ახალი ამბები

ბორჯომის საკრებულოში დეპუტატებს ამ დრომდე არ უშვებენ

1 მარტი, 2018 • 2202
ბორჯომის საკრებულოში დეპუტატებს ამ დრომდე არ უშვებენ

ბორჯომის საკრებულოს დეპუტატებსა და მოქალაქეებს საკრებულოს შენობაში სამართალდამცავები ამ დრომდე არ უშვებენ. ინფორმაცია “ნეტგაზეთს” შინაგან საქმეთა სამინისტროში მიაწოდეს.

როგორც უწყება განმარტავს, პოლიციელების მხრიდან მოქალაქეებისა და დეპუტატების არშეშვება მათივე უსაფრთხოების დაცვის მიზნით ხდება და “პოლიციის შესახებ” კანონის 25-ე მუხლს ეფუძნება. ამ მუხლით, პოლიციის წარმომადგენელი უფლებამოსილია პირს მოსთხოვოს გარკვეული ადგილის განსაზღვრული დროით დატოვება, ან აუკრძალოს კონკრეტულ ტერიტორიაზე შესვლა, თუ ეს აუცილებელია საფრთხის თავიდან ასაცილებლად.

“სამხრეთის კარიბჭის” ინფორმაციით, პოლიციელებმა შენობაში არც საკრებულოს თავმჯდომარე ზაზა ჩაჩანიძე შეუშვეს, რომელიც მიიჩნევს, რომ მსგავსი ქმედება პოლიციის მხრიდან უკანონოა.

“კანონს უნდა იცავდნენ და ამ შემთხვევაში არღვევენ. ახსნა–განმარტებასაც არ იძლევიან. რაც შეეხება ოქმებს, სანამ ვერ შევალ მე შენობაში, ვერაფერზე ვისაუბრებ”, – განუცხადა მედიას ჩაჩანიძემ.

რაც შეეხება “ქართული ოცნების” წარმომადგენლებს, როგორც ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს “ქართლი ოცნების” ფრაქციის თავმჯდომარემ, ირაკლი კვირიკელიამ “რუსთავი 2”-ის ეთერში განაცხადა, დღეს, 5 საათზე, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობასთან აქციას გეგმავენ, ამ დროისთვის კი ბოიკოტი აქვთ გამოცხადებული.

“საკრებულოს სხდომაზე კვორუმი შედგა, 17 ადამიანი ესწრებოდა სხდომას, მათ შორის 13 ქართული ოცნების წევრი, ხოლო 4 – პატრიოტთა ალიანსის. უმრავლესობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ამ ადამიანებს ხელფასის მომატება ეკუთვნით, რომ ბორჯომში ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტები განახორციელონ. უბრალოდ, ზაზა ჩაჩანიძე კანონის სრული იგნორირებით ოქმს ხელს არ აწერს, ” – განაცხადა მან.

როგორც “ნეტგაზეთს” შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, ამ დროისთვის შენობაში იმყოფებიან ადმინისტრაციის, შემოსავლებისა და განათლების რესურსცენტრის თანამშრომლები. უწყების თქმითვე, პოლიცია აღნიშნულ თანამშრომლებს შენობის დატოვებისკენ არ მოუწოდებს.

სიტუაცია ბორჯომში მას შემდეგ დაიძაბა, რაც გუშინ, 28 თებერვალს, საკრებულოს უმრავლესობაში მყოფმა ოპოზიციურმა პარტიებმა მხარი არ დაუჭირეს მერიის თანამშრომლებისთვის ხელფასების გაზრდას. საპასუხოდ, ქართული ოცნების წევრებმა და მერიის თანამშრომლება საკრებულოსა და მერიის მუშაობა შეაჩერეს.

 

გუშინ, 28 თებერვალს, ბორჯომში საკრებულოს სხდომა გაიმართა, რომელიც ხმაურისა და ფიზიკური დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა. საკრებულოს მერიის თანამშრომლების საშტატო ნუსხა და სახელფასო ანაზღაურება უნდა დაემტკიცებინა. რამდენიმეთვიანი ბოიკოტის შემდეგ, სხდომაზე მმართველი გუნდის, „ქართული ოცნების“ 11 დეპუტატიც შევიდა. თუმცა, მიუხედავად ამ წარმომადგენლობითი დასწრებისა, ხელფასების საკითხი ვერც 28 თებერვალს გადაწყდა. 26 დეპუტატიდან საკითხის დამტკიცებას მხარი მხოლოდ “ქართული ოცნების” 11-მა დეპუტატმა დაუჭირა, 15 ოპოზიციონერი დეპუტატის უარის გამო საკითხი ჩავარდა, რასაც ხმაური მოჰყვა. დეპუტატები ერთმანეთს სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

“სამხრეთის კარიბჭე” წერს, რომ სხდომის დასრულების შემდეგ მერიის თანამშრომელთა ნაწილმა სავარძლებით ჩახერგა საკრებულოს თავმჯდომარის კაბინეტის შესასვლელი კარი და ამბობდნენ, რომ იქამდე არ გაათავისუფლებენ შესასვლელს, ვიდრე საკრებულო ხელფასების საკითხს არ გადაწყვეტს. თანამშრომელთა მეორე ნაწილმა კი მერიის შენობის წინ გამართა აქცია. ბორჯომის მერიაში მუშაობა პარალიზებული იყო.

მოგვიანებით, ბორჯომში “ნაციონალური მოძრაობის” წევრი ნიკა მელიაც ჩავიდა. მისი თქმით, ის საკრებულოს თავმჯდომარის, “პატრიოტთა ალიანსის” წევრის, ზაზა ჩაჩანიძის მხარდასაჭერად ჩავიდა. მელიას გამოჩენას ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.

გვიან ღამით, 14-საათანი არეულობის შემდეგ, საკრებულოს თავმჯდომარემ ზაზა ჩაჩანიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ საღამოს ჩატარებული სხდომა, სადაც ხელფასების საკითხი განიხილეს, არალეგიტიმურია და ამ საკითხე განმეორებით ერთი კვირის შემდეგ იმსჯელებენ.

“სამხრეთის კარიბჭის” ინფორმაციით, ამ წლისთვის მერიაში თანამშრომელთა ხელფასები ასე განსაზღვრეს: მუნიციპალიტეტის მერი – 3450 ლარი; პირველი მოადგილე – 2 400 ლარი; მერის მოადგილე – 2 300 ლარი და სამსახურების უფროსები – 2000-2000 ლარი. საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატები, რომლებიც ბორჯომში უმრავლესობას ქმნიან, ხელფასების გაზრდილ ოდენობებს მხარს არ უჭერენ, რის გამოც ხელფასების საკითხი ვერ მტკიცდება და თვითმმართველობის 125 თანამშრომელს დღემდე არ აუღია იანვრის ხელფასი. ბორჯომის საკრებულოში უმრავლესობა არა “ქართულ ოცნებას”, არამედ ოპოზიციურ პარტიებს აქვთ.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი