ახალი ამბები

ე.წ. მანოკების გამოყენებით გადამფრენ ფრინველებზე ნადირობა იკრძალება

26 სექტემბერი, 2013 • 2777
ე.წ. მანოკების გამოყენებით გადამფრენ ფრინველებზე ნადირობა იკრძალება

სამინისტროს ინფორმაციით, ცვლილება შედის ცხოველთა სამყაროს ობიექტების, მათი სახეობების მიხედვით მოპოვების წესების, ვადებისა და მოპოვებისათვის დაშვებული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალის შესახებ” დებულებაში

 

უკანასკნელი წლების სტატისტიკამ აჩვენა, რომ ხმოვანი სიგნალების გამომცემი ელექტრო-იმიტატორების გამოყენებამ როგორც გადამფრენი, ასევე ენდემური სახეობების ფრინველთა  რაოდენობის მკვეთრი შემცირება გამოიწვია შემდეგი გარემოებების გამო:

 

ფრინველთა გამრავლების პერიოდში მათ მოსაზიდად და გასანადგურებლად ბრაკონიერები  აქტიურად იყენებენ  ხმოვანი სიგნალების გამომცემ ელექტრო-იმიტატორებს. ბრაკონიერების ტყვიას გადარჩენილი ეგზემპლარები შემდგომში მსგავსი ხმის გაგონებისას  ფრთხებიან, რაც  ხელს უშლის გამრავლების ბუნებრივ პროცესს;

 

ხმოვანი სიგნალების გამომცემი ელექტრო-იმიტატორების გამოყენებით ირღვევა გადამფრენ ფრინველთა მიგრაციის რეჟიმი. ხმოვანი იმიტაციის გამოყენება არასათანადო ფიზიკურ კონდიციამდე მისულ გადამფრენ ფრინველთა ცრუ მიგრაციას იწვევს. ფრინველები ფიზიკურად მიგრაციისათვის მზად არ არიან და გზაში იღუპებიან;

 

გადამფრენ ფრინველთა მიგრაციისას ხმოვანი სიგნალების გამომცემ ელექტრო-იმიტატორების გამოყენებით ხელოვნურად  ხდება ფრინველთა დიდი მასისთვის არახელსაყრელ, თუმცა ბრაკონიერებისთვის ხელმისაწვდომ ტერიტორიაზე დასმა და მათი  განადგურება.

 

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ 2013 წლის 17 აგვისტოდან (ნადირობის სეზონის დაწყებიდან) დღემდესულ გამოვლენილია უკანონო ნადირობის 48 ფაქტი, რომელთაგან 46 წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, ხოლო 2 შეიცავს სისხლიხს სამართლის დანაშაულის ნიშნებს. სულ დეპარტამენტის საქმიანობის მანძილზე (მიმდინარე წლის მაისიდან დღემდე) გამოვლენილია უკანონო ნადირობა/თევზჭერის 200-ზე მეტი ფაქტი”, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

 

მათივე ინფორმაციით, ცვლილებები დაახლოებით ერთ კვირაში შევა ძალაში. აკრძალვა შეეხება ავტონომიურ კვების წყაროზე მომუშავე ელექტრონულ მოწყობილობებსაც. არსებული საკანონმდებლო რეგულირებისაგან განსხვავებით, სამართალდამრღვევი დაჯარიმდება ელექტრონული მოწყობილობის გამოყენებისათვის იმ შემთხვევაშიც კი, თუ მას არ აღმოაჩნდება ცხოველთა სამყაროს უკანონოდ მოპოვებული ობიექტი.

 

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო მოუწოდებს მოსახლეობას, გაითვალისწინონ კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები და არ შეუქმნან საფრთხე ქვეყნის ბიომრავალფეროვნებას.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი