ახალი ამბები

ჯანდაცვის კომიტეტმა დეკრეტული შვებულების ვადის გაზრდას მხარი დაუჭირა

26 სექტემბერი, 2013 •
ჯანდაცვის კომიტეტმა დეკრეტული შვებულების ვადის გაზრდას მხარი დაუჭირა

წარმოდგენილი კანონპროექტები მშობიარობის და ბავშვის მოვლის, ასევე, ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულების აღებას შეეხება. დეპუტატებმა ხმათა უმრავლესობით კანონპროექტების პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით განხილვას მხარი დაუჭირეს. 

“ჯანდაცვის კომიტეტზე განვიხილეთ მეორე მოსმენით. კანონპროექტები იქნა მხარდაჭერილი. ეს კანონპროექტი დაჩქარებული წესით განიხილება და ხვალ პლენარულ სხდომაზე გავიტანთ. შემდეგ უკვე დარჩება რედაქციული ხასიათის  ცვლილებები და შენიშვნები თუ იქნება, მესამე მოსმენაზე გავა,”-ამბობს კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე.

ცვლილებების მიხედვით, ორსულობის, მშობიარობის და ბავშვის მოვლის გამო შვებულება 477 დღიდან 730 დღემდე იზრდება. ორსულობის, მშობიარობის და ბავშვის მოვლის გამო შვებულებიდან ანაზღაურებადი ხდება 183 დღე, ნაცვლად 126 დღისა, ხოლო მშობიარობის გართულების ან ტყუპების შობის შემთხვევაში, 200 კალენდარული დღე, ნაცვლად 140 დღისა. 

 

მოქმედი კანონმდებლობით, აღნიშნული დახმარება განსაზღვრულია არაუმეტეს 600 ლარის ოდენობით. თუმცა, მოცემული საკანონმდებლო ცვლილებებით, ანაზღაურებადი შვებულების პერიოდზე გასაცემი ფულადი თანხა შეადგენს არაუმეტეს 1000 ლარს. 

 

წარმოდგენილი კანონპროექტები პარლამენტმა გუშინ, პირველი მოსმენით მიიღო და მესამე მოსმენით დამტკიცების შემთხვევაში, ის 2014 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი