წარმოდგენილ კანონპროექტთან ერთად, კომიტეტი მისგან გამომდინარე საკანონმდებლო ცვლილებებს განიხილავს „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“, ასევე, “მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში“, “მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში და “საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში.
როგორც “სახელმწიფო ენის შესახებ” კანონპროექტის განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, კანონპროექტის მიღების მიზანი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ქართული ენის, ხოლო აფხაზეთში აფხაზური ენის სახელმწიფო სტატუსის განმტკიცება და სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში მათ გამოყენებაზე, დაცვაზე, განვითარებაზე, შესწავლასა და პოპულარიზაციაზე განუხრელად ზრუნვაა.
კანონპროექტის ძირითადი არსი მდგომარეობს იმაში, რომ “სახელმწიფო დაუშვებლად მიიჩნევს ნებისმიერი ენის მიმართ უპატივცემლობას, საქართველოს მოქალაქის ენობრივი უფლებების შელახვას, აღკვეთს ენობრივი პოლიტიკის კონსტიტუციური პრინციპების საწინააღმდეგოდ ყოველგვარ ქმედებას.
კანონპროექტი განსაზღვრავს მხოლოდ სახელმწიფო და არასახელმწიფო ენების ცნებებს. მისი რეგულირების ფარგლებში შემოდის სახელმწიფო ენის ფუნქციონირების სფერო. არასახელმწიფო ენა გულისხმობს ყველა სხვა ენას, რომლითაც შეიძლება საქართველოს მოქალაქეები და საქართველოში მცხოვრები სხვა პირები სარგებლობდნენ პირად თუ საზოგადოებრივ ცხოვრებაში.
კანონპროექტი ყურადღებას უთმობს სახელმწიფო ენის პოპულარიზაციისა და შესწავლის პროგრამებს, სახელმწიფო ენის სპეციალური პროგრამების მომზადებას და განხორციელებას. გარდა ამისა, საქართველოს მოქალაქე ვალდებული ხდება ფლობდეს სახელმწიფო ენას. ამავე დროს, კანონპროექტი ითვალისწინებს სახელმწიფო ენის ცოდნის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან პირის შესაბამისობის შეფასებას, რაც სახელმწიფო ენის გამოცდის ჩაბარებას გულისხმობს. ამ ვალდებულებისგან მხოლოდ ის პირები გათავისუფლდებიან, ვისაც საშუალო ან უმაღლესი განათლება სახელმწიფო ენაზე აქვთ მიღებული.
ენობრივი პოლიტიკის განხორციელების წარმმართველ ორგანოებად კანონპროექტი პარლამენტს და მთავრობას ასახელებს. სახელმწიფო ენის დაცვის ორგანოებად ცალკე გამოყოფილია ორი სპეციალიზებული ინსტიტუტი: სახელმწიფო ენის ინსპექცია და სახელმწიფო ენის მუდმივმოქმედი სახელმწიფო კომისია. კანონპროექტში ენის ინსპექცია მოიაზრება, როგორც პრემიერ-მინისტრის წინაშე ანგარიშვალდებული ორგანო, რომელიც საჯარო სამართლის იურიდიული პირია. მას უფლება ექნება კანონის დამრღვევთა მიმართ გამოიყენოს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ზომები, რომლებიც დგინდება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით. რაც შეეხება სახელმწიფო ენის მუდმივმოქმედ სახელმწიფო კომისიას, ის საქართველოს მთავრობასთან მოქმედებს და მისი მთავარი დანიშნულება ქართული სალიტერატურო ენის ნორმების დადგენაა, რომელსაც მთავრობა დაამტკიცებს.
კანონპროექტის 29-ე მუხლი მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა ენას ეხება. აღნიშნულ მუხლში საუბარია გაზეთებსა და ჟურნალებზე, ასევე, ტელევიზიებსა და რადიოებზე, თუმცა ინტერნეტ გამოცემებზე არაფერია ნათქვამი.
მუხლი 29
1) გაზეთებსა და ჟურნალების გამოცემა, აგრეთვე, ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის გადაცემები ხორციელდება სახელმწიფო ენაზე, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
2) მასობრივი ინფორმაციის იმ საშუალებებში, რომლებიც მაუწყებლობენ სახელმწიფო ენაზე, კანონმდებლობით დადგენილი წესით, აუცილებლობის შემთხვევაში, შეიძლება გამოყენებული იქნეს არასახელმწიფო ენებიც, მაგრამ ტელე და რადიომაუწყებლობის საეთერო დროის არაუმეტეს 10%-ისა.
3) მასობრივი ინფორმაციის საშუალებით საჯარო გადაცემის მიზნით ნაჩვენები აუდიოვიზუალური პროდუქციის თარგმნისას და დუბლირებისას გამოიეყენება სახელმწიფო ენა.
ადმინისტრაციული სამართალდარღვევები სახელმწიფო ენის გამოყენების და დაცვის სფეროში
“სახელწმიფო ენის” შესახებ კანონში ცვლილებების შეტანა ცვლილებებს იწვევს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში. როგორც განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, კანონპროექტის მიზანი “სახელმწიფო ენის დაცვა და განვითარება, ასევე, სახელმწიფო და ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოებში ენის გამოყენების კონტროლია. გარდა ამისა, კანონპროექტის მიზანია, ზედამხედველობა გაუწიოს ენის მოთხოვნათა გამოყენებას მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა მიერ.
კერძოდ, თანამდებობის პირის მიერ განცხადების, საჩივრის, ან სხვა წერილობითი დოკუმენტის მიღებაზე ან განხილვაზე უარის თქმა, სახელმწიფო ენის არცოდნის მოტივით, გამოიწვევს თანამდებობის პირის დაჯარიმებას 200 ლარიდან 500 ლარამდე. ხოლო იგივე ქმედების განმეორებით ჩადენის შემთხვევაში ჯარიმა 500 ლარიდან 1 500 ლარამდე იზრდება.
ცვლილებების მიხედვით, ფიზიკური პირისათვის განათლების ენის არჩევის შესაძლებლობის შეზღუდვა ან დისკრიმინაცია ენობრივი ნიშნით გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 200 -დან 500 ლარამდე, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში- 500 ლარიდან 1 500 ლარამდე.
დანაშაულის განმეორების შემთხვევაში ფიზიკურ პირზე ჯარიმის ოდენობა 500 დან 1 500 ლარამდე გაიზრდება, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში ჯარიმა 3000 ლარის ოდენობით განისაზღვრება.
ამავე კანონის მიხედვით, ქართული სალიტერატურო ენის ნორმების დარღვევისათვის ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას ექვემდებარებიან მასობრივი ინფორმაციის საშუალებები. ჯარიმა პირველ ჯერზე 1 000-დან 5 000 ლარამდე, ხოლო განმეორების შემთხვევაში 10 000 ლარამდე იზრდება.
ცვლილებები შედის “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონშიც. კერძოდ, კანონპროექტის მიხედვით, პირი, რომელიც სახელმწიფო ენას არ ფლობს, საჯარო სამსახურში ვერ დასაქმდება.
“საჯარო მოხელის სამსახურში მიღებისას სახელმწიფო ენის ცოდნის მოთხოვნა ისეთივე აუცილებელი და მნიშვნელოვანი უნდა იყოს, როგორც განათლებისა და პროფესიული საქმიანობის კანონით დადგენილი მოთხოვნები,”- ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.
რაც შეეხება “მაუწყებლობის შესახებ” კანონს, ცვლილებების მიხედვით, მაუწყებელმა თავისი საქმიანობა უნდა წარმართოს სახელმწიფო ენაზე, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა. მაუწყებელში შეიძლება გამოყენებული იქნას არასახელმწიფო ენაც, თუმცა, საეთერო დროის არაუმეტეს 10%-ისა. მაუწყებელმა ასევე უნდა დაიცვას სახელმწიფო ენის მუდმივმოქმედი კომისიის მიერ დადგენილი ქართული სალიტერატურო ენის ნორმები.
ცვლილებები შედის “მეწარმეთა შესახებ” კანონშიც. კანონპროექტის მიხედვით, საფირმო სახელწოდებაში სახელმწიფო ენასთან ერთად შეიძლება გამოყენებული იქნას არასახელმწიფო ენაც. ხოლო სახელმწიფო ენაზე შერჩეული საფირმო სახელწოდება უნდა შეესაბამებოდეს კანონმდებლობით დადგენილ ქართულ სალიტერატურო ენის ნორმებს.



![84 დეპუტატი, ვინც „რუსულ კანონს“ მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა [სია]](https://netgazeti.ge/wp-content/uploads/2024/05/Untitled-design-2-9.jpg)



