც “ალანიას” საქმიანობა უნდა აღეკვეთა მას, ვინც კომპანიას ფლობდა. ეს იყო სახელმწიფო პოლიტიკის ნაწილი, რომ შექმნილიყო ტელევიზია, რომელიც სამხრეთ ოსეთში გაავრცელებდა პრო-ქართულ ინტერესებს“, – აცხადებს ქიტოშვილი.

 

საგამოძიებო კომისია მუშაობას ხვალ, 27 სექტემბერს განაახლებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი