პარლამენტის მხარდაჭერის შემთხვევაში, ოთხშვილიანი ოჯახები სახელმწიფოსგან თვეში 20-20 ლარს მიიღებენ, ყოველ მომდევნო ბავშვზე კი 10 ლარი დაემატებათ. დახმარება ელექტროენერგიის სუბსიდირებას მოხმარდება. კანონპროექტის ინიციატორი საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტია. კანონპროექტის ავტორების თქმით, ცვლილებები დაახლოებით 12 000 ოჯახს შეეხება, რომელსაც 4 ან მეტი შვილი ჰყავს და რომელთა სარეიტინგო ქულაც 300 000-ს არ აჭარბებს.
როგორც ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა, კანონპროექტის მიზანია სახელმწიფოს მხრიდან მრავალშვილიანი ოჯახის სტატუსის განსაზღვრა და მხარდაჭერა.
დიმიტრი ხუნდაძის თქმით, კანოპროექტი დაახლოებით 12 000 ოჯახს შეეხება და მისით მხოლოდ სოციალურად დაუცველი 4 ან მეტშვილიანი ოჯახები არ ისარგებლებენ:
“ჩვენი მიზანია, სამიზნე ჯგუფი გახდეს 4-შვილიანი ოჯახები და მათზე განხორციელდეს მხარდამჭერი და შვების მომცემი პროექტები. მაგალითად, ერთ ინიციატივაზე უკვე გვაქვს ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმება რომ ელექტროენერგიის სუბსიდირება მოხდეს. ყოველ მეოთხე ბავშვზე ოჯახმა მიიღოს 20 ლარის სუბსიდია, ყოველ შემდეგ ბავშვს კი დაემატება 10 ლარი” – თქვა დიმიტრი ხუნდაძემ კომიტეტის სხდომაზე.
დეპუტატის თქმით, კანონპროექტი ასეთი ოჯახების დიდ რაოდენობას შეეხება. კერძოდ, სერვისით ისარგებლებენ 4 ან მეტშვილიანი ოჯახები, რომელთა სარეიტინგო ქულაც 300 000-ს არ აჭარბებს:
“300 000 ქულამდე ოჯახის საშუალო თვიური შემოსავალი 1 000-დან 3 000 ლარამდეა. ასეთი ოჯახის თვიური კომუნალური ხარჯი 500-დან 1000 ლარამდე მერყეობს. კანონპორექტის მიხედვით, 4-შვილიანი ოჯახს სახელმწიფო წელიწადში 240 ლარით დაეხმარება, ყოველ მომდევნო ბავშვზე კიდე წელიწადში 120 ლარით მეტს მიიღებენ. ჩვენ გვესმის, რომ ეს ბევრი არაა, თუმცა მნიშვნელოვანი შეღავათი იქნება” – თქვა ხუნდაძემ.
დეპუტატის თქმით, მიღების შემთხვევაში კანონპროექტი დაავალდებულებს მთავრობას, შეიმუშაოს ასეთი ოჯახებისთვის სტატუსის მინიჭების სისტემა და დააწესოს სხვადასხვა სერვისები. როგორც ხუნდაძემ განაცხადა, კანონპროექტის ფარგლებში შეხვედრები სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებთან მიმდინარეობს, რათა სერვისები გაფართოვდეს:
“ჩვენ გვაქვს სამინისტროებთან მოლაპარაკებები. სხვადასხვა სერვისების დანერგვისთვის. მაგალითად, სახელოვნებო და სპორტულ წრეებზე რომ ჰქონდეთ ხელმისაწვდომობა ბავშვებს მრავალშვილიანი ოჯახებიდან. ამ კანონპროექტით, ჩვენ ვაჩენთ ვალდებულებას მთავრობისთვის, რომ 1 ივნისამდე სტატუსის მინიჭების სისტემა და სოციალური პაკეტები შექმნას” – ამბობს დეპუტატი.
*მასალა დაზუსტდა. თავდაპირველ ვერსიაში ეწერა, რომ ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმების შედეგად, კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, 4 შვილიანი ოჯახები 20 ლარს მიიღებდნენ, რის შემდეგად “ნეტგაზეთი” დაუკავშირდა დიმიტრი ხუნდაძეს, რომელმაც განმარტა, რომ ეს თანხა ელექტროენერგიის სუბსიდირებას მოხმარდება. ყოველ მომდევნო ბავშვზე კი ოჯახი სუბსიდიის სახით კიდევ 10 ლარს მიიღებს.