ახალი ამბები

PACE: სხვა არჩევნებთან შედარებით, ამჟამად უფრო კონკურენტული გარემოა შექმნილი

26 სექტემბერი, 2013 •
PACE: სხვა არჩევნებთან შედარებით, ამჟამად უფრო კონკურენტული გარემოა შექმნილი

 

დელეგაციის განცხადებით, საქართველოს აქვს შესაძლებლობა, ჩაატაროს საპრეზიდენტო არჩევნები, რომლის მიმართაც მოქალაქეებს ექნებათ ნდობა და რომელიც დააკმაყოფილებს ევროპის საბჭოს სტანდარტებს.

 

“ეს აღსანიშნავი მიღწევა იქნება ქვეყნისა და რეგიონისათვის. ამ მიზნით საარჩევნო კამპანიისას უნდა გამოირიცხოს პოლიტიკურად მოტივირებული ძალადობა ოპოზიციის მხარდამჭერთა მიმართ და მათი დაშინება, ყოველგვარი ზეწოლა არჩეულ თუ დანიშნულ თანამდებობის პირებზე, ვადამდე დატოვონ დაკავებული თანამდებობები, აგრეთვე, საარჩევნო პროცესში ნებისმიერი გაუმართლებელი ჩარევა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან. შესაბამისმა უწყებებმა უნდა გამოიძიონ საარჩევნო კამპანიისას გამოვლენილი ყველა სავარაუდო დარღვევა; მკაცრი და თანაზომიერი სანქციები უნდა გატარდეს, რათა მომავალში თავიდან იქნეს აცილებული დარღვევები და საზოგადოებას უნდა მიეწოდოს ინფორმაცია ამ მიმართულებით გატარებული ღონისძიებების შესახებ. დელეგაცია კმაყოფილებით აღნიშნავს, რომ ძირითად პოლიტიკურ ძალებს შორის არსებობს კონსენსუსი საარჩევნო კანონმდებლობასა და მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონში პარლამენტის მიერ 2013 წლის ივლისსა და აგვისტოში შეტანილი ცვლილებების თობაზე. ახლა გადამწყვეტია აღნიშნული ცვლილებების ეფექტიანი განხორციელება, კერძოდ, ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების აკრძალვა, ამომრჩეველთა დაზუსტებული სიების უზრუნველყოფა, ასევე, პოლიტიკური პარტიების და კანდიდატების დაფინანსებისა და ხარჯების გამჭვირვალობისა თუ კონტროლის საკითხებთან დაკავშირებით”, – ნათქვამია განცხადებაში.

 

დელეგაცია ასევე აღნიშნავს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მაღალპროფესიულ მუშაობას.

 

“საჭიროა კანონმდებლობის შემდგომი გაუმჯობესება, რათა  პოლიტიკური პარტიები უკეთ იყვნენ წარმოდგენილნი საარჩევნო კომისიების ყველა დონეზე”.

 

დელეგაცია შეწუხებულია საზოგადოებრივი მაუწყებლის გარშემო შექმნილი კონფლიქტური სიტუაციით. იგი მიიჩნევს, რომ წახალისებული უნდა იქნეს დებატები საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის. ამასთან, განცხადების მიხედვით, დელეგაციამ მიიღო ინფორმაცია უმცირესობათა მიმართ არაშემწყნარებლური დამოკიდებულების შემთხვევების შესახებ. ამასთან დაკავშირებით დელეგაცია დაუშვებლად მიიჩნევს ეთნიკური თუ რელიგიური ხასიათის დელიკატური საკითხების პოლიტიკური მიზნებით გამოყენებას, განსაკუთრებით ისეთ მრავალეთნიკურ საზოგადოებაში, როგორიც საქართველოშია.

 

PACE–ს დელეგაცია თბილისს სტუმრობდა 2013 წლის 23-26 სექტემბერს პარლამენტის თავმჯდომარის მოწვევით. იგი შეხვდა ძირითად საპრეზიდენტო კანდიდატებს, პრემიერ- მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, იუსტიციის მინისტრს, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანს, ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 32- წევრიანი სადამკვირვებლო მისია სრული შემადგენლობითსაქართველოში ჩამოვა 27 ოქტომბერს.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი