ახალი ამბები

ბორჯომის მერი: თანამშრომლებს ანაზღაურება საკრებულის თავმჯდომარის გამო არ მიუღიათ

1 მარტი, 2018 • 2373
ბორჯომის მერი: თანამშრომლებს ანაზღაურება საკრებულის თავმჯდომარის გამო არ მიუღიათ

ბორჯომის მერი ლევან ლიპარტია მუნიციპალიტეტში კრიზისის შექმნაში ადანაშაულებს საკრებულოს ოპოზიციონერ თავმჯდომარეს, ზაზა ჩაჩანიძეს.

“უკვე რამდენიმე თვეა ბორჯომის მუნიციპალიტეტში კონკრეტული ძალები ხელოვნურად ცდილობენ კრიზისის შექმნას. უკანასკნელი 3 თვის მანძილზე ბორჯომის მუნიციპალიტეტის თანამშრომლებს არ მიუღიათ კუთვნილი ანაზღაურება, რაც საკრებულოს თავმჯდომარის, ზაზა ჩაჩანიძის და მისი გავლენის ქვეშ მყოფი საკრებულოს წევრების დესტრუქციული ქმედებების შედეგია,” – აცხადებს ბორჯომის მერი ლევან ლიპარტია.

როგორც ლიპარტია გავრცელებულ განცხადებაში განმარტავს, ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარეს, ზაზა ჩაჩანიძეს, ვიწროპარტიული ინტერესები აქვს, ხოლო მსგავსი დესტრუქცციული ქმდებები მუნიციპალური სამსახურების გამართულ საქმიანობას აფერხებს.

“რიგ პოლიტიკურ ძალებს სურთ, რომ მოსახლეობა შეცდომაში შეიყვანონ, ისინი საუბრობენ, რომ თითქოს მე მსურს საკუთარი თანამდებობრივი სარგოს გაზრდა და სწორედ ამის გამოა ბორჯომში მსგავსი ვითარება შექმნილი. მიუხედავად იმისა, რომ თანამდებობრივი სარგოს ზრდას კანონი ითვალისწინებს, როგორც მუნიციპალიტეტის დემოკრატიულად არჩეული მერი, მზად ვარ, უარი ვთქვა საკუთარ ანაზღაურებასთან დაკავშირებულ ცვლილებაზე,” – აღნიშნავს ბორჯომის მერი.

მისივე განცხადების მიხედვით, ლიპარტია მიმართავს საკრებულოს თავმჯდომარესა და მის მხარდაჭერებს, უარი თქვან დესტრუქციულ ქმედებებზე, რათა მერიის თანამშრომლებს მოვალეობების სრულყოფილად განხორციელებაში საშუალება მიეცეთ. 

იმის გამო, რომ ბორჯომის საკრებულოს უმრავლესობაში მყოფი ოპოზიციური პარტიები არ ამტკიცებენ მერიის საშტატო ნუსხასა და ხელფასებს. დათმობაზე არ მიდის ქართული ოცნებაც. მერიის თანამშრომლებმა გუშინ, 28 თებერვალს, საკრებულოს მუშაობის პარალიზება მოახდინეს. საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატები აცხადებენ, რომ ისინი ეწინააღმდეგებიან მერიის მაღალჩინოსნებისთვის ხელფასების მომატებას. დღეს, 1 მარტს კი, საკრებულოს შენობასთან გამოჩნდა სპეცდანიშნულების რაზმი და პოლიცია. ისინი დეპუტატებს საკრებულოს შენობაში შესვლის საშუალებას არ აძლევენ. ბორჯომის მერია და საკრებულო, ფაქტობრივად, პარალიზებულია.

მასალების გადაბეჭდვის წესი