ახალი ამბები

ზაზა ჩაჩანიძე: “პატრიოტთა ალიანსს” არ მოსწონს, რომ კოჭს არ ვუგორებთ “ოცნებას”

22 მარტი, 2018 •
ზაზა ჩაჩანიძე: “პატრიოტთა ალიანსს” არ მოსწონს, რომ კოჭს არ ვუგორებთ “ოცნებას”

ბორჯომის საკრებულოს 15-მა დეპუტატმა თავმჯდომარის, ზაზა ჩაჩანიძის გადადგომის მოთხოვნით თვითმმართველობის აპარატში განცხადება შეიტანა. ხელმომწერებს შორის 13 “ქართული ოცნების”, 2 – “პატრიოტთა ალიანსის” წევრია.

ბორჯომის საკრებულო სულ 28 წევრისაგან შედგება. 13 წევრი ჰყავს ქართულ ოცნებას, 11 – პატრიოტთა ალიანსს, 2 წევრი ერთიან ნაციონალურ მოძრაობას და თითო-თითო წევრი ლეიბორისტებსა და ევროპულ საქართველოს.

ჩაჩანიძე, რომელიც საკრებულოს თავმჯდომარედ “პატრიოტთა ალიანსის” სახელით აირჩიეს, აცხადებს, რომ ბოლო პერიოდში პარტია თვითმმართველ ორგანოში “ქართულ ოცნებას” ლობირებს.

“[პატრიოტთა ალიანსს] არ მოსწონს ხისტი დამოკიდებულება “ქართული ოცნების” მიმართ. ეს არის მათი პრობლემა. ის წარმოიშვა ხელფასების არაზომიერი მატების საკითხიდან. როგორც კი ეს საკითხი დადგა, “პატრიოტთა ალიანსს” არ მოეწონა, რომ კოჭს არ ვუგორებთ ოცნებას. აქედან დაიწყო ყველაფერი”, – განუცხადა ჩაჩანიძემ “ნეტგაზეთს”.

მისი თქმით, პარტიის დეპუტატი, საპარლამენტო უმცირესობის წევრი გიორგი ლომია რამდენიმე დღის წინ პირადად შეხვდა და სთხოვა, ბორჯომის მერიის თანამშრომელთა ხელფასების მატების გადაწყვეტილებისთვის მხარე დაეჭირა.

“ირმა ინაშვილს არ შევხვედრივარ, რადგან იმ პერიოდში სტრასბურგში იმყოფებოდა. 4-5 დღის წინ შევხვდი გიორგი ლომიას, რომელმაც მითხრა, რომ დაგვეჭირა მხარი ხელფასების საკითხზე “ოცნების” შემოთავაზებისთვის, რასაც ჩვენ არ ვეთანხმებოდით”.

ინფორმაციის გადასამოწმებლად “ნეტგაზეთი” გიორგი ლომიასაც დაუკავშირდა. ის ამბობს, რომ მსგავსი რამ ჩაჩანიძისთვის არ უთქვამს.

“ეს სიცრუეა, მე ასეთ დირექტივებს არ ვიძლევი. ჩვენ შეხვედრა გვქონდა ვისაუბრეთ იმ პოლიტიკურ კრიზისზე, რომელიც ბორჯომში შეიქმნა. ამაზე ვისაუბრეთ მე ვთქვი, რომ მოქნილი პოლიტიკოსი კრიზისამდე საქმე არ მიიყვანს. ამაზე იყო საუბარი და არა იმაზე ხელფასებს მხარი დაუჭირონ თუ არა. ხელფასების თემას ჩვენც არ ვეთანხმებოდით”, – ამბობს ლომია.

ჩაჩანიძის ინფორმაცია “პატრიოტთა ალიანსის” ერთ-ერთმა ლიდერმა გოჩა თევდორაძემაც უარყო და აღნიშნა, რომ პარტიის ცენტრალური რგოლი საკრებულოს გადაწყვეტილებებში არ ერევა.

“როცა ბორჯომის საკრებულოში ინციდენტი მოხდა, მაშინაც განვაცხადეთ, რომ საკრებულოს შიდა გადაწყვეტილებებში არ ვერევით. საკრებულოს უნდა ჰქონდეს მეტი თავისუფლების ხარისხი და ასეთ დროს თვითმმართველობას პარტიული ინტერესები თავს არ უნდა მოახვიო. ერთი კი ფაქტია: პარტია ყოველთვის მეტ პასუხისმგებლობას გრძნობს, როდესაც არსებობს ერთი მუნიციპალიტეტი, სადაც ვართ უმრავლესობაში.

…როდესაც ამ პასუხისმგებლობას ვგრძნობთ, ჩვენი საკრებულოს წევრების მიმართ მოთხოვნაც მეტია. აქედან გამომდინარე, ზაზა ჩაჩანიძესაც მეტი პასუხისმგებლობა ჰქონდა ამ სიტუაციის ნორმალიზების კუთხით.

თუ საკრებულოს წევრები ამას თვლიან, თავისთავად ცხადია, ამ საკითხს დააყენებენ, თუმცა პარტიის მხრიდან რაიმე სახის მითითება არ ყოფილა. ვისურვებთ, რომ ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარე იყოს ჩვენი წარმომადგენელი, იქნება ეს ჩაჩანიძე თუ სხვა და თავი გავართვათ იმ პრობლემებს, რომლებიც ქალაქის წინაშეა”, – განაცხადა თევდორაძემ.

თავმჯდომარის გადაყენების საკითხს ბორჯომის საკრებულო 28 მარტს განიხილავს.

“სამხრეთის კარიბჭის” ინფორმაციით, საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატები, რომლებიც ბორჯომში უმრავლესობას ქმნიან, მერიისთვის ხელფასების გაზრდილ ოდენობებს მხარს არ უჭერენ, რის გამოც ხელფასების საკითხი ვერ მტკიცდება.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი