ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ეფრემ ეშბას დავიწყებული ისტორია

4 მარტი, 2018 • 4841
ეფრემ ეშბას დავიწყებული ისტორია

4 მარტს სოხუმში აფხაზეთის გასაბჭოებასა და წითელი არმიის შემოსვლას აღნიშნავენ. საქართველოსგან განსხვავებით, მენშევიკური ხელისუფლების მიერ ძალაუფლების დაკარგვა აფხაზურ მეხსიერებასა და ნარატივში  მიჩნეული არაა, როგორც “რუსული ოკუპაცია.” პოლიტიკურ აქტში მონაწილე ბოლშევიკებიც არა “ერის მოღალატეები,” არამედ გმირები არიან. უფრო მეტიც,  ნესტორ ლაკობა აფხაზური ნაციონალური იდენტობის ნაწილია. დროთა განმავლობაში მიიჩქმალა გასაბჭოების კიდევ ერთი ლიდერი – ეფრემ ეშბა.

ეფრემ ეშბას სახელი  თბილისში, ვაშლიჯვრის რაიონში, ერთ-ერთ ქუჩას ჰქვია. 1983 წელს მის ოფიციალურ გახსნაზე შეკრებილ საზოგადოებას აფხაზურ პოლიტიკურ ელიტებთან ერთად სიტყვით მომავალმა პრეზიდენტმა, სერგეი ბაღაფშმა მიმართა, რომელივ  იმჟამად კომუნისტური პარტიის ოჩამჩირის რაიონის პირველი მდივანი იყო.   

საზეიმო ლენტი მოქანდაკე მარინა ეშბამ გაჭრა. მასვე ეკუთვნის ეფრემ ეშბას სკულპტურა სოხუმში.  

ამ ამბებიდან 9 წლის მერე  ქართულ-აფხაზური კონფლიქტის დროს ქართველმა მეომრებმა რამდენიმე აფხაზი საზოგადო და პოლიტიკურ მოღვაწის ძეგლს ტყვია „შუბლში დააჭედეს“. მათ შორის იყო ეფრემ ეშბას  მონუმენტი, რომელსაც დღემდე ეტყობა ნატყვიარები.  ვინ იყო ეფრემ ეშბა და როგორ  შემორჩა თბილისის ტოპონიმიკას?  რა როლს თამაშობს ის აფხაზურ კოლექტიურ მეხსიერებაში?

ეფრემ ეშბა და ნესტორ ლაკობა ტოლები იყვნენ, ორივე 1893 წელს დაიბადა. ორივემ საკუთარი პოლიტიკური კარიერა რევოლუციურ მოძრაობაში აქტიური მონაწილეობით შეიქმნა.  ლაკობა აფხაზი ერის ნაციონალური იდენტობის სიმბოლოა, ხოლო ეშბა – ნაკლებად. თუმცა 1923 წლამდე, რევოლუციისა და აფხაზეთის გასაბჭოებისათვის ბრძოლაში ეშბა გაცილებით გავლენიანი იყო, ვიდრე ლაკობა. უფრო მეტიც, 1983 წელს, როდესაც ორივე მათგანის დაბადების 90 წლისთავი აღინიშნებოდა, ლაკობასადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაცილებით პომპეზური იყო.

ეფრემ ეშბას ცხოვრება დიდი ცვლილებების ფონზე მიმდინარეობდა. ღარიბი აზნაურის ოჯახში დაბადებულმა სწავლა ჯერ სოხუმში, მოგვიანებით კი თბილისის გიმნაზიაში გააგრძელა.  ამ დროს ტფილისში პოლიტიკური ცხოვრება აქტიური იყო. რუსეთის იმპერია დიდი ცვლილებების მოლოდინში. უკმაყოფილება განსაკუთრებით ახალგაზრდებში იგრძნობოდა. პოლიტიკური დაძაბულობის ფონზე სხვადასხვა სასწავლებლებში ხშირად ხდებოდა მკვლელობები.  1910 წელს გიმნაზისტმა თავდგირიძემ ხანჯლით 3 ჭრილობა მიაყენა მასწავლებელ ტროიცკის, ეს უკანასკნელი ექიმის მოსვლამდე გარდაიცვალა. თავდგირიძემ კი საკუთარი საქციელი იმით ახსნა, რომ მისი გვარი შეურაცხყოფას არავის პატიობდა.

იმპერია მოახლოებულ საფრთხეს გრძნობდა და ცდილობდა მაქსიმალური კონტროლით წინ აღდგომოდა ცვლილებებს.  1913 წელს რომანოვების დინასტიის 300- წლიანი მმართველობა ზეიმით აღნიშნეს საქართველოში.  ჟანდარმერიის კანცელარიიდან პედაგოგებისადმი გაგზავნილ დოკუმენტებში გიმნაზიის მასწავლებლებს მკაცრად აფრთხილებდნენ, რომ კარგად უნდა შეესწავლათ მონაწილე გიმნაზისტები და ამის შემდგომ დაერთოთ მათთვის ნება სადღესასწაულო ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად. იგივე ეხებოდა საჯარო ლექციებს და თეატრში სპექტაკლზე დასწრების მსურველებს.  არასასურველი ადამიანები იქ არ უნდა შეპარულიყვნენ.  

სოხუმი; ფოტო: ნეტგაზეთი/მარიანა კოტოვა

პოლიტიკურ ცვლილებებათა გარიჟრაჟზე,  1909-1913 წლებში თბილისის ვაჟთა გიმნაზიაში სწავლობდა გიმნაზისტი ეფრემ ეშიბაია, ზუსტად ამ სახელი და გვარით იწერებოდა ის გიმნაზიის ჟურნალში. მხოლოდ რამდენიმე წლის მერე გახდა ის რევოლუვიონერი ეფრემ ეშბა.

თბილისის ვაჟთა გიმნაზია  ქალაქ ტფილისის შუაგულში, გოლოვინის (დღევანდელი რუსთაველის) პროსპექტზე მდებარეობდა, რომელიც უშუალოდ ემეზობლებოდა სობოროს (ეკლესია დღევანდელი პარლამენტის შენობის ადგილზე). ამ გიმნაზიაში მოსწავლეთა ეროვნული შემადგენლობა ძალიან ჭრელი იყო. მათ გიმნაზიის შესაბამის კლასიკურ განათლებას აძლევდნენ და ლათინურსა და ძველ ბერძნულსაც კი ასწავლიდნენ. სოციალური თვალსაზრისით გიმნაზია ყველასთვის არ იყო განკუთვნილი, ის საზოგადოების მაღალი წრის, თავდააზნაურთა შვილებისათვის იყო ხელმისაწვდომი. თუმცა სოციალური წარმომავლობა და არსებული ფინანსური შესაძლებლობები ხშირად განსხვავდებოდა ერთმანეთისაგან. მოგვიანებით, პარტიისათვის საკუთარი ბიოგრაფიის წარდგენისას, ეშბამ ხაზი გაუსვა მის ხელმოკლეობას და იმას, რომ სოციალური წოდება მას პრივილეგიებს არ ანიჭებდა.

ეფრემს არ ჰქონდა იმის ფუფუნება, რომ ცალკე ექირავებინა ბინა თბილისში, ამიტომ ის გაბაშვილის ქუჩაზე მდებარე გიმნაზიის პანსიონატში ცხოვრობდა. თავის გასატანად კერძო გაკვეთილებს ატარებდა. შემოსავლის ნაწილს ოჯახს უგზავნიდა.  ატესტი 1913 წელს მიიღო და სწავლა პეტერბურგის უნივერსიტეტში გააგრძელა.  

იმპერიის დედაქალაქში თბილისში დაწყებული საქმე გააგრძელა და მარქსისტულ წრეებს შეუერთდა. გახდა რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის წევრი.  ვერ დაამთავრა უნვიერსიტეტი და მთელ დროს რევოლუციას უთმობდა.

ბოლშევიკურ პარტიაში იოსებ სტალინი ნაციონალურ საკითხებში ითვლებოდა „ექსპერტად“ და ამ პრობლემაზე ის ბევრს წერდა და მუშაობდა. ეფრემ ეშბა შეგვიძლია ჩრდილო-კავკასიის მცოდნედ მივიჩნიოთ. ის ამ რეგიონში ხშირად სტუმრობდა და 1926-1927 წლებში ჩეჩნეთის კომუნისტური პარტიის პირველი მდივანიც კი იყო.

1917 წლის რევოლუციიდან მცირე დროში რუსეთში სამოქალაქო ომი დაიწყო. ბოლშევიკები პოლიტიკურ ძალაუფლებისათვის ბრძოლაში ძალიან აქტიურობდნენ. 1918 წელს ტრაპეზუნტიდან სევასტოპოლისკენ მომავალი გემი „დაკია“ სოხუმში ღუზაზე გაჩერდა. მეზღვაურები ნაპირზე გადმოვიდნენ. სადაც მათ კონფლიქტი მოუვიდათ მეფის არმიის ოფიცერ ნიკოლოზ ემხვართან. ემხვარმა ერთ მეზღვაური მოკლა და თავად გაიქცა. შემდგომ ნიკოლოზ ემხვარი დაიჭირეს და გადასცეს სამხედრო ტრიბუნალს, რომლის მოსამართლეც ეფრემ ეშბა იყო. ისტორიის ეს იპიზოდი კარგად აქვს აღწერილი ლეო ქიაჩელს „ჰაკი აძბაში“. ნაწარმოების ერთ ერთი გმირი, სოხუმის თავის სამსონ დავანაძის ახლო მეგობარი, „მუშათა, გლეხთა და ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭოს თავმჯდომარე,  ძველი რევოლუციონერი, ნაციმბირალი და სხვა მრავალი ღირსებით შემკული კაცი“ ნარიქ ეშბა დიდ ალბათობით ეფრემ ეშბას პროტოტიპია. აფაზეთში ბოლშევიკების პოზიციები ძლიერი არ ყოფილა.  1919 წელს ადგილობრივი თვითმართველობების, ერობების არჩევნებში აფხაზეთის 4 მაზრიდან მხოლოდ 1 ბოლშევიკური პარტიის წარმომადგენელი იქნა არჩეული კოდორის მაზრაში.   

ეშბას ყველაზე დიდი პოლიტიკური მოწინააღმდეგე მაინც ქართველი მენშევიკები იყვნენ.  ის გენერალ მაზნიაშვილის და ჯუღელის შენაერთებთან ბრძოლის შედეგად იძულებული იყო დაეტოვებინა აფხაზეთი და თავი ჩრდილო-კავკასიისთვის შეეფარებინა. პარტიულ ბიოგრაფიაში აღწერდა, რომ წინააღმდეგობების გადალახვის შემდეგ მან მიაღწია მოსკოვს,  იქ მიიღო პარტიული ინსტრუქცია და  ფინანსები, რათა დახმარებოდა მეთერთმეტე წითელ არმიას.

ეშბა არ ყოფილა „რევოლვერიანი ბოლშევიკი“. ის უფრო მეტად პარტიაში შემავალ ინტელიგენციას წარმოადგენდა.  იშვიათად გამოდიოდა სხდომების დროს სიტყვით. მისი გამოსვლები რადიკალური იდეებით და შეხედულებებით არ გამოირჩეოდა.

1921 წლის 4 მარტის, აფხაზეთის გასაბჭოების შემდეგ ეშბასა და ნესტორ ლაკობას შორის ღია დაპირისპირება დაიწყო. ორი ახალგაზრდა აფხაზი, რომლებიც იმჟამად 28 წლის იყვნენ, იბრძოდნენ პირველობისათვის საკუთარ რესპუბლიკაში. მათ არ ჰქონდათ ამბიცია, ყოფილიყვნენ ლიდრები თბილისში და თუნდაც კავკასიაში. მათი ბრძოლის უმთავრეს ინტერესს აფხაზეთში ძალაუფლებისათვის ბრძოლას წარმოადგენდა.  

1922 წელს შეიქმნა ახალი სახელმწიფო, ამიერკვაკსიის საბჭოთა სოციალისტური ფედერაცია, ხოლო მისი უმაღლეს მმართველობით ორგანოში, სამხარეო კომიტეტში ეფრემ ეშბაც შედიოდა.  ეს ძალიან მაღალი თანამდებობა იყო, რადგან ამ კომიტეტს უნდა დამორჩილებოდა საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის ბოლშევიკური პარტიები. ამავე დროს, მან  დაიკავა აფხაზეთის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი.

ბოლშევიკურ პარტიაში ხშირად ტარდებოდა წევრთა შემოწმება, რომელსაც პარტიულ წმენდას უწოდებდნენ. პარტიის სრულფასოვანი წევრობისათვის აუცილებელი იყო კარგი ბიოგრაფიისა  და რეკომენდატორების ყოლა.  ეშბას საუკეთესო რეკომენდატორები ჰყავდა- პროფესიონალი რევოლუციონერები და ძველი ბოლშევიკები: ლადო დუმბაძე, სერგო ქავთარაძე და ფილიპე მახარაძე.  1927 წელს ტროცკიზმში ბრალდებული ეშბა აგრიცხეს პარტიიდან, 1934 წელს კი რეკომენდატორებს მოსკოვიდან მკაცრი დირექტივა მოუვიდათ, უარი ეთქვათ რეკომენდაციაზე პარტიაში აღსადგენად.

ძალაუფლების პიკში მყოფი ეშბას დაღმასვლა დაიწყო და ის ნელ-ნელა ჩამოსცილდა აფხაზეთს, საქართველოს და მოგვიანებით კავკასიასაც. პოლიტიკიდან ჩაჩოჩებული ადამიანების სასწავლებლად გაშვება ბოლშევიკებსაც ეხერხებოდათ და რევოლუციონერი სასწავლებლად მოსკოვში გაუშვეს. შემდეგ იმუშავა სავაჭრო წარმომადგენლობაში  ლონდონსა და ნიუ იორკში.  ბოლოს კი მოსკოვის გამომთვლელ მანქანათა ქარხნის საგეგმო განყოფილების უფროსი იყო. 1936 წელს დააპატიმრეს, 1939 წელს კი სასჯელის უმაღლესი ზომა სისრულეში მოყვანეს, მაშინ ის 46 წლის იყო.

მისი პოლიტიკური რეაბილიტაცია 1960-იან წლებში დაიწყო, ამაში კი დიდი წვლილი აფხაზ ისტორიკოს გიორგი ძიძარიას მიუძღვის. მიუხედავად მცდელობისა, ის მაინც ვერ გახდა აფხაზეთის ნომერ პირველი ეროვნული გმირი. ამის მიზეზი რამდენიმეა- ლაკობა დიდი ხანი, თითქმის 15 წელი იყო აფხაზეთის მმართველი, იყო აქტიური მონაწილე საბჭოთა ექსპერიმენტებისა და გარდაქმნების. მან მოახერხა, რომ „რევოლვერიანი ბოლშევიკიდან“გარდაქმნილიყო ეროვნულ გმირად.  ჰქონდა პირდაპირი კონტაქტი კობასთან – იოსებ სტალინთან. ეშბა „ინტელიგენტ“ რევოლუციონერად და  სერგო ორჯონიკიძის კადრად დარჩა. საბჭოთა იერარქიულ მმართველობაში ამას მნიშვნელობა ჰქონდა. ეშბას კულტი არ ყოფილა აფხაზეთში, ლაკობასი კი იყო. ლაკობა გუდაუთელი, ანუ „ნამდვილი“ აფხაზია, ეშბა ბედიადანაა, აღმოსავლეთ აფხაზეთიდან, გიმნაზისტობის დროს ეშიბაია.

ყველაზე მთავარი მაინც ბოლო აკორდია. ლაკობას ბურუსით მოცულმა სიკვდილმა თბილისში ის აქცია აფხაზეთისათვის წამებულ გმირად და „პირსისხლიანი“ ბერიას მსხვერპლად. ხოლო ვინაა ეშბა ? ძველი ბოლშევიკი, რომელთა მსგავსი ათასობით დახვრიტეს დიდი ტერორის დროს, და მხოლოდ სტატისტიკის ნაწილებად დარჩნენ.  

მასალების გადაბეჭდვის წესი